საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს ოფიციალური ვიზიტით 15 ოქტომბერს ეწვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.

ეს სომხეთში გახარიას პირველი ვიზიტი იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში. მან საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაიკავა.

„ბატონი გახარია სომხეთს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით 15 ოქტომბერს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, იქნებიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის მინისტრები და ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები“, – განაცხადა მკოიანმა „Sputnik-სომხეთთან“ ინტერვიუში.

გახარიამ თავისი რეგიონული ვოიაჟი აზერბაიჯანით დაიწყო, სადაც ის 9 ოქტომბერს გაემგზავრა. ერევნიდან პრემიერი თურქეთში გაემგზავრება.

გახარია ერევანს ორჯერ სტუმრობდა: საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – 2017 წლის ივნისში და შს მინისტრის რანგში – 2018 წლის თებერვალში.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

კომენტარები ფეისბუქიდან