გაირკვა, რომ პრემიერმის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და არც სამღვდელოებისთვის არ გახსნილა მონასტრები…

– დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში იაფფასიანი ტყუილების თქმამ და შემდეგ ამ ტყუილებით მანიპულირებამ აპრობირებული პრაქტიკის სახე მიიღო. მაგალითად, ამას წინათ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ლავროვთან შეხვედრისას ერთ-ერთი საკითხი ოკუპაცია იყო, მერე კი გაირკვა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავთ. ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია თავისი უსუსურობის შენიღბვაზე. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მცდელობა არათუ დადებითშედეგიანი არ არის “ოცნებისთვის”, პირიქით – უფრო ამძაფრებს მისდამი მოსახლეობის უნდობლობას. სხვათა შორის, იმ ცრუ განცხადებამ, რომ თითქოს 11 ოქტომბრიდან მონასტრები სამღვდელოებისთვის გაიხსნებოდა და ხელისუფლება ამით, მოგეხსენებათ, ძალიან კმაყოფილი იყო, ერთი ისტორიული ფაქტი გამახსენა, რომელსაც მოკლედ მოგიყვებით: 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და თურქებმა დაიკავეს, დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა. დაიხურა ეკლესიები, მონასტრები და ერთადერთი, ვისაც აია სოფიას ტაძარში შესვლის უფლება ჰქონდა, სასულიერო პირები იყვნენ. სამღვდელოებას შეეძლო, შესულიყო, სანთელი დაენთო, ელოცა და მღვდელმსახურება აღესრულებინა, მრევლს – არა, მაგრამ ერთხელ, აღდგომას, მოსახლეობამ გაბედა და მივიდა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე. მოხდა ასეთი რამ: ერთმა ეპისკოპოსმა, სახელად იოანემ, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ მიელოცა აღდგომა, გამოვიდა და ტაძარში მისულ ხალხს შესთავაზა: მოდი, ფორმალურად მუსლიმანობა ვაღიაროთ, აღარ შევიკრიბოთ წირვაზე და ჩვენი წინაპრების საფლავებზე ჩუმად ავანთოთ სანთლებიო. ამას კრიპტოქრისტიანობა ჰქვია და კრიპტოქრისტიანებად იწოდებოდნენ ბერძნები, რომლებიც ფარულად, კატაკომბებში აღასრულებდნენ ქრისტიანულ რიტუალებს. ეპისკოპოსის ამ მიმართვაზე ხალხი აღშფოთდა და უკან გაბრუნდა, ყველა იმედგაცრუებული და გულგატეხილი იყო. შემდეგ ეს ადამიანი უსაქციელობაში ამხილეს და გააძევეს ქალაქიდან… იცით, როგორ დაასრულა სიცოცხლე? საკუთარმა ძმამაც არ მიიღო. ბოლოს მუსლიმანებმა შეიპყრეს, სიკვდილით დასაჯეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. მერე კი დაასაფლავეს, მაგრამ საფლავის ქვაზე მიაწერეს სიტყვები: “არც თქვენი, არც ჩვენი”. ე.ი. არც თურქების და არც ბერძნებისო… დღემდე არსებობს ეს ქვა მუზეუმში. ყველა იმ ხელისუფალს, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ატარებს სახელმწიფოსთვის საზიანო პოლიტიკას, თმობს ერის კულტურულ მემკვიდრეობას, სიწმინდეს და ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს, მოსახლეობას გაუჩინოს განცდა, რომ ეკლესია-მონასტრების გახსნა მხოლოდ სასულიერო პირებისთვის თურმე წინგადადგმული ნაბიჯია, სიცოცხლეშივე შეიძლება მივუძღვნათ ეპიტაფია: არც აზერბაიჯანის და არც საქართველოსი… რა განცხადებებითაც არ უნდა სცადოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დაბრმავება, ყველა ხედავს, რომ მონასტრებს ვკარგავთ და განმკითხავი არავინაა.

დეკანოზი გიორგი (რაზმაძე)