„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ – ლევან კობერიძე

„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების“  დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.

ლევან კობერიძე „კომერსანტთან“ საუბარში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრები ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას და ამ ყველაფრის მიზეზი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გუნდის წევრების ჩამოუყალიბებელი პოზიციებია.

„დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი მყარად იცავს პოზიციას, რომ მხარს დაუჭერენ პროპორციული არჩვენების სისტემაზე გადასვლას. თუმცა, დღემდე არავინ, არც ჩვენ, არც მოსახლეობა, რეალურად ქართული ოცნება არ არის გარკვეული იმაში, რომ იმ ახალგაზრდების სამართლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდება ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, რომ არავინ არ მისცემს ქართულ ოცნებას იმის უფლებას, რომ ამ გზას გადაუხვიოს და პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს ქვეყანა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ვერ გაბედავს ქართული ოცნება მაგრამ ის, რომ საარჩევნო სიის ადგილებზე ბრძოლა დაიწყო, ეს უკვე ნათელია. 2020 წლის შიდა სიის ფორმირების და ბიძინა ივანიშვილის წინაშე თავის მოწონების პროცესი,  შეძახილებითა და აგრესიული რეპლიკებით მიმდინარეობს. ეს იყო მცდელობა, რომ დღის წესრიგი არეულიყო. თავიდანვე კობახიძემ დაიწყო ეკლესიაზე საუბარი, როცა არ იყო დღის წესრიგში ეს საკითხი. დირიჟორობას ამ ყველაფერს, კობახიძე უწევდა.  ამას ემატება ის მომენტიც, რომ სიის ფორმირება პარტიაში გამოაცხადეს და ყველა რაღაც ადგილს ეძებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენ არც ქართველი ხალხი არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ ერთი ნაბიჯით მაინც გადაუხვიოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გეგმას.“ – ამბობს ლევან კობერიძე.

შეგახსნებთ, რომ საპარლემნტო ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი. სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

 

ქართული ოცნების პროექტით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.

https://commersant.ge/