ქრისტიანებმა ვიცით, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, მაგრამ ეს მოხდება იმ დროს, როცა კაცობრიობა ამოწურავს თავის მისიას, როცა კაცთა მოდგმა იმ დონეზე გაირყვნება და ცოდვაში ჩაეფლობა, რომ გადარჩენის შანსი არ დარჩება.

თავწაჭრილი ხატები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ქუჩებში ვიხილეთ, თანამედროვე მარგინალური ლიბერალიზმის სახედ იქცა. რეინკარნირებული ბოლშევიკური იდეოლოგიის ადეპტების მცდელობა, ასეთივე სიამოვნებით წააცალონ თავი ქართულ სამოციქულო ეკლესიას, რომელიც არასდროს მიდრეკილა მწვალებლობისკენ, უკვე ძალიან აშკარაა. ნიშანდობლივია, რომ „ხატმებრძოლობა“ უშუალოდ ქართველის ხელით პირველად, ბოლშევიკურ საქართველოში, მეორედ კი, ჩვენ თვალწინ, ე.წ. ლიბერალურ საქართველოში განხორციელდა.

რა არის ეკლესიაზე გახშირებული თავდასხმების და გაძლიერებული ლგბტ პროპაგანდის რეალური მიზეზი Black on white-ს „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ესაუბრა:

-ბატონო ლევან, ბოლო დროს ყველა ზღვარს გასცდა თავდასხმები ეკლესიასა თუ ქართულ საზოგადოებაზე, იქნება ეს გეიპროპაგანდა თუ პატრიარქის, ეკლესიის ლაფში ამოსვრის მცდელობა, თუ ხატების შეურაცყოფა. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დამთხვევაა თუ კარგად გაწერილი გეგმის სცენარი?

-რა თქმა უნდა, დამთხვევა არ არის,  წლების განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების გარყვნის, განარკომანების, ღმერთთან დაცილების პროპაგანდა. ე.წ. ლიბერალური ინტერნაციონალი ამ საქმისთვის მესამე ათწლეულია მილიარდობით დოლარს ხარჯავს საქართველოში. მათ ყველა სფერო ხელში ჩაიგდეს, მედია, პოლიტიკოსების თითქმის უმრავლესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასირებული შეტევა განახორციელეს საქართველოს ეკლესიასა და ქართულ ცნობიერებაზე. რატომ ? იმიტომ, რომ ნარკომანების, ზნედაცემული მამათმავლების, მეძავების და ლოთების საზოგადოება ადვილი სამართავია. ამის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ეკლესია, ქრისტიანულ მორალსა და სწავლებაზე დაფუძნებული სულიერება, რომლის საშუალებითაც ქართველებმა 21-ე საუკუნეში შევაბიჯეთ. სწორედ ფესვებთან მოწყვეტის მცდელობასთან გვაქვს საქმე, რომ მერე ადვილად სამართავი გახდეს ქვეყანა. ვნებებს დამონებული ადამიანების აზროვნებით მანიპულირება ძალიან მარტივი ხდება, მაგრამ მადლობა ღმერთს, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანხა დახარჯეს. ახლა დასავლეთშიც ძალიან გახშირდა ანტილიბერალური განწყობები, შემოდგომის ბუზებს დაემსგავსნენ, იციან, რომ სულს ღაფავენ და იკბინებიან. მთელი ჯოჯოხეთის ძალები გაერთიანდნენ და  ვა-ბანკზე მიდიან. სრული ლუსტრაციაა, ყველანი ერთად აღდგნენ იმ მარადიული ღირებულებების წინააღმდეგ, რამაც აქამდე მოგვიყვანა.

-კონკრეტულად რა ძალებზე გაქვთ საუბარი, ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულ ცნობიერებას და ტრადიციებს ქვეყანაში?

-ეს არის ე.წ. ლიბერალიზმი, რომელიც დროშად აღმართა თანამედროვე დასავლეთმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ ლგბტ თემა ყველაზე მაღალ პოლიტიკურ რანგშია აყვანილი. ლიბერალური იდეოლოგია გლობალური ფენომენია და მხოლოდ საქართველოს მიმართ არ ხორციელდება. ეს არის გაწერილი გეგმა, უნდა მოხდეს მთელი მსოფლიოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და ანტიქრისტეს გამეფება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური კი არა, რელიგიური ლიდერიც იქნება. მანამდე კი მიმდინარეობს კაცობრიობის შემზადება იმისათვის, რომ ხალხმა ანტიქრისტეს გამეფებისას „ოსანა“ შესძახოს. სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ ჩვენ დღეს. მესამე ათწლეულია საქართველოს უცხოეთიდან ხელდასმული, მარიონეტი ხელისუფლებები მართავენ, ინტენსიურად მიმდინარეობს ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვა და კანონის რანგში აყვანა. „ანტიდისკრიმინაციული“,  „იუვენალური იუსტიციის“ და მსგავსი კანონების მიღება პირდაპირ პლაცდარმია იმისათვის, რომ საზოგადოება ბოლომდე  დაიმორჩილონ. ურჩები რეტროგრადებად და განვითარების შემაფერხებლებად გამოცხადდნენ და თავი იზოლატორში ამოყონ. თუმცა, დასავლეთშიც ადამიანების ცნობიერებაზე ამგვარმა მასირებულმა შეტევამ უკურეაქცია გამოიწვია, ძალადობა არის კონტრპროდუქტიული და  უკუტალღას წარმოშობს ხოლმე. ჩვენ ვხდავთ, როგორი განწყობებია  ამერიკასა და ევროპაში. ლიბერალი მამები, რომლებიც მთელს მსოფლიოს თითს უქნევენ და  საკუთარი სტანდარტებით ცხოვრებას აიძულებენ, პოზიციებს კარგავენ.

-აქციები თავწაჭრილი ხატების ფონზე, რა არის ეს, საზოგადოების კიდევ ერთი მძიმე გამოწვევა თუ შემგუებლობის ხარისხის გაზრდა?

-ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომ ადამიანები ამგვარი თემების მიმართ  შემგუებლები გახადონ. რატომ ხდება ასეთი პერფომანსების მოწყობა? „გირჩი“, საერთოდ, რა ფენომენია? როგორ შეიძლება ღირსეულ ხელისუფალს სახელმწიფოში ჰქონდეს ორგანიზაცია, რომელიც გასაბერი ეკლესიებით მანიპულირებს და ადამიანებს ეპისკოპოსობის ცნობას აძლევს?! დესტრუქციულ სექტას, რომელიც  ერთსქესიანთა ქორწინებას და ნარკომანიის ლეგალიზაციას ითხოვს, წულუკიანის უწყება არეგისტრირებს, შემდეგ კი მათი მხრიდან საზოგადოების ასეთი ღია გამოწვევა ხდება. ეს პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა! ღირსეული ხელისუფალი ამას საკუთარ ქვეყანაში არ დაუშვებდა და მთელი სიმკაცრით დასჯიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლელი ბოსების მიერ მწვანე შუქი აქვთ ანთებული. ჩვენს მარიონეტ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს კი არ ჰყოფნის  უნარი და ძალა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიადამიანური გამოსვლები შეაჩეროს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ქვეყანა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ იყო დაყოფილი, ქართველ ხალხში ერთადერთ იმედად დედა-ეკლესია რჩებოდა. ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩვენს ეკლესიას განუზომელი ღვაწლი აქვს და ამ ინსტიტუტის საძირკვლების შერყევის მცდელობა სრული უმსგავსობაა!

-თქვენ აპოკალიფსი ახსენეთ, ამ თემაზე სასულიერო თუ საერო საზოგადოებაში გახშირდა საუბრები, ფიქრობთ, რომ მეორედ მოსვლის მოლოდინი გამძაფრებულია დღეს ქრისტიანულ საზოგადოებაში?

-ქრისტიანებმა ვიცით, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, მაგრამ ეს მოხდება იმ დროს, როცა კაცობრიობა ამოწურავს თავის მისიას, როცა კაცთა მოდგმა იმ დონეზე გაირყვნება და ცოდვაში ჩაეფლობა, რომ გადარჩენის შანსი არ დარჩება. ღმერთმა ადამიანი სამოთხისთვის შექმნა. ჩვენ ახლა სამშობიარო ტკივილებს ვხედავთ, ყველაფერი იქეთკენ მიდის, მაგრამ როგორც კაცობრიობის, ისე თითოეული ჩვენთაგანის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები ცოდვებს შეინანებენ და შეეცდებიან სახარებისული სწავლებით იცხოვრონ, ანტიქრისტეს მოსვლის ვადა დროში გადაიწევს. იონა წინასწარმეტყველს ღმერთი ეუბნება, რომ არასწორი ცხოვრების გამო ნინევიელების დასჯას აპირებს. იონა ჩადის ნინევიაში და მეფეს ღვთის გადაწყვეტილებას ამცნობს. მეფე შეინანებს, მთელი ქალაქი მარხვაზე დადგება, პირდაპირ წერია, ნინევიელები უკიდურესი სინანულის ნიშნად თმას გადაიპარსავენ და თავზე ნაცარს დაიყრიან, არათუ ცოლ-ქმრები დაწვებიან ცალ-ცალკე, არამედ ცხოველ-ფრინველსაც ცალ-ცალკე დააბამენ და ამარხულებენ. ძლიერი სინანული უფალმა შეიწირა და ნინევიამ კიდევ 15 საუკუნე იარსება. ამიტომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ის, რომ დღეს აპოკალიფსურ პერიოდში ვცხოვრობთ, ნათელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყეს, რომ პირველი საუკუნეებიდანვე ამბობდა იოანე ნათლისმცემელი: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა“.  როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, ანტიქრისტეს სული ყველა ეპოქაში იყო მეგზური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ის ყოველთვის მარცხდებოდა. პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული უამრავი დევნა ახსოვს ეკლესიას. ჩვენმა წინაპრებმა სასტიკი დევნა სულ ახლახანს გაიარეს, წითელი ტერორის სახით. მაშინ წითელი კომისრები მართავდნენ პროცესებს, დღეს უკვე ცისფერი კომისრები თუ ევროკომისრები კარნახობენ დღის წესრიგს მარიონეტ ხელისუფლებებს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა მათ არ ემორჩილება.

-თქვენი აზრით, რა არის ჩვენს პატრიარქზე გახშირებული თავდასხმების მთავარი მიზეზი? შეიძლება ვთქვათ, რომ პატრიარქი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გლობალური სქემებიდან ამოვარდნილია?

– უწმინდესმა მთელი მსოფლიო ლიბერალური ინტერნაციონალის დინების საწინააღმდეგოდ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღესასწაულად დაადგინა. ამ ძალებმა ეს პირდაპირ გამოწვევად მიიღეს პატარა საქართველოსგან. მინდა ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა  უწმინდესს. ჩვენი პატარა ქვეყანა ერთადერთია, სადაც სიბილწის ღიად პროპაგანდირება, რასაც გეიაღლუმი და პრაიდის კვირეული ჰქვია, ვერ მოხერხდა. დედა ღვთისმშობელი გვიფარავს და მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენზე ათჯერ   უფრო მრავალრიცხოვან სახელმწიფოებშიც კი, სადაც მეტ-ნაკლებად  ეროვნული ხელისუფლებები ჰყავთ, მოახერხეს აღლუმების ჩატარება და ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სჯიან დღეს ჩვენს ეკლესიას!

მეორე, არანაკლებ მთავარი, ეს არის მართლმადიდებლურ-აღმსარებლური კურსი. მოგეხსენებათ, ჩვენმა ეკლესიამ, დატოვა ეკლესიათა ეკუმენისტური საბჭო, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ყველა რელიგიას, სექტას და მათ შორის, შეერთებულ შტატებში, სანფრანცისკოში დაარსებულ „სატანის ეკლესიას“. ასეთი ორგანიზაცია პატარა საქართველომ დატოვა, მას მიბაძა ბულგარეთის, ანტიოქიის ამერიკის ეპარქიამ, ასევე სხვა ეკლესიებმა და  ანტიქრისტეს ორგანიზაციაში დელგეგატების გაგზავნა შეწყვიტეს. ანტიქტრისტეს ადეპტებმა ეს გამოწვევად მიიღეს. ბოლოს უკვე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომეოსმა მოაწყო უკანონო ე.წ  მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზედაც ჩვენ დელეგაცია არ გავაგზავნეთ. ამით შევინარჩუნეთ ეკლესიის სწავლება, რომლისთვისაც საქართველოს ეკლესიას არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ეს უთხრა წმ. გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქს, „ჩვენ ერთი ღმერთი გვიღიარებიეს და აროდეს გვიღალატნიეს მართლმადიდებლობისთვის“ და არც მწვალებლობისკენ არის ჩვენი ეკლესია მიდრეკილიო. ჩვენ ვართ ერთადერთი ეკლესია მსოფლიოს ეკლესიებს შორის, რომელშიც ერესი არ ყოფილა. შეიძლება კერძო შემთხვევები, გადაცდომები იყო, მაგრამ სწავლების დონეზე საქართველოს ეკლესიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობა არასდროს დარღვეულა.

მესამე მიზეზი ამ შეტევებისა, არის უკრაინის ტომოსი. ჩვენ ვნახეთ, რომ სერგო რატიანი, გიგი უგულავა პირდაპირ ჩაბრძანდნენ ე.წ. მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსთან.  ბართლომეოსის საკითხი ალბათ, დასაყენებელია  ეკლესიაში, როგორც სიახლეების შემომტანის, მწვალებლებთან თანამლოცველის და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობის განმახორციელებლის. ბართლომეოსი არის სტამბულის პატრიარქი, მის მსახურებას სულ 100 კაცი ესწრება. მსოფლიოობის ტიტულით მანიპულირება და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პაპიზმის თავსმოხვევა, მას არ გამოუვა! დღეს აღარც ბიზანტია არსებობს და აღარც კონსტანტინოპოლი. ბართლომეოსმა ახლანდელი სქიზმატური ეკლესიის წარმომადგენლები ჯერ შეაჩვენა, შემდეგ კი ანათემა მოუხსნა და  ტომოსი მიანიჭა. ჩვენთან ამ საკითხს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ და საქართველოს ეკლესიას პრორუსულობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსთაველზე შეკრებილ ნარკორეალიზატორებს და მამათმავლობის აპოლოგეტებს, რომლებიც ჩვენს სიწმინდეებს ბილწავენ, დასავლელებს და პატრიოტებს  უწოდებენ. ჩვენ ქართველები ვართ და გვინდა სახე და იდენტობა შევინარჩუნოთ. ამ საკითხზე პოლიტიკური სარჩულის დადება არის ელემენტარული უცოდინრობა ან უსინდისობა. ეკლესია თავისი კანონებით ხელმძღვანელობს და თუ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არის დასაყენებელი, ის თვითონ უკრაინის ეკლესიამ უნდა დააყენოს. ჩემი აზრით, რადგან მოციქულმა  კიევში იქადაგა, თუკი იქნება მოსკოვის საპატრიაქროს ნება მისცეს ავტოკეფალია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოს ეკლესიაც წინ არ აღუდგება, მაგრამ კანონების დარღვევით და პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება და ამაში ჩვენც ჩაგვითრიონ, არ იქნება სწორი და ასე არ უნდა მოხდეს.

სწორედ ეს მიზეზებია იმისა, რომ  გლობალური ძალები უშუალოდ ახორციელებენ შეტევას პატრიარქზე და თან ისეთ რამეს აბრალებენ, რის წინააღმდეგაც იღვწის.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ბართლომეოსი, რომელიც ისეთ ავტოკრატულ ქვეყანაში მსახურობს, როგორიც თურქეთია, ძალიან საეჭვოა იყოს თავისუფალი თურქეთის სპეცსამსახურების და სახელმწიფოს გავლენებისგან?  

-ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რისთვისაც არის დადგენილი. პატრიარქი ეკლესიაში სიყვარულის, ერთობის შენარჩუნებას უნდა ცდილობდეს, ამ ადამიანის ძალისხმევა კი გათიშვისკენ არის მიმართული. კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს შორის  ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილია, ახლა უკვე საკითხი საბერძნეთის ეკლესიასთან მიმართებაში დადგა. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ჰყოფს. ამიტომაც ვთქვი, რომ ამ კაცის საკითხი ეკლესიის წინაშე უნდა დადგეს, როგორც ეკლესიის გამყოფის და სქიზმის შემომტანის!

ზემოთ ავღნიშნე, რომ მსოფლიოს ანტიქრისტეში გლობალიზების პროცესების შეფერხება-განვითარება დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. სოდომ–გომორში ათი მართალიც რომ ეპოვა ღმერთს, ამ ქალაქებს არ გადაწვავდა; ხუთი მართალი რომ აღმოჩენილიყო კონსტანტინოპოლში, ქალაქი სტამბულად არ გადაიქცეოდა, როგორც ეს შემდგომში გამოცხადებით ეუწყა მეჰმედ II-ს.

ღვთის მოწინააღმდეგე შეურაცხადი ადამიანები, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მცდელობის მსგავსად, ამაოდ ლამობენ უფლის მიერ დამკვიდრებული წესრიგის მოსპობას. ეს უნდა სწამდეს და სჯეროდეს მორწმუნე ადამიანს, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანად თვლის, ვისაც სურს იყოს ჩვენი დიდი წინაპრების სულიერი მემკვიდრე, მემკვიდრე რუის-ურბნისის კრების ანდერძისა: “არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო დედა ეკლესიაო, არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო!”
QartuliIdea

კომენტარები ფეისბუქიდან