ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი — სააკაშვილის გამოხმაურება ბოკერიას ინტერვიუზე

“ოლიგარქის ხელის ბიჭი” — ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას კრიტიკას. მთავარი არხის ეთერში ბოკერია საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი განცხადება მთელ ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს და ამომრჩეველში ნიჰილიზმს იწვევს.

“თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი; საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები; მებრძვის მე ფორმულით — “ყველას მინუს მიშა”, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!” — წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა სააკაშვილმა მიულოცა იაროსლავ კაჩინსკის პოლონეთის არჩევნებში გამარჯვება და დაამატა:

“გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!”

მიხეილ სააკაშვილსა და ევროპულ საქართველოს შორის ურთიერთობა ხელახლა მაშინ დაიძაბა, როცა სააკაშვილმა ბოკერია “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან” დისტანცირებაში დაადანაშაულა.ამას ევროპულ საქართველოში კრიტიკა მოყვა, ნაციონალურ მოძრაობაში კი პარტიის ლიდერს გამოესარჩლენ. პარტიის წევრმა, ნიკა მელიამ, რომელიც თავიდან ამ საკითხის შეფასებისგან თავს იკავებდა,მოგვიანებით განაცხადა, რომ ბოკერიას სტრატეგიული მიზანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციაა.

კომენტარები ფეისბუქიდან