“იანვარში, სესიებზე ციდან საჰაერო ბურთებით მოუწევთ ჩამოხტომა”, – რომან გოცირიძე უმრავლესობაზე

„ ეს პიკეტირება შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ საგაზაფხულო სესიებზე ციდან საჰაერო ბურთებით მოუწიოთ ჩამოხტომა. თურმე, ეს იდეაც განუხილავთ, საჰაერო ბურთი ხომ არ ჩამოვუშვათო და დიმიტრი ხუნდაძესა და დაჩი ბერაიას უთქვამთ, სიმაღლის გვეშინიაო და თუ სიმაღლის გეშინიათ, მაღალი თანამდებობის ღირსები არ ყოფილხართო (იცინის). ამაზე ლამის გული წასვლია დიმიტრი ხუნდაძეს, რადგან ახლა იგი აკაკი ზოიძის პოსტს უმიზნებს“, – ხუმრობს „პრაიმტაიმთან“ რომან გოცირიძე, რომელსაც დღის ბოლოს, ქუთაისის აქციისა და ზოგადად სიტუაციის ერთგვარი შეჯამება ვთხოვეთ:

– დღეისათვის რა გეგმაც იყო დასახული ქუთაისის აქციაზე, შესრულდა. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ქუთაისი, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქი და სოფელი აპროტესტებს იმ უმსგავსო საქციელს, რაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა, რომ მოატყუა ამომრჩეველი და საერთაშორისო საზოგადოება. ამას არავინ აპატიებს, ამიტომ პროტესტი და სხვადასხვა  ფორმის აქტივობები გრძელდება, როგორც ხედავთ. ამ ხელისუფლებას მოსვენებას არ მივცემთ და შედეგსაც მივაღწევთ, ან პროპორციული ვადამდელი არჩევნები, ან მათი ჯიბის ისე დასუსტება, რომ სანატრელი გაეხადოთ ის, რაც არ შეასრულეს. არჩევნებამდე კიდევ უფრო ჩამოშლილი ფორმით მივლენ, ისედაც ჩამოიშალნენ. ივანიშვილს მხოლოდ უსახური მაჟორიტარები შემორჩნენ. ვინც წერა-კითხვა იცოდა და პარლამენტში ამინდს ქმნიდა, ყველამ დატოვა.

– დღეს ქუთაისში გარკვეულ ინცინდენტებსაც ჰქონდა ადგილი, ოპოზიციას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს…

– ეს კვერცხები „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. სადაც კი ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, ყველგან კვერცხებით დახვდნენ, რომლებსაც საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ყიდულობენ. დღესაც, ქუთაისში საბიუჯეტო კვერცხები ისროლეს. ასეთი ფორმა რატომ აირჩიეს, ეს მათი უგუნური გადაწყვეტილების შედეგია. ეს ადამიანები ივანიშვილის მიერ დაქირავებული პირები არიან.

– ბატონო რომან, ისევ აქციებზე გკითხავთ, ხვალ, ზეგ, რა გეგმები გაქვთ?

– სამეგრელოში ჩავალთ, გურიაში, შემდეგ, ხალხი იქიდან ჩამოვა თბილისში და სხვადასხვა ფორმით იქნება, სულ მცირე, ხელისუფლების შეწუხება და მაქსიმუმ – შოკში ჩაგდება. ყველგან ყოველ დღე იქნება რაღაც აქტივობა. ახალგაზრდები როგორ გამოდიან, ხომ ხედავთ, უკვე სტიქიური ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა. უკვე იმდენი პროტესტი იმართება, რომ პოლიტიკურ პარტიებთან საერთოდ აღარ არის დაკავშირებული. როდესაც ხელისუფლება უპირისპირებს აგრესიას მათ მიერ დაქირავებული ადამინებისა და საჯარო მოხელეების გამოყვანით, ის ხელისუფლება აგებს, ეს ვნახეთ უკვე ჩვენ.

– უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდშიც იგივეს ამბობდნენ, რომ აქციებზე საჯარო მოხელეები და 20 ლარად დაქირავებული ადამიანები გამოჰყავდათ.

– დიახ, არჩევნების წინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დინამოს სტადიონი აავსო, მაშინ იქ 80 ათასი კაცი ეტეოდა. ამიტომაც დაამთავრა კრახით ის საარჩევნო წელიწადი. ახლა, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ საჩვენებლად და წინასაახალწლოდ მომხრეების გასამხნევებლად „ხალხის“ გამოყვანას აპირებს – ბაღის, სკოლის მასწავლებლები, საჯარო სამსახურში დაკავებული ადამიანები. რომლებიც, შემდეგ, შერცხვენილები წავლენ სახლში, რადგან მათი ნაცნობები ხომ დაინახავენ ტელევიზიით, როცა მათი განწყობა იციან. ეს ხალხი გაცილებით მძიმე შედეგს მოუტანს ივანიშვილს, ვიდრე მას წარმოუდგენია. ეს ყველაფერი საარჩევნო ყუთთან გამოვლინდება. ადრეც ასე ერეკებოდნენ ამ ადამიანებს არჩევნებზე, ვიცით, როგორი ზეწოლა იყო.

მმართველობის ბოლო პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა პოპულარობა და უდიდესი საქმეების პარალელურად, შეცდომებიც მოუვიდა, სწორედ ასე ეგონათ მათაც, თუკი საჯარო მოხელეებს გამოიყვანდნენ, ეს კარგი იქნებოდა. დინამოს სტადიონი ვახსენე, გაივსო-მეთქი, ვიცოდი, რომელი სექტორი რომელი სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სოფლების თუ რეგიონების წარმომადგენლებს უნდა დაეკავებინათ, ყველას თავისი სკამი ჰქონდა მიჩენილი. სწორედ ამ ხალხმა აქცია ზურგი და „ქართულ ოცნებასაც“ ასე დაემართება.

ვინმეს ჰგონია, რომ პოლიციელები, რომლებიც ამ ყინვაში დგანან, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მომხრეები არიან? იძულებით არიან იქ. მათ ტანსაცმელიც კი არ აცვიათ შესაბამისი, იყინებიან, გვეცოდებოდნენ, მე და ხატია დეკანოიძე ხელით ვამოწმებდით, რამდენად თბილი იყო ის ქურთუკები, რომლებიც მათ ეცვათ და ძალიან თხელი, საშემოდგომო იყო და ზოგს ქუდიც კი არ ეხურა. აქციებზე გაყინული პოლიციელები დგანან, თანაც იდეურად ოპოზიციაში არიან.

ავტორი: თამთა დადეშელი