ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერები და კულტურები ისე შეიძლება გაქრნენ, რომ მსოფლიო ამას ვერც შეამჩნევს. არანაირი ევროატლანტიკური  პერსპექტივა  საქართველოს  არ  აქვს. 

7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის  მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენციაზე ქვეყნის  ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და  მისწრაფებებზე ისაუბრა და განაცხადა,  რომ დღეს ამ პროცესს რუსეთი
 მძლავრი დეზინფორმაციით ებრძვის.  მისი თქმით, იმისთვის, რომ ამ  პროპაგანდამ თავის მიზანს ვერ  მიაღწიოს და სახელმწიფო  ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების  ნდობა  გამყარდეს, საჭიროა მოსახლეობის  სწორად ინფორმირება: “რუსეთი იყენებს ძალიან  დახვეწილ  ჰიბრიდულ მეთოდებს, ავრცელებენ  დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე,  რათა საზოგადოება კვებონ ამ  ყალბი  ინფორმაციით… ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ.  იდეაა ასეთი,  რომ თავდაცვის სამინისტროს 17 ყველაზე თანამედროვე ოფისს  გავხსნით ყველა რეგიონში, რაც,  პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ  ინფორმირებულობის დონესა და  სამხედრო სამსახურის პოპულარობას  გაზრდის…” 

ღარიბაშვილის განმარტებით, რომ არა “რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია”, რომელიც თურმე საზოგადოებას ცრუ წარმოდგენებს უქმნის ევროატლანტიკურ კურსზე, ხალხში გაცილებით მყარი იქნებოდა ალიანსში ინტეგრაციის რწმენა. მეტიც, მის (ღარიბაშვილის) რიტორიკას თუ დავუჯერებთ, ამავე პროპაგანდის შედეგია მოსახლეობაში არსებული მზარდი ანტილიბერალური განწყობებიც, თორემ რეალურად ქართველი ხალხი მზად არის, ხელაღებით მიიღოს დასავლეთიდან ნაკარნახევი ყველა ცვლილება…

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ალიანსის პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დროს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება, ნატოს ტვინის სიკვდილია: “ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ნატოს ტვინის სიკვდილი…” მისივე განმარტებით, ევროპამ უსაფრთოხების ახალი სისტემა უნდა შექმნას, რათა თავად ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად და მსოფლიოში მიმდინარე ძირეული გარდაქმნების ფონზე არ დაკარგოს “საკუთარი ბედის გაკონტროლების შესაძლებლობა…”

რა პერსპექტივა აქვს დღეს ნატოს  და რეალურია თუ არა თავდაცვის  მინისტრის განცხადება საქართველოს  ჩრდილოატლანტიკურ მომავალზე?  გვესაუბრება გენერალური შტაბის  ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამას წინათ  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ  საქართველოს ევროატლანტიკურ  პერსპექტივას რუსული პროპაგანდა  მძლავრი დეზინფორმაციით ებრძვის.  მისი თქმით, სახელმწიფო ამ  პროპაგანდას მოსახლეობის  ინფორმირებით უნდა დაუპირისპირდეს,  რაც თურმე,  ერთი მხრივ, საზოგადოებას  დაიცავს დეზინფორმაციის გავლენისგან,  ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის  ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. თუ რეალურია ეს განცხადება,  როგორ ფიქრობთ, სად ჩანს  ამ პროპაგანდის კვალი?

_ არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, სტატისტიკითა და პრეცენდენტებით განისაზღვრება. ყველაფერი შედარებითია და ეს შედარება, პირველ რიგში, ხდება შედეგებით. ახლა თუ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა დაასაბუთო შენი მოსაზრება, სხვანაირად ნებისმიერი განცხადება, უბრალოდ, ჰაერში გასროლილი სიტყვებია. ეს ერთი. მეორე _ როდესაც მინისტრი ამბობს, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ საზოგადოება დააბრმავა და, პრაქტიკულად, დაამუხრუჭა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დეკლარირებული საგარეო კურსი, ამით ის აღიარებს იმ პროპაგანდის უპირატესობას. რა გამოდის, საზოგადოებას რუსული  პროპაგანდის მიერ ნათქვამი  ტყუილების უფრო სჯერა, ვიდრე “ობიექტური, სამართლიანი,  დემოკრატიული დასავლური მედიის”  მიერ მიწოდებული სიმართლის?!  სადაა ლოგიკა. თუმცა ისიც კარგად  მესმის, რომ სრულ პოლიტიკურ  კრიზისში მყოფ ხელმძღვანელობას  მსგავსი პოპულიზმი და  დემაგოგოა სჭირდება.

რაც შეეხება უშუალოდ ნატოსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ცოტა შორიდან დავიწყებ: ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  ერთ-ერთ გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რაც ახლა ხდება, არის ნატოს ტვინის სიკვდილი. კერძოდ, მან განმარტა და ამ იდეას ის პირველად არ ასაჯაროებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, რაც, პირველ რიგში, დონალდ ტრამპის მოსაზრებებს უკავშირდება ნატოს მომავალზე, საჭიროა, ევროპამ თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა შექმნას. იმავე ინტერვიუში ის არ მოერიდა იმის თქმასაც, რომ, რაც დრო გადის, ნატო აღარ არის ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ახლა რატომ მომყავს ეს განცხადება: როდესაც ვისმენთ  შეფასებებს იმის თაობაზე, რომ  თურმე საზოგადოებაში არსებული  სკეპტიციზმი, ეჭვები და უნდობლობა  ქვეყნის ევროატლანტიკური  პერსპექტივისადმი რაღაც პროპაგანდის  შედეგია, ჩნდება მარტივი შეკითხვა:  რის შედეგია ის სკეპტიციზმი,  რომელსაც საფრანგეთის პირველი  პირი ასე დაუფარავად გამოხატავს  იმავე ორგანიზაციისადმი?

_ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს  საზოგადოებაში არსებული  სკეპტიციზმის რეალურ მიზეზებს?

_ ხელისუფლება სრულიად აცდენილია მსოფლიო გეოპოლიტიკურ რეალობას და განუხრელად განაგრძობს ამ რეალობასთან შეუსაბამო ძველ რიტორიკას. აი, ამ დისკურსის ნაწილი მგონია ღარიბაშვილის განცხადებაც, თორემ პიროვნულად მას, შესაძლოა, ძალიან კარგად ესმის, რაც სინამდვილეში ხდება. სხვათა შორის, იმავე კონფერენციაზე დაახლოებით ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა არჩილ თალაკვაძემაც. მან, პრაქტიკულად, ერთი-ერთზე გაიმეორა ის, რომ თურმე ქვეყანაში რუსული დეზინფორმაცია სჭარბობს. ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ:  პიროვნულად არანაირი  პრობლემა არ მაქვს არც  ღარიბაშვილთან, არც თალაკვაძესთან,  მაგრამ ყოველგვარი ირონიის  გარეშე ვეკითხები ორივეს: სად,  რაში ჩანს ეს რუსული  დეზინფორმაცია? მართლა ძალიან  მინდა, რომ ამ თემაზე მათი  არგუმენტები მოვისმინო.  ახლა რაც შეეხება სკეპტიციზმის რეალურ მიზეზებს საზოგადოებაში, რომელიც ხედავს, რომ, როგორც ნატო, ისე ევროკავშირი და ყველა სხვა წამყვანი დასავლური ინსტიტუციები უკვე დაუფარავად მიგვითითებენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის პრინციპული პოზიცია არის ასეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა იყოს ალიანსის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი და ყველა მისმა წევრმა სახელმწიფომ მსპ-ს 2% უნდა შეიტანოს ორგანიზაციის ბიუჯეტში. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და არ მხოლოდ ამის, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა _ თუ ნატოს წევრ ყველაზე  დიდ და მძლავრ სახელმწიფოს არ  აინტერესებს არსებული ფორმით  ალიანსის შენარჩუნება, თუ მისთვის  არ არის ეს ხელსაყრელი და სხვა  გეოპოლიტიკურ რეალობაში უფრო  ხედავს თავის სტრატეგიულ ინტერესებს,  ჩვენ როგორ უნდა გვჯეროდეს ჩვენი  ევროატლანტიკური პერსპექტივის?  ხომ ძალიან მარტივია? იმ ალიანსის  იმედად უნდა ვიყოთ, რომლის  ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ  მათი უსაფრთხოება დაცული არ  არის და საჭიროა უსაფრთხოების  ახალი სისტემა?!

_ ცოტა ხნის წინათ ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი  იზრდება, ალბათ, ამ ზრდასთან  ერთად საერთაშორისო უსაფრთხოების  მისიებშიც გაიზრდება ჩვენი  წარმომადგენლობა.

_ ყოველ შემთხვევაში, მე როგორც ვიცი, ახლა მუშაობა მიდის იმაზე, რომ ეს წარმომადგენლობა არ შემცირდეს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ უწყების ბიუჯეტი იზრდება, ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ამით ჩვენი შეიარაღებული ძალები ძლიერდება და წინ მივდივართ, მაგრამ ეს ასე არ არის. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში კატასტროფულად მაღალია ინფლაციაა და ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. გარდა ამისა, ხელფასები მოუმატეს პირად შემადგენლობებს და პლუს 2,2% პროცენტი უნდა დაიხარჯოს ახალი შეიარაღების შესყიდვაზე, რომელიც, სჭირდება თუ არა საქართველოს და გამოგვადგება თუ არა რეალურად, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში ის, რაც შეიძინეს და აწი უნდა შეიძინონ, არის თუ არა იმ დანაკლისების კომპენსაცია, რომელიც საზღვაო და საჰაერო ძალების პრაქტიკულად გაუქმების შედეგად განვიცადეთ, ჩემთვის გაუგებარია. სხვათა შორის, ახლახან აუდიტის  სამსახური იყო თავდაცვის სამინისტროში შესული და იმხელა დარღვევები  აღმოჩნდა ბიუჯეტში, რომ  წარმოდგენაც შეიძლება გაგიჭირდეთ.  საუბარია დაახლოებით 730 მილიონ ლარზე, რომელიც სად  დაიხარჯა და რას მოხმარდა, გაუგებარია. ეს ე.წ. რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, ვითომ ახალი იარაღის შეძენა და ძველის დაკონსერვება ან ჩამოწერა, ძალიან ბუნდოვანი პროცესია, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს, თუმცა იქიდან გარკვეული ინფორმაციაც ჟონავს და კულუარებში მუდმივად მიდის საუბარი ე.წ. ელიტური კორუფციის არსებობაზე. საერთოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ  თავდაცვის სამინისტროში წლების  განმავლობაში იცვლება  ხელმძღვანელობა, იცვლებიან  მინისტრები და მათი მოადგილეები,  მაგრამ პრობლემები უცვლელი რჩება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, მაგალითად, იყო და დღესაცაა მეთაურების მომზადება, იმიტომ, რომ ჩვენი თავდაცვის აკადემია ვეღარ ამზადებს მეთურებს _ სრული ქაოსია, რასაც ჰქვია, ამ თვალსაზრისით და ეს, წლებია, გრძელდება. რომელ ნატოს  სტანდარტებზეა აქ საუბარი,  განმკითხავი არავინაა.

_ ალბათ, ყველა ხვდება, რომ  არანაირი ევროატლანტიკური პერსპექტივა საქართველოს არ აქვს.  რომელი პოლიტიკური კურსი და  ორიენტაცია შეიძლება დღეს  უკეთესი იყოს საქართველოსთვის?

_ ადრეც არაერთხელ მითქვამს თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი და ყველა ჩვენისთანა რთულ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარე მცირე სახელმწიფოებისთვის ყველაზე ოპტიმალური პოლიტიკური პლატფორმა სამხედრო მიუმხრობლობაა. ახლა ვიღაც იტყვის, რომ რომელ მიუმხრობლობაზეა საუბარი, როცა ტერიტორიების მესამედი დაკარგული გაქვსო. ჯერ ერთი, რაც დავკარგეთ, სწორედ იმის შედეგია, რომ წლების განმავლობაში გარე ძალის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ვაქციეთ ქვეყანა და მეორეც _ მოდი, დავფიქრდეთ რეალურად:  რა იქნება 10-15 წლის შემდეგ, თუ განვაგრძობთ  აღებული კურსით სვლას და ისევ  რაღაც პოლიტიკური კონფრონტაციის  ცხელ წერტილად ვიქცევით  დიდ სახელმწიფოებს შორის?  მერწმუნეთ, ისეთ ზესახელმწიფოებს  შორის, როგორიც რუსეთია ან  ამერიკა და ჩინეთი, პირდაპირი  დაპირისპირება არასოდეს მოხდება.  თუ მოხდება, ეს იქნება არ მათ ტერიტორიებზე, არამედ მესამე ქვეყანაში,  მაგალითად, როგორც იყო 2008 წელს საქართველოში,  შემდეგ _ უკრაინაში, შემდეგ _ სირიაში და ა.შ. აი, ეს არის გლობალური პოლიტიკის პრინციპი და ვფიქრობ, ამაში გასაკვირი არაფერია. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რა შეიძლება დაემართოს ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ამ გიგანტების ჭიდილში. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერები და კულტურები ისე შეიძლება გაქრნენ ამ პროცესში, რომ მსოფლიო ამას ვერც შეამჩნევს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან