“ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ხაშურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და იმ ქალს მიმართავს, რომელმაც, ქმრის მიერ მოკლულ გოგონაზე თქვა, რომ “ვინც კაცი წინ იტლიკინებდა , იმას რაღაც მოხვდებოდა”

“იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, რამხელა ჩაგვრის გამოცდილება დგას ამის უკან და ისიც, რომ ტყუილის კი არა, ამ მკაცრი რეალობის გჯერათ და ითვალისწინებთ. ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში!” – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, სასტიკი მკვლლელობა ხაშურში 2 დღის წინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგოს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგოლაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები ფეისბუქიდან