დავით უსუფაშვილი: საგანგებო ვითარების განცდა მაქვს

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანა არჩევნების წინ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და ქვეყანა ამ მოვლენებმა ემოციებისა და დაპირისპირების გზაზე გადაიყვანა. ამის შესახებ უსუფაშვილმა გადაცემა “კვირის თემასთან” ინტერვიუში განაცხადა.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები საზოგადოებაში გახლეჩის თავიდან ასაცილებლად გამოეყენებინა, პირიქით ქნა.

 

“საგანგებო ვითარების განცდა მაქვს, რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს არჩევნების ჩატარება დაპირისპირების ფონზე, წინ წასვლის ნაცვლად ქვეყანა შეიძლება ხიფათში აღმოჩნდეს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რომ როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ხელისუფლებას გუშინვე სურდა პროცესი დასრულებულიყო, თუმცა ოპოზიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

 

“ამ კრიზისის ერთადერთი და უპირობო შემოქმედი არის ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. მან ქვეყანა დააყენა ამ განსაცდელის წინაშე, ეს არის გაუგონარი, უპატიებელი პოლიტიკური შეცდომა და დანაშაული… არჩევნები უნდა იყოს არა გლადიატორების შეჯახება, არამედ ახალი ენერგიების შემძენი, ამის ნაცვლად დავცურდით იქ, სადაც დავცურდით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

“შენების მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის იდეები კრიზისიდან გამოსავალს ემსახურება და გუშინდელ შეხვედრაზე, უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ოთხი გამოსავალი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” შესაცვლელია არა “ნაცმოძრაობით”.

 

“როდესაც ხელისუფლება ასე გაჯიუტებულა და ჩაკეტილა თავის ნაჭუჭში, როდესაც ხელისუფლებას დაუწყია ასე ცინიკურად თვლა ადამიანებს, როდესაც ხელისუფლებები ივიწყებენ იმას, რასაც შარშან ამ დროს ევედრებოდნენ საქართველოს მოსახლეობას, ასეთი არაადეკვატურობის მორევში რომ აღმოჩნდება ხოლმე ხელისულება, ის ცუდად ამთავრებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

Imedinews

კომენტარები ფეისბუქიდან