უახლოეს მომავალში საქართველოს მძიმე გამოცდა ელის. მის დასაძლევად მთელი პოლიტიკური კლასის პატრიოტიზმი და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. ჩვენ კი ამ რთულ დროებას უუნარო და არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტით ვხვდებით

გთავაზობთ ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს მეორე  ნაწილს. 

_ “ევროპულობა” საქართველოს  პოლიტიკური წრეების ავადმყოფობად  იქცა. პოლიტიკოსები გვარწმუნებენ,  რომ ქართველები ევროპელები  ვართ და ამიტომ უნდა გადმოვიღოთ  ევროპული ცხოვრების წესი, ევროპული  ფასეულობები და თავი უნდა  დავაღწიოთ “აზიატობას”, რომელსაც ჩვენი  ეროვნული ტრადიციებისა და  ჩვეულებების ერთგულებას ეძახიან.  როგორ ფიქრობთ, ეს  გამართლებულია და, საერთოდ,  ვართ ჩვენ ევროპელები?

_ ევროპული კულტურის საფუძველი ქრისტიანული ფასეულობებია და, რადგანაც საქართველოს ეროვნული კულტურაც, ძირითადად, ქრისტიანობის გავლენით ჩამოყალიბდა, მათთან საერთოც ბევრი გვაქვს. ამასთანავე, არც იმის დავიწყება არ შეიძლება, რომ ჩვენს კულტურაზე ისლამიც დიდ გავლენას ახდენდა. აქ კიდევ ერთი გარემოებაა საგულისხმო: ევროპულ  ქრისტიანულ კულტურას ორი  განსხვავებული წყარო აქვს.  პირველია კათოლიკური რომი,  კათოლიკური ქრისტიანობა, რომელსაც  შემდეგ გამოეყო პროტესტანტიზმი და  რომელმაც ევროპის უმეტესი ნაწილი  მოიცვა; მეორეა ბიზანტია,  მართლმადიდებლური ქრისტიანობა. წინააღმდეგობებს, ერთი მხრივ, კათოლიკობა-პროტესტანტიზმსა და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობას შორის ათასწლოვანი ისტორია აქვს და მათი დაძლევა ვერ ხერხდება. მიზეზი რიტუალების განსხვავებებში კი არა, კარდინალურ მსოფლმხედველობრივ სხვაობაშია. ეს ეხება ადამიანის ცხოვრების მორალურ, სულიერ, ზნეობრივ მხარეებს. მართლმადიდებლობა  ვერ ურიგდება იმას, რაც კათოლიკებისა  თუ პროტესტანტებისთვის ნორმა ხდება.  დასავლური ქრისტიანობის მტრული  დამოკიდებულება აღმოსავლურისადმი  სწორედ ამით აიხსნება. გაიხსენეთ,  ვატიკანმა ჯვაროსნული ლაშქრობები  წამოიწყო იერუსალიმში მდებარე  მაცხოვრის საფლავის ურჯულოთაგან  გამოხსნის მოტივით, მაგრამ  უპირველესად თავს დაესხა  კონსტანტინოპოლს, დაამხო,  გაძარცვა და გადაწვა ეს დიდებული  ქალაქი. ეს ყველაფერი მოხდა ოსმალთა ლაშქრობამდე 250 წლით ადრე. რატომ სძულთ ასე ძალიან  ჩვენს მედასავლეთეებს საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესია?  იმიტომ, რომ ჩვენი ეკლესიის  ღირებულებები შეუთავსებელია  ცხოვრების დასავლურ წესთან,  რომლის ჩვენთან დანერგვას ასე  მონდომებით ცდილობენ. უფრო  მეტიც, ჩვენი რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია საერთოდ  კაპიტალისტური წყობის ნორმებთან და  წესებთან. კაპიტალიზმი, როგორც საზოგადოებრივი ფორმაცია, ჩაისახა პროტესტანტი ხალხების ქვეყნებში _ ჰოლანდიასა და ინგლისში და მერე მოიკიდა ფეხი დასავლეთ ევროპაში იქ პროტესტანტიზმის გავრცელების კვალდაკვალ. ინდივიდუალიზმს,  გამდიდრებას, მოგებას, გამორჩენას  სწორედ პროტესტანტები აყენებენ  ფასეულობათა იერარქიის სათავეში.  ამიტომაც გახდნენ პროტესტანტული  საზოგადოებები ყველაზე წარმატებული  კაპიტალისტურ სისტემაში.  ეს კარგად აქვს აღწერილი თავის  შრომებში მაქს ვებერს.

თავდაპირველად პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის შეურიგებელი წინააღმდეგობები იყო და ამის გამო მათ შორის მრავალჯერ გაჩაღებულმა სისხლისმღვრელმა ომებმა მილიონობით ევროპელი შეიწირა. ამის მიუხედავად, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კათოლიციზმმა თანდათან დათმო პოზიციები, მას გადაედო პროტესტანტული ნორმები და პროტესტანტთა ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. ამის აშკარა მაგალითია დამოკიდებულება თუნდაც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მიმართ.  მულტიკულტურიზმის  პოლიტიკამ, გენდერული  თანასწორობის, სექსუალური  უმცირესობების უფლებების დაცვამ,  ეროვნული  განსხვავებულობის 
წაშლამ  დასავლეთი ევროპა მიიყვანა  ტრადიციულ ფასეულობებზე უარის  თქმამდე, ქრისტიანობის  გადაგვარებამდე, ეკლესიის  დაკნინებამდე და  დიადი ევროპული  ქრისტიანული კულტურა კვდომის პირასაა. ქრისტიანობის ერთადერთ  ბასტიონად აღმოსავლური  ქრისტიანობა _ მართლმადიდებლობა დარჩა,  ორთოდოქსული ქრისტიანობა,  როგორც მას დასავლეთში უწოდებენ.  სწორედ ამის გამოა, რომ დასავლეთი  მართლმადიდებლობის დაშლასა და  გახრწნას ესწრაფვის.  შეგახსენებთ ზბიგნევ ბჟეზინსკის  სიტყვებს: “კომუნიზმის მოსპობის შემდეგ ჩვენ ერთი მტერი დაგვრჩა _ მართლმადიდებლობა”.

მართლმადიდებელი ხალხი ძნელად ემორჩილება გარე დიქტატს, უცხო ფასეულობებისა და ქცევის წესების, გამხრწნელი უზნეობის თავს მოხვევას. მართლმადიდებლებს ტრადიციებისადმი ერთგულება, სოლიდარობა, კოლექტივიზმი, ურთიერთთანადგომა ახასიათებთ, მათთვის სულიერება მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტია. საქართველოს ეკლესიაში ამ დღეებში განვითარებული მოვლენები სწორედ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის გამოვლინებაა. ამ ბრძოლის მთავარი მეთოდია ეკლესიაში განხეთქილების შეტანა, ადგილობრივი ეკლესიების დახლეჩა-დანაწევრება, მათი ამ გზით დასუსტება და შემდგომი განადგურება. საამისოდ ავისმოსურნენი  იარაღად იყენებენ მომხვეჭელობითა  და განდიდების მანიით შეპყრობილ  ცალკეულ საეკლესიო იერარქებსა და  მოსყიდულ კონსტანტინოპოლელ  პატრიარქ ბართოლომეოსს,  რომელიც ყველა ჯურის სქიზმატების  მხარდამჭერი, თანამდგომი და  წამქეზებელია. გაიხსენეთ უკრაინის  ეკლესიის ტრაგედია. მგონია, რომ  სულ მალე ქართველი განხეთქილების  მოსურნენიც მასთან გაიქცევიან  დახმარების საძებნელად. აფხაზი “რასკოლნიკების” ჯგუფი მან  უკვე მიიღო და მხარი დაუჭირა.

_ ადრე თქვენ ოპტიმიზმით უყურებდით  საქართველოს ტერიტორიულ  გამთლიანებას, მაგრამ ბოლო პერიოდში  გეტყობათ, რომ საკითხისადმი  დამოკიდებულება შეიცვალეთ. რატომ?  აღარ გჯერათ ასეთი პერსპექტივის?

_ არა, აღარ მჯერა, იმედი დავკარგე. აფხაზებსა და ოსებთან ჩვენი ურთიერთობის მოსაგვარებლად ეროვნული ხელისუფლება უნდა გვყავდეს, ის თავისუფალი უნდა იყოს გარე დიქტატისაგან და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოს. 
ჩვენ არ გვყოლია და  არც გვყავს ასეთი ხელისუფლება.  ხელისუფლების ყველა  წარმომადგენელი  აფხაზებსა და ოსებთან დიალოგზე  ლაპარაკობს, მათ “ძმებს”, “თანამემამულეებს” უწოდებენ,  მაგრამ ამ დიალოგის დაწყების ერთი  რეალური მცდელობა მაინც  დამისახელეთ. არ ყოფილა ასეთი  მცდელობა! რატომ? იმიტომ, რომ  აფხაზებსა და ოსებთან გაერთიანების  ნებისმიერი ფორმა გამორიცხავს  ნატოში მიღებას, ჩვენს ტერიტორიაზე  ამერიკული ან თურქული ჯარის  განლაგებას.  საქართველოს უცხოელი პატრონები ამას არ დაუშვებენ, მათ მიაჩნიათ, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება დასჭირდეთ სამხედრო მიზნებისათვის და მაშინ ავტონომიები მათ ხელს შეუშლიან. ამიტომაა, რომ არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს  და არც ივანიშვილს არ უცდიათ “ძმებთან” პირდაპირი დიალოგის დაწყება, ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ საამისოდ. “ძმურ სიყვარულზე” მათი ყალბი ლაპარაკი აფხაზეთში მხოლოდ დაცინვის საგანია. “მოძმე ივანიშვილზე” ანეკდოტებიც გაჩნდა. ადრე ასეთი ანეკდოტები სააკაშვილზე დადიოდა. მე იმედი მქონდა, რომ ივანიშვილი, როგორც ახალი, სისხლში გაუსვრელი ადამიანი პოლიტიკაში, ახალ ხალხს მოიყვანდა და პირველ რიგში ქვეყნის გაერთიანებას მოჰკიდებდა ხელს, მაგრამ ის შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკის ერთგული გამგრძელებელი აღმოჩნდა.  იმ წლების განმავლობაში, როცა ეს  სამი პერსონაჟი მართავდა ქვეყანას,  პოლიტიკური ველი მუდმივად  იწმინდებოდა იმ ხალხისგან,  რომელთაც ჰქონდათ რეალური შესაძლებლობები ქვეყნის გასამთლიანებლად.  ჩვენ ამ საქმეს არ გვაკარებდნენ კი არა და, რჩევასაც არ გვეკითხებოდნენ.  ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის  წართმევა ამის კიდევ ერთი  დადასტურებაა. ამ დროის განმავლობაში აფხაზურ და ოსურ პრობლემატიკაზე მუშაობდნენ და ვითომ ახლაც მუშაობს საამისოდ სრულიად შეუსაბამო ხალხი. მახსოვს, როგორ მითხრა  ერთხელ აფხაზეთის ყოფილმა  პრეზიდენტმა: “მირეკავს ვიღაც და ენის ბორძიკით  მთხოვს, მივიღო და რეინტეგრაციის  საკითხზე ვიმსჯელოთ.  კი მარა, ვინ არის ის, მასთან რა  მსჯელობა უნდა მქონდეს?  მე თბილისში იმდენი წელი ვიმუშავე,  მოლაპარაკებები თუ უნდათ, რა,  ისეთი ადამიანი ვერ იპოვეს, მე  რომ ვიცნობ და პატივს ვცემთ  ერთმანეთს?”

ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ ჩემს თაობას შეუძლია, ჩვენ კი ვბერდებით, მივდივართ ამ ქვეყნიდან. ჩვენთან ერთად წავა ჩვენი ხალხების გაერთიანების შესაძლებლობაც.

_ პრეზიდენტი ტრამპი ამას  წინათ სენსაციური განცხადებით  გამოვიდა. მან პირდაპირ თქვა,  რომ მომავალი არ არის  გლობალისტების, მომავალი  ეკუთვნით პატრიოტებს. თქვენ ამაზე 20 წლის წინათ წერდით და  ლაპარაკობდით. ნიშნავს თუ  არა ტრამპის ეს განცხადება,  რომ ამერიკელები შეკვეცენ  თავიანთ ყოფნას მსოფლიოში?  მოგვცემს თუ არა ეს კოლონიური  დამოკიდებულებისგან თავის  დაღწევის შესაძლებლობას?

_ კი, ტრამპმა შესანიშნავი რამ თქვა. მან გამოაცხადა ტრადიციებისა და ჩვეულებების დაცვის, ეროვნული საფუძვლების, სუვერენიტეტის გაძლიერების აუცილებლობა. მეტიც, მან ისიც თქვა, რომ თითოეული ქვეყანა განსაკუთრებული და უნიკალურია, რომ მასობრივი ემიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს უბედურებაა, რომ “ღია კარის” პოლიტიკა დანაშაულებრივია. ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს მსგავსი არაფერი არ უთქვამს ბოლო 50 წლის განმავლობაში.  ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე,  რომ ამერიკის ელიტის მნიშვნელოვანმა  ნაწილმა გააცნობიერა გლობალიზაციის  დამღუპველობა თვითონ  აშშ-სთვისაც.  გლობალისტებმა ამერიკა ჩიხში  შეიყვანეს. ქვეყანამ სამრეწველო  პოტენციალის კოლოსალური  ნაწილი დაკარგა, გახდა  იმპორტზე დამოკიდებული, საგარეო  ვალმა 23 ტრილიონ(!) დოლარს მიაღწია  და ისევ იზრდება, კატასტროფულად  შემცირდა თეთრკანიანი მოსახლეობა,  ძლიერ დეგრადირებულია მორალი, ეთიკური ნორმები, ტრადიციული  ფასეულობები.  გასულ გაზაფხულს ჩიკაგოში _ სიდიდითა და მნიშვნელობით ამერიკის მესამე ქალაქში _ მერის არჩევნებში მონაწილე 13 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდა ორი შავკანიანი ქალი და მათგან მერი გახდა ღია ლესბოსელი. ტრადიციულ ამერიკას, რომელმაც ტრამპი აირჩია, აშინებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამგვარი ტრანსფორმაცია. “მსოფლიო ჟანდარმის” როლი მომგებიანი კია, მაგრამ უსასრულო არ არის და თანაც ძალიან ხარჯიანია. ტრამპმა ტყუილად კი არ თქვა თავის საინაუგურაციო სიტყვაში, რომ ამერიკა ეზიზღებათ მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, ეპოტინება რა სრულიად  დედამიწას, მათგან ძალიან დაშორებულ  რეგიონებს, შტატებს ხელიდან ეცლება  ლათინური ამერიკა, ქვეყნის სამხრეთი საზღვრები ფეთქებადსაშიში გახდა.  ათეულობით მილიონი  ლათინოამერიკელი ზიზღით უყურებს  ჩრდილოელ მეზობელს, კიდევ  ათეულობით მილიონი მათი  თანამემამულე  კი უკვე შტატებში ცხოვრობს და  სიძულვილით არიან აღსავსენი მათი თეთრკანიანი ბატონების მიმართ.  ეს სიტუაცია დენთის კასრს წააგავს  და მისი აფეთქების შედეგების  პროგნოზირება შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ ტრამპი და მის უკან მდგომი ძალები ხურავენ გლობალიზაციის პროექტს, თუმცა ამერიკის ისტებლიშმენტის დიდი და გავლენიანი ნაწილი და საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. თუ ტრამპი კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ წელს, ვფიქრობ, შტატები წავლენ პრობლემური რეგიონებიდან, რომლებიც არაა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის სამხრეთ კავკასიიდან და საქართველოდანაც.

_ თუ ამერიკელები წავლენ,  დამოუკიდებელი განვითარების  შესაძლებლობა მოგვეცემა, გარედან კარნახის გარეშე…

_ ვართ კი ჩვენ მზად დამოუკიდებლად განვითარებისთვის? საქართველოს აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია? საკუთარი ეკონომიკური მოდელი? ვინმემ გამოკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი მიზნები და ამოცანები?  საქართველოს ყველა ხელისუფლება,  ერთმანეთს რიგითობით რომ ცვლიდა,  აცხადებდა მხოლოდ ორ ცრუ და  მიუღწეველ მიზანს: ნატოსა და  ევროკავშირში შესვლას.  საქართველოს სხვა მიზნები არ აქვს.  თუ არ არსებობს მიზნები, მაშასადამე,  არ არსებობს განვითარების  კონკრეტული პროგრამები. დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის თავზე მოცემულობა ისეთია, რომ არ გვაქვს საკუთარი წარმოება,  სოფლის მეურნეობა, მეცნიერება,  განათლების ეროვნული სისტემა;  არ გვყავს ინჟინერთა კორპუსი,  მაღალკვალიფიციური მუშათა ფენა,  მაღალტექნოლოგიური წარმოება.  ჩვენ უკვე დავკარგეთ აქტიური  მოსახლეობის ორი მილიონი,  ემიგრაციის ტემპები კი მატულობს,  სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას,  ერი კვდება. ისიც ნუ დაგვავიწყდება,  რომ ამერიკელების წასვლის შემდეგ  საქართველო პირისპირ დარჩება  რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან,  რომლებიც დღეს, ფაქტობრივად,  მოკავშირეები არიან.  ფიქრობს ამაზე ვინმე? ვართ მზად  მოვლენების ასეთი განვითარებისთვის? აქვს საქართველოს პოლიტიკურ კლასს ასეთ პირობებში ქვეყნისა და ხალხის შენარჩუნების უნარი? მაგათ ხომ “საერთაშორისო თანამეგობრობისთვის” უსაგნო ღაღადის მეტი არაფერი არ შეუძლიათ?! უახლოეს მომავალში საქართველოს მძიმე გამოცდა ელის. მის დასაძლევად მთელი პოლიტიკური კლასის პატრიოტიზმი და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. ჩვენ კი ამ რთულ დროებას უუნარო და არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტით ვხვდებით. ეს დიდ დანაკარგებს მოგვიტანს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან