მოსახლეობას უჭირს, მაგრამ ისინი არ არიან უკიდურეს გაჭირვებაში, ანუ სუნთქვა შესაძლებელია. მორიგი სასუნთქი წყაროს გადაკეტვა კი აუცილებლად გამოიწვევს ამომრჩევლის უკმაყოფილებას, მაგრამ პარალელურად, ამ ამომრჩევლის გადაბირება და მოსყიდვა ბევრად იოლი და რაც მთავარია, ბევრად იაფი იქნება.

ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის ქამრების შემოჭერა გადაწყვიტა. იმასაც გეტყვით, რომ ეს პროცესი კარგად გათვლილ-დათვლილია და მხოლოდ ხელისუფლების იდეა არ არის. ეს ურჩიეს პიარის იმ სპეციალისტებმა, რომლებიც უცხოეთიდან არიან მოწვეულები, რომლებსაც სოლიდურ თანხას უხდიან და რაც მთავარია, ეს ადამიანები შავი პიარის სპეციალისტები უფრო არიან, ვიდრე იმისა, თუ როგორ წარმოაჩინონ მცირედი საქმეები გრანდიოზულ პროექტებად. და მაინც, რა იგულისხმება ქამრების შემოჭერაში და როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე? რაც მთავარია, ყველაფერი იმდენად ბუნებრივად უნდა იყოს, რომ ამომრჩეველმა ეს ეტაპობრივად იგრძნოს და რა თქმა უნდა, ისიც საინტერესოა, რას ელოდება მმართველი გუნდი ქამრების შემოჭერიდან ზედ არჩევნების წინ?

 
„გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შემდეგ მიიღეს. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, უახლოეს მომავალში, საქართველოში სოლიდური ინვესტიციების განხორციელება არ იგეგმება. ამის თაობაზე მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდეს, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს აუცილებლად წამოსცდებოდა. ინვესტიციების არარსებობა კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ვერ გაიზრდება და ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება. უცხოური ვალუტის კრიზისი იმდენად თვალშისაცემია, რომ ხშირ შემთხვევაში, გადასახურდავებელ პუნქტებსაც კი არ აქვთ საკმარისი დოლარი და იძულებული ხდებიან, ბირჟაზე ივაჭრონ“, – გვეუბნება ერთ-ერთი იმ ექსპერტთაგანი, რომელიც სწორედ „ოცნებამ“ დაიქირავა, თუმცა არა შავი პიარის საკეთებლად, არამედ არსებული სიტუაციის შესაჯამებლად.

მისივე თქმით, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ ისინი არ არიან უკიდურეს გაჭირვებაში, ანუ სუნთქვა შესაძლებელია. მორიგი სასუნთქი წყაროს გადაკეტვა კი აუცილებლად გამოიწვევს ამომრჩევლის უკმაყოფილებას, მაგრამ პარალელურად, ამ ამომრჩევლის გადაბირება და მოსყიდვა ბევრად იოლი და რაც მთავარია, ბევრად იაფი იქნება. მმართველი გუნდის შიგნით არ მალავენ, რომ პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია, არ არსებობს ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მეტ-ნაკლებად მაინც გაუწევს კონკურენციას და აქცენტიც ამაზე კეთდება.

„საქსტატმა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია და არ მალავს, რომ პროდუქტები ყველა მიმართულებით გაძვირდა. არც ის არის დამალული, რომ მალე პარლამენტი რეგულაციებს ამკაცრებს და რამდენიმე რეგულაცია ისე გაამკაცრა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. საუბარი მშენებლობების რეგულაციებზეა. მაგალითად, თუ აქამდე საკმარისი იყო მშენებლობის ნებართვა, პროექტი და მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, ახლა საჭიროა გეოდეზისტების დასკვნა, საჭიროა მშენებლობის ეტაპებად დაყოფა და ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს, რომ შენება გეგმის მიხედვით მიდის, შემდეგ იგივე უნდა ქნას საექსპერტო ბიურომ და თუ მაგალითად აქამდე 100 კვადრატული მეტრი შენობისთვის საჭირო დოკუმენტაცია პროექტის გარეშე 200-300 ლარი ჯდებოდა, ახლა ეს ყველაფერი მინიმუმ ხუთი ათასი ლარი დაგიჯდებათ. მსხვილმა მშენებლებმა ხმა ვერ გაიღეს, რადგან ან ფინანსური ჩაუჯდებათ, ან ზედამხედველობა გააწამებს, წვრილ-წვრილი მეწარმეების კი არავის ესმის. კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელიც მაგალითად მძღოლებს ელოდებათ, ის გახლავთ, რომ მალე ტექდათვალიერების გასავლელად, აუცილებელი იქნება კატალიზატორის არსებობა. გავაგრძელო?“ – მრავალმნიშვნელოვნად გვკითხა ჩვენმა წყარომ.

 
სხვათა შორის, პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელი გაძვირება ჩვენ დავაანონსეთ და ისიც ავხსენით, თუ რატომ, როგორ და როდის მოიმატებდა ფასები. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიეს, ტყუილებს წერთ, არც საცავებშია კატასტროფული მდგომარეობა, ექსპორტიორებთანაც ურთიერთობა გარკვეული გვაქვსო და ამის მიუხედავად, ზუსტად დავამთხვიეთ არამარტო ფასების ზრდის ტენდენცია, არამედ დროც – ოქტომბრის პირველი კვირა.

ავტომობილებისა და კატალიზატორის თემა ცალკე სასაუბროა. საქართველოში ბოლო დროს უამრავი ავტომობილი შემოდის და უქმეებზე, რუსთავის ავტობაზრობაზე 3-დან 4 ათასამდე ავტომობილი იყიდება. მყიდველთა 95% სომხეთის მოქალაქეა და ამას თავისი მიზეზი აქვს. 2020 წლის 1 იანვრიდან, სომხეთში განბაჟების გადასახადი კატასტროფულად იზრდება და ეს იცის ყველამ. ამიტომ, ჩვენი მეზობლები მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველოდან რაც შეიძლება ბევრი ავტომობილი გაიყვანონ და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა სწორედ მანქანების ჩამოყვანა-გაყიდვაზეა გადასული. რაც მთავარია, სომხები კატალიზატორს ყურადღებას არ აქცევენ, ჩვენთან კი კატალიზატორის ფასი 400 ლარიდან იწყება და 700 ლარამდე ადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთში გაყიდული მანქანების ას პროცენტს, კატალიზატორი მოჭრილი აქვს. დაახლოებით ისე, როგორც საქართველოში არსებული მანქანების უმრავლესობას, ბევრს, როცა ძალიან გაუჭირდა, სწორედ კატალიზატორი გაყიდა და იმით გაიტანა რამდენიმე კვირა თავი.

დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც ორ სამუშაოზე მუშაობას კრძალავს, დიდი ალბათობით პარლამენტი განსახილველადაც არ გაიტანს, რადგან ამ ინიციატივას მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი ნეგატივი მოჰყვა. ვინც არ დაკვირვებია, ახლა დააკვირდეს – მთელი 7 წლის განმავლობაში, დღევანდელი ხელისუფლება ჯერ ახმოვანებს მოსალოდნელ ცვლილებას, შემდეგ ამომრჩევლის რეაქციას ელოდება და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ცქიტიშვილის იდეამ აშკარად არ გაამართლა და მას ცოტა, უფრო რბილი აკრძალვით შეფუთავენ – ზეგანაკვეთური სამუშაო 2 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. ანუ, რედაქტორი თუ მეტყვის, სამსახურში 9-მდე დარჩი და რომან გოცირიძე ზეგანაკვეთურად მოიხსენიეო (კი იცით ბატონო რომან, როგორ გვიყვარხართ), შემიძლია უარი ვუთხრა და რვაზე სახლში წავიდე. თუ მაინცდამაინც, რომანის ხსენება ზეგანაკვეთურადაც და ისეც, გზაშიც შემიძლია, ტრანსპორტშიც და სახლშიც. მე თქვენ გეტყვით, არ ამყვება ვინც გაიგონებს დიდი რომანის ხსენებას თუ რა? ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ის ადამიანები, რომლებიც დამატებით შემოსავალს სწორედ ზეგანაკვეთური შრომით შოულობდნენ, ვეღარ იშოვნიან. თუმცა, სჯობს ისევ ჩვენს ექსპერტს დავუბრუნდეთ.

„გამოითხოვეთ სტატისტიკა და ნახავთ, ბოლო სამ კვირაში რამდენი შპს, რამდენი მცირე მეწარმე და რამდენი მაღაზია დაჯარიმდა სოლიდური თანხით. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იძულებული გახდნენ, პროდუქცია გააძვირონ, სხვა გზა რომ არ ჰქონდეთ და ხალხი ხელს ხელისუფლებისკენ ნაკლებად გაიშვერს. თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ პრობლემების მოგვარებას მაქსიმალურად ცდილობს, აგერ, ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებულად ითვლება, ამ თემას აღარავინ ახსენებს, იქეთ რამდენიმე პროექტი დაიწყო, რომელიც სოფლის მეურნეობასა თუ ტურიზმში იაფ კრედიტებს ითვალისწინებს (თუმცა კრედიტები ლარშია და არავინ იცის, მის ამღებს ერთ ან ორ თვეში რამდენის დაბრუნება მოუწევს), ანუ ხელისუფლებას სათქმელი აქვს. ხელისუფლებას შემდეგშიც ექნება სათქმელი, როცა არჩევნები მოვა, იქ პენსიის გაზრდა, იქ სოციალური შეღავათები, მაგრამ მოსახლეობა იმდენად იქნება გაღარიბებული, რომ ხმას იაფად დათმობს და გათვლაც სწორედ ამაზეა“, – გვეუბნება ექსპერტი.

როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე დახარჯული თანხა მიღებულ ხმებზე რომ გადაანაწილეს, გაირკვა, რომ თითო ხმა ხელისუფლებას დაახლოებით 200 ლარი დაუჯდა, რაც ძალიან ძვირია. შესაბამისად, ხელისუფლება მარჟის დაწევას ცდილობს და ისე ჩანს, ეს მცდელობა წარმატებული იქნება.
alia

კომენტარები ფეისბუქიდან