ხალხს ჩვენი მოსმენა აღარ უნდა, მათი შეხვედრებზე გამოყვანა გაჭირდება – რა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს ბორჯომში

„ხალხი იმედგაცრუებულია, მათ ჩვენ მოსმენა აღარ უნდათ, ჩვენი მხარდამჭერების გარდა, ხალხის შეხვედრებზე გამოყვანა გაჭირდება“, – უთხრეს „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა იმ შეხვერაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბორჯომში გაიმართა.

მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ბორჯომში 7 ოქტომბერს გამართა, საუბარი იყო საარჩევნო სამზადისსა და მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვაზე.

“2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ სიმართლემ ძალიან გააღიზიანა. ისინი ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან იმის დაზუსტებას ითხოვდნენ, კონკრეტულად რატომ და რის გამოა მოსახლეობა „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული. შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და „ოცნების“ ლიდერი იმედგაცრუებული დარჩა.

“2020NEWS”-მა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შეხვედრის მონაწილე დეპუტატებთან სცადა, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თედო ისაკაძემ კი, რომელიც ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა თედო ისაკაძე ბორჯომში შეხვედრას, გვიპასუხა, რომ ეს მისი საქმეა და ამის შესახებ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

“ჩემი საქმეა, ვესწრებოდი თუ არა შეხვედრას, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი კომენტარის გაკეთებას და ინტერვიუს მიცემას არ ვაპირებ”, – განუცხადა ისაკაძემ “2020NEWS”-ს.

რატომ იკავებენ ან რატომ გაურბიან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ლიდერები, უცნაური და გაუგებარია, მაშინ როდესაც, „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების ნდომა რომ დაბალია, ეს ისედაც აღიარებული ფაქტია. აღნიშნული შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიც იტყობინება, სადაც წერია: „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები – გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და პარტიის აქტივი ესწრებოდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს შეხვდა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.