საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაარტყა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას

მოციქულ მარკოზის მიერ დაარსებულმა ალექსანდრიის ეკლესიამ უკრაინის ახალშექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის _ უკრაინული “რასკოლნიკების” აღიარების შესახებ განაცხადა. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს 2000-წლიანი ეკლესია ეგვიპტეშია, მის სათავეში ბერძნები დგანან. ალექსანდრიამ გადაწყვეტილება “რასკოლნიკების” “ძმებად” აღიარების შესახებ ათენის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, უფრო ზუსტად, იქ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ.

უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ერთი წლის წინათ უკრაინის “რასკოლნიკური” სტრუქტურების ბაზაზე შეიქმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერით, განაცხადა, რომ კიდევ ერთმა ეკლესიამ აღიარა. ეს არის 15 საყოველთაოდ აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიიდან ერთ-ერთი _ ალექსანდრიის ეკლესია.

“სიხარულით გამცნობთ კარგ ამბავს: უნეტარესმა მამამ, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თევდორე II-მ 8 ნოემბერს ეგვიპტის დედაქალაქის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგიის შესრულებისას პირველად მოიხსენია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის _ ეპიფანეს სახელი, როგორც უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრისა”, _ წერია უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდზე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდად დაამწუხრა თევდორე II-ის გადაწყვეტილებამ, _ განაცხადეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში.

ალექსანდრიის საპატრიარქო არის ავტოკეფალიური ეკლესია, რომელსაც ფორმალურად მეორე ადგილი უკავია მართლმადიდებლურ იერარქიაში. გადმოცემის თანახმად, ის დააარსა მოციქულმა მარკოზმა.

თევდორე II თავის დროზე ცნობილი იყო, როგორც პრინციპული დამცველი მართლმადიდებლობისა უკრაინაში. შარშან ის ჩავიდა ოდესაში და უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას მხარდაჭერა აღუთქვა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ახლა მან 180 გრადუსით შეიცვალა მიმართულება.

რუსი პოლიტიკოსები ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის “აღიარების აღლუმს”, რომელიც ბერძენმა იერარქებმა დაიწყეს, ვაშინგტონის მხრიდან პოლიტიკურ წნეხში მოქცევის შედეგს უწოდებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის, მაიკ პომპეოს, ათენში ვიზიტის შემდეგ სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმემ უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესია აღიარა. ამის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა იერონიმესთან ევქარისტული ურთიერთობა. ალექსანდრიის ეკლესიის ხელმძღვანელებიც ბერძნები არიან, თუმცა თვითონ ეკლესია ეგვიპტეშია.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან