ქურდული გარჩევა ქსნის ციხეში – 26 წლის პატიმარი ჯგუფურად სცემეს

ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. “მთავარის” ინფორმაციით, ანრი ყურაშვილს ე.წ. კრიმინალური გარჩევისას ჯგუფურად გაუსწორდნენ.
ახალგაზრდა ამ წუთებშიც მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყურაშვილის ოჯახს პენიტენციური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქსნის ციხეში, საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
“მთავარი” კომფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევა წავკისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, რა დროსაც დათო და ალექსანდრე ფეიქრიშვილები მოკლეს.
აღნიშნულ დანაშაულში ყურაშვილს დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ და ამ მუხლითაც გასამართლდა.
შეგახსენებთ ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ნიკოლოზ აბულაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა, რომელმაც საქართველო დატოვა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე კი სამარტოო საკანშია.
“ნიუპოსტი” პენიტანციური სამსახურისგან ელოდება ოფიციალურ კომენტარს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“ნიუპოსტი”