ირმა ინაშვილი – 43 952 რუსთაველი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მორიგი სახალხო გამოკითხვის შედეგები წარმოადგინეს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმში ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შემდეგ, მორიგი კვლევა ქალაქ რუსთავში ჩატარდა.

რუსთავში გამოიკითხა 56 000-ზე მეტი რუსთაველი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 45 000 ამომრჩეველზე ნაკლებმა რუსთაველმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც – 45 000 ნაკლებმა რუსთაველმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 78% – 43 952 რუსთაველი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას.
ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს.

პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა – 6%-მა. წინააღმდეგია – 15%.

გამოკითხულთა თითქმის 81% – 45 356 რუსთაველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით, ცხინვალთან-სოხუმთან და მოსკოვთან.
პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა – 6 %-მა, წინააღმდეგი აღმოჩნდა დაახლოებით- 14%.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გამოკითხვას სამხედრო მიუმხრობლობის თემასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გააგრძელებენ.

თბილისში ჩატარდება ასევე, მასშტაბური საყოველთაო გამოკითხვა და ეს შედეგები დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
რუსთავში გამოკითხვა აწარმოა 500 -ზე მეტმა მოხალისემ. შემდეგი კვლევა ქალაქ ქუთაისს მოიცავს