საქმიანი და წარმატებული ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ჟურნალიტი: ჟანა ასანიძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ ვრცელი და განსხვავებული ინტერვიუ ჩაწერა.
–გაეცანით ჟანა საზოგადოებას, გვიამბეთ თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ, როგორ მოხვედით დღემდე….
-პროფესიით ფილოლოგი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი, ვკითხულობდი ლექციებს კავკასიის ბიზნეს უნივერსიტეტში, ჩემი სახელი და გვარი ყოველთვის ჟურნალისტიკასთან ასოცირდებოდა.ხშირად მიფიქრია, რა სპეციალობის ვიქნებოდი, რომ არა ჟურნალისტი და ერთადერთი, რა სპეციალობასთანაც ვარ დაახლოებული, ალბათ დიპლომატიაა, რადგან ჩემს სფეროში დიპლომატიური ნიჭი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.იმის მიუხედავად, რომ ჩემი ,,მწარე ენის“ გამო ხშირად მსაყვედურობენ, ეს ხელს არ მიშლის ადამიანებთან სტაბილურ ურთიერთობაში, რადგან მისი დაბალანსების უნარიც მაქვს.ხშირად მქონია შემთხვევები, როცა რესპონდენტისთვის ისეთი მწარე კითხვა დამისვამს, რაც პირდაპირ კავშირში იყო გულის ინფარქტთან, თუმცა ისე ვაბალანსებდი ამას, რომ ინფარქტამდე არ მიდიოდა. მოგეხსენებათ, ფილოლოგი ქართული ენის მრავალფეროვნებაში დახელოვნებული ვარ, შესაბამისად, საჭირო სიტყვებს ყოველთვის ვპოულობ ხოლმე. კარიერა ბეჭდური მედიით დავიწყე, იყო საინფორმაციო სააგენტო, შემდეგ ტელევიზია, პროექტები, უკვე 4 წელია, რაც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ.როცა მეკითხებიან, შენი წარსული როგორ დათმეო, ვამბობ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ვერასდროს განვთავისუფლდები იმ მოგონებებისგან, რომელიც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან დღეს თუ შევდექი, როგორც ადამიანი, მეტწილად სწორედ ამ პერიოდის დამსახურებაა.უბრალოდ, არის რაღაც პერიოდი, როცა ადამიანი ცხოვრებაში არჩევანს აკეთებს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჟურნალისტიკა, ისევე, როგორც სამოდელო სფერო, დროებითია და რადიკალური ნაბიჯის გადადგმის ეტაპი აუცილებლად დგება-თქო.სამოდელო სფეროშიც მაქვს გამოცდილება, რომელზეც რატომღაც დღემდე მიწევს ახსნა-განმარტების მიცემა. მაგალითად, უკვე 5-ჯერ მეცვა სადედოფლო კაბა, რომელიც, ცხადია, იყო სარეკლამო ხასიათის, ერთ-ერთ საქორწილო სალონს ვუკეთებდი რეკლამას, რატომღაც ზოგიერთმა ჩათვალა, რომ 5-ჯერ დავქორწინდი. მოგეხსენებათ, ჩემს სფეროში ჭორებისა და მითქმა-მოთქმები ჩვეულებრივი ამბავია, ამ ჭორის ჩათვლით იმდენი ჭორი მომისმენია ჩემზე, რომ ხშირად დავფიქრებულვარ, ლოგიკას მოკლებულ ამბავს როგორ იჯერებენ ადამიანები-თქო. თუმცა უნდა მიცნობდე კარგად, რომ რაღაც დაიჯერო, რაღაც-არა. ახლა ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, რომ ჭორებიც შემცირდა და ძველებურადაც აღარ განვიცდი.
-ჭორები ჩვენს სფეროში მართლაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თავს როგორ იცავთ ხოლმე?.. ხომ არ გაქვთ შემუშავებული რაღაც ტაქტიკა?..
-სიმართლით. ეს არის იარაღი, რომელიც ყოველთვის ამართლებს. გულწრფელი ადამიანი ვარ, არასდროს ვიტყუები და საურთიერთოდაც ასეთ ადამიანებს ვირჩევ.ვაფასებ გულწრფელობას, რაც არ უნდა მტკივნეული მოსასმენი იყოს, ვერ და არ ვეგუები ლამაზ ტუილს, რადგან ჩემთვის ტყუილი ლამაზი არასდროს არაა, ის ღალატია, რომელიც მისპობს გრძნობებს ადამიანებთან.
-ჟანა, როგორ გგონიათ, რა არის საქმიანი ქალის წარმატების ფორმულა?.
-თავდაუზოგავი მუშაობა და გამუდმებული კონცენტრაცია, ფოკუსირება იმ საქმეზე, რომელიც ორიენტირად გაქვს. როცა სკოლა დავამთავრე, იმ დროს არჩეულ მიზნამდე ისე მივედი, გზიდან არასდროს გადამიხვევია. თავიდანვე შეგნებული მქონდა, რომ მხოლოდ ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების შესაებლობა მექნებოდა კარიერის შესაქმნელად. ბევრჯერ დავეცი, მაგრამ ავდექი უფრო ძიერად, ბევრჯერ ვიტირე, მაგრამ ჩუმად, მაგრამ ეს არავის დაუნახავს, ოჯახის წევრებსაც კი, ბევრჯერ მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მაღალი ტემპერატურით ვიტანჯებოდი,მაგრამ საქმისთვის არ მიღალატია არასდროს. თითოეული დღის გეგმა მკაცრად გავწერე, რომ დღევანდლამდე მომეღწია. რომ არა შრომა, დღეს ვერ შევდგებოდი. ვიცოდი,რომ ეს დღე დადგებოდა, როგორც ახლა ვარ. ვგრძნობდი, რომ მიზნამდე ახლოს ვიყავი და ამ მიზანს ყოველდღიურად უნდა დავახლოვებოდი.
-სად გადაკვეთა თქვენმა საქმიანობამ თქვენი პირადი ცხოვრება?..
-ეს გადაკვეთა ბუნებრივად ხდებოდა. ზოგადად არ ვარ ქალი, რომელიც პირადი ცხოვრების გამო დათმობს ყველას და ყველაფერს. პირადი ცხოვრება უნდა მილამაზებდეს ყოველდღიურობას, მაბედნიერებდეს საყვარელი ადამიანის არსებობა. თუ ის ჩემთვის ტვირთია, მაშინ ამ ტვირთისგან გათავისუფლების გზას ვირჩევ, რადგან ცხოვრებაში ბედნიერება უალტერნატივოა. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ არ შეიძლება ქალი, ღამით ცრემლებისგან ბალიშს ასველებდეს, ვერ იძინებდეს, უბედური იყოს და დილას რამე ღირებულ პროდუქტს ქმნიდეს. მიმაჩნია, რომ უბედური ქალი ვერც კარგ შვილებს გაზრდის, სტრესულ გარემოში ცხოვრება შეუძლებელია. ადამიანი ერთხელ იბადები და აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი. მე არ ვარ ქალი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეინარჩუნებს ადამიანს, რომ უბრალოდ გვერდით ჰყავდეს. არც მესმის იმ ქალების, ვისზეც ქმარი ძალადობს და ოჯახის დანგრევის ეშინიათ. ურჩევნიათ, დალურჯებულ თვალებზე ტონალური კრემი წაისვან, სამაგიეროდ ,,ოჯახი შერჩებათ“. ასეთ გარემოში ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვები არ იზრდებიან და თუ ქალი საკუთარ თავს არ შველის, რადგან ის, როგორც მსხვერპლი, ასეთად დაიბადა და გაცნობიერებული აქვს, შვილზე მაინც უნდა იფიქროს.
-ჟანა, გენდერულ თანასწორობაზე რა აზრის ბრძანდებით?.. ვინ უნდა დომინირებდეს ოჯახში…
-მიმაჩნია, რომ ოჯახში ქალს და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ და სულაც არ უნდა იყოს სირცხვილი, თუ ქალის ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მამაკაცი გაიზიარებს. ის უფრო დიდი სირცხვილია, თავისი ,,ვითომ მამაკაცური“ პოზიციით რომ ამართლებს არასწორ გადაწყვეტილებას. ღმერთმა მომცა ნიჭი, განათლება, გამოცდილება, დამოკიდებულებები, ანალიზის უნარი და არ მესმის, რატომ არ უნდა მომისმინოს მამაკაცმა? იმიტომ, რომ ქალი ვარ? როგორ გეკადრებათ, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის.
-როგორ ფიქრობთ, ოჯახი მამაკაცმა უნდა არჩინოს?..
-არა, ოჯახზე პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს ქალსა და მამაკაცს შორის. ხშირად ქალები ამ გზას თავისი ნებით ირჩევენ, რაც არ მესმის. ორივე რეალიზებული უნდა იყოს, ოჯახში რაიმე ნივთის ყიდვაც თანაბრად უნდა გაიზიარონ, გადაწყვეტილებებიც თანაბრად უნდა მიიღონ. თუ მეუღლე ჩემი მეორე ნახევარია, ის სწორედ ისე უნდა მოიქცეს, როგორც მეორე ნახევარს შეეფერება. შვილის გაზრდაშიც ორივე თანაბრად უნდა მონაწილეობდეს და ოჯახურ საქმეებშიც ორივეს ჩართულობა უნდა იყოს.
-უამრავ წარმატებულ ადამიანს იცნობთ, შესაბამისად, წრეც ასეთი გყავთ, ალბათ ადვილია საუბრობდე იმ წრიდან, რომელიც ელიტას ქმნიან ქალაქში და გარკვეული ნაწილი წაიკითხავს ინტერვიუს და იფიქრებს, რომ რა ენაღვლება წარმატებულ ქალს?..
-ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ჩემთვის თანაბრად ღირებულია დამლაგებელი და თანამდებობის პირი, განსხვავება მათ შორის მხოლოდ ისაა, რომ ვიღაცას მეტად გაუმართლა ცხოვრებაში, ვიღაცას-ნაკლებად, მაგრამ ქალს ერთადერთს, რასაც ვერასდროს გავუგებ, ისაა, რომ საკუთარი თავის ფასი დაკარგოს. მიმაჩნია, რომ ქალი იმდენად ღირს, რამდენადაც მას აქვს ფასი საზოგადოებაში. შეიძლება, დაბალბიუჯეტიან სამსახურში მუშაობდე, მაგრამ ღირსების დიდი გრძნობა გქონდეს. სირცხვილი არასდროსაა სამსახური, ყველა სამუშაო ადგილი დასაფასებელია, სადაც პატიოსანი შრომით გაგაქვს თავი.არაფერი დაუშავებიათ იმ ქალბატონებს, ვინც სოფელში ცხოვრობს და ოჯახის მოვლითაა დაკავებული. საპატიოა, ცხოვრობდე სოფელში და ზრდიდე კარგ შვილებს. ქალი სადაც რეალიზებულია, იქ უნდა იყოს, ზოგი ოჯახში, ზოგი-საქმეში. დიდი დიასახლისობით არ გამოვირჩევი, მაგრამ ვეთაყვანები კარგ დიასახლისებს, ვისაც გემრიელი საჭმელებით შეუძლია თავის მოწონება.ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ქალს მოსთხოვო, ყველაფერი იცოდეს, მაგრამ რაც იცის, კარგად უნდა იცოდეს-ამის მოთხოვნა კი შეიძლება.
-ჟანა თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს წარმატებული ქალის ქმარი?..
-აუცილებლად ადეკვატური. უნდა ჰქონდეს შეგნებული, ვინ ყავს გვერდით, იცოდეს და ფლობდეს სწორ დამოკიდებულებებს, ერთი, რასაც ვერასდროს შევეგუები და წლების ნაშენები ურთიერთობის დანგრევას ერთი ხელის მოსმით შევძლებ, ღალატი და ტყუილია. აქ არც ლოგიკას ვეძებ და არც ახსნა-განმარტებებს მოვისმენ, დანარჩენ შემთხვევებში მოსმენა შემიძლია. კომპრომისზე საკუთარ სინდისთან და თავმოყვარეობასთან არასდროს მივდივარ.ის ფაქტი, რომ მატერიალურად ძლიერი და კარიერულად შემდგარი მამაკაცი ავირჩიო, ეს მეორეხარისხოვანია, რადგან წარმატებული ქალის გვერდით შეუმდგარი ვერც იქნები, ლოგიკაშიც არ ჯდება.
-თქვენი აზრით რატომ ენგრევათ წარმატებულ და საქმიან ქალებს ოჯახები?..
-მოდი, ასე ვთქვათ, წარმატება ბევრი რამის გადაფასებას იწვევს ხასიათშიც, ოჯახშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც. არ გაცვია ძველებურად, არ საუბრობ ძველებურად, არ ცხოვრობ ძველებურად, არ გყავს წრე, რომელიც ადრე გყავდა, იცვლებიან ადამიანები შენს ირგვლივ.ამას მეტ-ნაკლებად ეგუები შენ, მაგრამ შეიძლება ადაპტაცია გაუჭირდეს მეუღლეს, ამიტომ თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა ის, რომ მართლაც შენი მეორე ნახევარი იპოვო, რომელიც სწორად აუღებს ალღოს იმ ვითარებას, რაშიც გიწევს ცხოვრება. ცნობილი ფაქტია, რომ ქართველ მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი, შემდგარი ქალები, მაგრამ როცა ცოლად ირთავენ, მერე ვერ ეგუებიან. ეს იმის ბრალია, რომ მამაკაცებს ქალის დასაკუთრების სურვილი გენეტიკურად აქვთ, მაგრამ თუ ამ დასაკუთრებით მამაკაცს ყველაფერს აძლევ, მათ შორის წირავ კარიერას, უპირობოდ უსრულებ ყველა სურვილს, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ შენმა მსხვერპლშეწირვამ მხოლოდ კი არა, ისიც დაღუპა, რადგან დგება მომენტი, როცა შენ ჩვეულებრივ ქალად იქცევი და მამაკაცს შენს მიმართ ინტერესები აღარ რჩება. მე რომ მამაკაცი ვიყო, არც მე მომეწონებოდა ქალი, რომელიც არაფრითაა დაკავებული, არც განათლება და ინტერესები აქვს და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს.
-როგორია თქვენი აზრით წარმატებული და შეყვარებული ქალი?..
-ბედნიერი ქალი ყველაზე ლამაზიცაა, წარმატებულიც და ყველაზე მეტადაც შეუძლია იტრაბახოს იმით, რომ ცხოვრებაში გაუმართლა.ბედნიერი ქალი არ ბერდება, არ ტირის, ძინავს მშვიდად და ფიქრობს ხვალინდელ დრეზე, რომელიც ახალ-ახალ წარმატებებს მოუტანს. ბედნიერი ქალი სხვებსაც აბედნიერებს, სამყაროსაც ცვლის და ბევრ კარგ იდეებსაც სთავაზობს საზოგადოებას. მირჩევნია ვიწუწუნო შპალერის ფერზე, ვიდრე ვიწუწუნო იმაზე, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ უნდა ავიტანო, რომ ,,ჩემი ბედია“.
–როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას და ჩვენს პროექტს?.. გსმენიათ ამ რესტორნის შესახებ?..
-მე ვიცი, რომ პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება, ერთჯერადი არ არის. ბევრი მსგავსი წარმატებული პროექტი მინახავს თქვენგან და ამჯერად მისი მასპინძელი ,,ლაზიკაა“, რაც ფრიად მახარებს. მინდა, რომ ეს ადგილი ბევრი წარმატებული ადამიანის თავშეყრის ადგილად იქცეს და ხშირად მესმოდეს მისი სახელი. გისურვებთ ბევრ წარმატებას, ბევრ წარმატებულ პროექტს და კიდევ უფრო ბევრ ნოვაციას, რაც ყოველდღიურობის გალამაზებაში შეუწყობს ხელს ადამიანებს.
შეგახსენებთ, რომ ჟანა ასანიძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ჟანას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს დიდი ხანია თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ჟანა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ამავდროულად ძალიან პრინციპული, საკმაოდ ეპიტაჟური და სკანდალური ჟურნალისტი, რომელმაც საუცხოოდ იცის თავისი საქმე.