საქართველოდან (პირდაპირი გზით) 700 კილომეტრით არის დაშორებული სირიის ის ტერიტორია, სადაც თურქეთმა პოზიციები დაიკავა.

საქართველოდან (პირდაპირი გზით) 700 კილომეტრით არის დაშორებული სირიის ის ტერიტორია, სადაც თურქეთმა პოზიციები დაიკავა. ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის დროს – ერთმანეთის პირისპირ ახლა რუსეთი და თურქეთი აღმოჩნდნენ. ყველაფერი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

რაც უფრო იზრდება დაძაბულობა სამეზობლოში, ასევე იზრდება შიში საქართველოშიც. რა ხდება სირიაში? რამდენად დიდია რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების გამწვავების შანსი და არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?

რა უნდა თურქეთს და რა გააკეთეს სირიელმა ქურთებმა?

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. საჰაერო თავდასხმებს მალევე მოჰყვა სახმელეთო შეტევაც. თურქეთის არმიამ დაიკავა არაერთი ქალაქი თუ სოფელი.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე მერყეობს. მათ შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გაეროს შეფასებით, დევნილად იქცა 130,000-მდე ადამიანი.

თურქეთის გაცხადებული მიზანია:

უკან დაახევინოს ქურთთა შეიარაღებულ დანაყოფებს („სირიის დემოკრატიული ძალები“), რომლებსაც ის ერთ-ერთ უმთავრეს მტრად გამოცხადებული ორგანიზაციის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად თვლის;შექმნას ე.წ. „უსაფრთხოების სარტყელი“ 480 კილომეტრზე სირიის საზღვრის გასწვრივ და 32 კილომეტრზე სირიის ტერიტორიის სიღრმეში.

ეთნიკური ქურთები (დაახლოებით 30 მილიონი) კომპაქტურად ოთხ ქვეყანაში ცხოვრობენ – თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში. ისინი ათეულობით წელია განიცდიან დევნასა და შევიწროვებას მათ შორის – თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. ქურთთა ამბოხებები თურქეთში ათწლეულებს ითვლის. ანკარა ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა ქურთების სეპარატისტულ მიზნებზე და წლების განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა მათ სამხედრო ძალითაც ერაყისა თუ სირიისტერიტორიაზე.

ქურთებს წლების განმავლობაში დევნიდა სირიის ხელისუფლება და ასე იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის პირობებშიც. თუმცა მოკავშირე ამერიკელების უკან დახევით გაწბილებულმა ქურთმა მებრძოლებმა დახმარება ისევ ასადის რეჟიმსა და მის მფარველს – რუსეთს სთხოვეს.

radiotavisupleba.