“ეს უპრეცენდენტო იქნებოდა”, – ამბობს ბრაიზა.- “დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა კვიპროსთან მიმართებაში, როცა ის ევროკავშირის წევრი გახდა, მაგრამ შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა თავისი კანონების მოქმედება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე. ევროკავშირში კი მთლიანად, ქვეყანაა მიღებული. დაახლოებით იგივე ვარიანტია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც: ტექნიკურად და იურიდიულად ამ ნაწილებთან ერთად იქნება საქართველო ალიანსის წევრი, მაგრამ მე-5 მუხლის მოქმედება ამ რეგიონებში შეჩერებული იქნება”.
“თუ თვალსაჩინო იქნება, რომ საქართველო გარდაუვლად გახდება ნატოს წევრი, რუსეთი ვერაფერს გააკეთებს”, – დარწმუნებულია ბრაიზა.
მისი თქმით, თუ საქართველო მოინდომებს ამ სცენარზე მოლაპარაკებებში ჩართვას, მას მოუწევს, გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს ალიანსის ძირითადი ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ. მისი თქმით, საქართველომ დახურულ კარს მიღმა, ვაშინგტონთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა გაიგოს, არის თუ არა თანახმა აშშ, სათავეში ჩაუდგეს ამ პროცესს.
“საკუთარი არხებით ვიცი, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ბუში საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ლობირებდა, მაგრამ ინიციატივა გერმანიის კანცლერმა მერკელმა დაბლოკა. შესაძლოა, იგივე განმეორდეს. ალიანსის იმ წევრებს შორის, რომლებიც მოწადინებული არიან რუსეთს ანგარიში არ გაუწიონ, გერმანელები მუდამ ყველაზე მეტად სკეპტიკოსები იყვნენ. და ეს გასაგებია, თუ გერმანიის დრამატულ ისტორიას გავითვალისწინებთ”, – თქვა “ჯორჯია თუდეისთან” ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ.
“ბუქარესტის სამიტმა, გარკვეულწილად, წითელი ალმის როლი შეასრულა პუტინისთვის: “იმოქმედე ახლა, თუ არადა, ძალიან გვიან იქნება. და ისიც ამოქმედდა…”, – ამბობს მეთიუ ბრაიზა.
“არ მგონია, რომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი ძალას გამოიყენებს, უფრო პირიქით – ის ვერაფერს გააკეთებს. სწორედ ამიტომ იყო საშინელი ბუქარესტის სამიტი: იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთვის მაპი მიგვეცა და გვეთქვა, რომ ის მალე გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ორაზროვნება ავირჩიეთ.
მეთიუ ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავს არიდებენ რუსეთთან დაპირისპირებას.
“ყოველ ჯერზე, როცა წარმოიშვება შეიარაღებული კონფლიქტი, ისინი მოუწოდებენ დიალოგისკენ, ამბობენ, რომ დამნაშავეა ორივე მხარე, მაგრამ 2008 წელს, საქართველოსთან მიმართებაში ბრალი მხოლოდ ერთ მხარეს მიუძღვის: რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო შეტევა – ამაში სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები დარწმუნებული. საქართველომ კი, სამწუხაროდ, ისეთი რეაგირება მოახდინა, რამაც, საბოლოოდ, თავად დააზარალა”, – ამბობს ამერიკელი დიპლომატი.