სოკარი” საქართველოს ეკლესია-მონასტრებს გაზს უფასოდ აწვდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  – ილია მეორის ინიციატივით,  მრავალი კარგი საქმე ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას. ბევრი უპრეცენდეტო გადაწყვეტილების მომსწრენიც გავმხდარვართ. მისი როლი და ავტორიტეტი ისეთივე ანგარიშგასაწევია მეზობელი ქვეყნებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით. სწორედ, მისმა ფაქტორმა განაპირობა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის იმ განზრახულებათა ოქმის გაფორმება, რომლის მიხედვითაც „სოკარ ჯორჯია გაზი“, ახორციელებდა გაზიფიცირებული ეკლესია-მონასტრების, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურებას, რაც “სოკარის” მხრიდან უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების და სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, კომპანია “სოკარი”-ს დიდი სურვილის მიუხედავად, ამ ეტაპზე უზრუნველყოფს გაზის უფასო მიწოდებას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისათვის, რომლის მრევლიც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90%-ია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ “სოკარის” მხრიდან ეს ნაბიჯი, მისი უწმინდესობის მიმართ, უსაზღვრო პატივისცემის გამოხატვაა, რაზეც საპატრიარქო მადლიერებას გამოხატავს.

თუ რას ფიქრობენ და როგორია საპატრიარქოს პოზიცია, ამ საკითხზე კომენტარისთვის “ალია” დაუკავშირდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერს გიორგი ზვიადაძეს:

– მამა გიორგი, რას ფიქრობთ, “სოკარის” უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისთვის გაზის უფასო მიწოდება ძალაში დატოვა და როგორია საპატრიარქოს პოზიცია?

– უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია “სოკარი” უანგარო დახმარებას უწევს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდით, რაც არის კეთილი ნების გამოხატულება და ეფუძნება, როგორც ჩვენ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებული კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს, ისე პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართ უდიდეს პატივისცემას. იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია-მონასტრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის სულიერებისა და ეკლესიური ცნობიერების განმტკიცებისათვის, აღნიშნული დახმარება, ვფიქრობთ, უაღრესად დასაფასებელია. მიგვაჩნია, რომ ნავთობ კომპანია “სოკარის” პრეზიდენტის, ბატონი როვნაგ აბდულაევის მიერ გამოხატული კეთილი ნება, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ბატონ ილჰამ ალიევის თანხმობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული ძმური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებასა და გაღრმავებას.

საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების არქივს, არა ერთი თანადგომის ფაქტი ახსოვს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, სწორედ, აზერბაიჯანი გვიწვდიდა მეგობრულ ხელს; ასე იყო 2006 წელს, როდესაც საქართველო – რუსეთის საზღვარზე მოხდა გაზსადენის აფეთქება, რის შედეგადაც, საქართველო სუსხიანი ზამთრის პირობებში, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა და თბილისს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრებოდა. სწორედ მაშინ, აზერბაიჯანმა პირადი მოხმარებიდან ბუნებრივი აირი მოიკლო და საქართველოს გაზი მოაწოდა. აზერბაიჯანი, ჩვენს საიმედო პარტნიორს წარმოადგენდა 2008 წლის აგვისტოს უმძიმესი მოვლენების დროს, როდესაც შავი ზღვის აკვატორია ოკუპირებული იყო რუსეთის მხრიდან, მაშინ ერთადერთი ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს საწვავს აწვდიდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს, მათ შორის აღსანიშნავია, საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროცესი, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ახორციელებს და როგორც ამ დარგის ექსპერტები ამბობენ, – ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სოციალური პროექტი.

 

 

ცნობისთვის: შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს გაზის სექტორში, იგი ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომწოდებელი და წამყვანი გაზის გამანაწილებელი კომპანიაა. ბოლო წლების განმავლობაში, “სოკარი” უცვლელი ლიდერია, როგორც ყველაზე დიდი ინვესტორი, დამსაქმებელი, სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი, სოციალური და კულტურული პროექტების მხარდამჭერი.

ექსპერტებს და ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი მომავალშიც დარჩება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და ამის პირობას იძლევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი.

alia.ge