14-ში თბილისში მინიმუმ 70 ათასი კაცი უნდა იდგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო მუნიციპალიტეტს დაახლოებით 900-დან 1000 კაცამდე ეყოლება ადგილამდე ჩასაყვანი.

მაშინ, როცა ოპოზიცია ბოლო ხმაზე ამტკიცებს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დგას და ქუჩაშია, მმართველი გუნდის შიგნით სერიოზული არეულობაა. არეულობა კი იმან გამოიწვია, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ძალა იგრძნეს და ახლა დაიწყეს. ზუსტად ეს ტერმინი იხმარა ჩვენთან საუბარში „ოცნების“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და ისიც დაადასტურა, რომ დიმიტრი ხუნდაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის შეხლა-შემოხლა ხელჩართულ ჩხუბამდე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ ვერც ერთმა ვერ გაბედა ხელის დარტყმა. მითუმეტეს, შუაში ჩადგომა არავის უფიქრია.

 

როგორც წყარო ამბობს, ერთი შეხედვით, მმართველ გუნდში ვადამდელი არჩევნები არავის სურს, თუმცა ხუნდაძე და რამდენიმე დეპუტატი არც ამის წინააღმდეგია. ამიტომ, მათთვის სულერთია, რა და როგორ იქნება, მთავარია მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს და თავად კანდიდატები იყვნენ. ხუნდაძის ხუშტურების გარდა, სერიოზული უკმაყოფილებაა პარლამენტში გადანაწილებულ თანამდებობებთან დაკავშირებით. რეალურად, სხვები ელოდნენ დაწინაურებას, მაგრამ დაწინაურდა ხალხი, რომელსაც არც უბრძოლია და ზოგადად, ხმაც არ ამოუღია. მათ მიიღეს ყველაფერი, აქტიური ნაწილი კი მშრალზე დარჩა. სხვათა შორის, ხუნდაძესა და მდინარაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, თუმცა…

 

„რეალურად, ახლა ხელისუფლება ახალი წლის იმედად არის, რომ ეს ყველაფერი მშვიდად გადააგოროს, მერე კი, ოპოზიციის მუხტი უფრო მეტად ჩაქრება და პარტიები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავლენ. ერთადერთ, რამაც ეს მოცემულობა შეიძლება შეცვალოს, არის მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს და ამას ხელისუფლება ვეღარ გაუძლებს. მაგალითად, ხელისუფლება ვეღარ გაუძლებს გავრილოვის დარ ღამეს, ვეღარ გაუძლებს აქციაზე ვინმეს ზედმეტად დაშავებას ან გარდაცვალებას. ეს ყველაფერი კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ, ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლას გეგმავენ. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ რეგიონებში მხარდამჭერებს ლაგამი ამოსდო და აუხსნა, რომ 14 დეკემბრამდე არავინ არაფერს იზამს, ანუ აგრესია და ცემა-ტყეპა 14 დეკემბრამდე მორჩება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

 

14 დეკემბერს, ოფიციალურად, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღებას იზეიმებს. რეალურად კი, „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალის დემონსტრირებას შეეცდება. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს უკვე უთხრეს, რომ მათ სრული მობილიზება უნდა გამოაცხადონ და 14-ში თბილისში მინიმუმ 70 ათასი კაცი უნდა იდგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო მუნიციპალიტეტს დაახლოებით 900-დან 1000 კაცამდე ეყოლება ადგილამდე ჩასაყვანი. რა თქმა უნდა, მაგალითად მესტია ამდენს ვერ წამოიყვანს, მაგრამ ის სხვა მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაფარონ. 70 ათასი კაცის წარმოჩენა 100 ათასად, მარტივად შეიძლება და ამ ნაბიჯით ხელისუფლება ოპოზიციას, ანუ 32 პარტიას ანახებს, რომ იმაზე ათჯერ მეტი ხალხის შეკრება ნებისმიერ დროს შეუძლია. წესით, ამ ყველაფერმა საზოგადოების ფსიქოლოგიაზეც უნდა იქონიოს გავლენა, მაგრამ ოპოზიციას არ აინტერესებს არც საზოგადოება და არც ფსიქოლოგია – მათ სურთ პროპორციული არჩევნები და თუ ხელისუფლება ამას დათმობს, მათი ახალი მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა იქნება, რასაც ხელისუფლება აღარ დათმობს და ერთი დათმობით გულმოცემული ოპოზიცია უფრო მეტ ხალხსაც გამოიყვანს და უფრო მეტადაც რადიკალური იქნება. ამიტომ არის, დათმობაზე საუბარი საერთოდ რომ აღარ მიმდინარეობს და არც ევროპელი თუ ამერიკელი დიპლომატები იგიჟებენ თავს, გინდათ თუ არა, რამე შეცვალეთო. ეს ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია – საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იქნება და ეს ორივე მხარემ კარგად იცის. ჰო, რაც ყველაზე საინტერესოა, დიპლომატები არ არიან დარწმუნებული, რომ მათ თხოვნას თუ მოთხოვნას ივანიშვილი გაითვალისწინებს და ამიტომაც, ბოლომდე რადიკალურ განცხადებებს ვერ აკეთებენ.

„ბოლო დროს გახშირებული უმრავლესობის სხდომები პირადად ივანიშვილს სჭირდება. ის შეხვედრამდე და მისი დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურად ესაუბრება დეპუტატებს, რაღაც დავალებებს აძლევს, ზოგს მნიშვნელოვანს, ზოგს უმნიშვნელოს, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი კარგად მუშაობს. როცა სხვა დეპუტატები ხედავენ, რომ მათ კოლეგას ივანიშვილი ცალკე ესაუბრება, ისინი ეჭვიანობას იწყებენ, არ იციან, რაზე მიდის საუბარი და ჰგონიათ, რომ მათი კოლეგა „მაჟორიტარობას იპრავებს“. მაგალითად, ერთ-ერთ დეპუტატს ივანიშვილმა ჰკითხა, რამდენი შვილი გყავსო და როცა პასუხი მიიღო, უპასუხა, კარგია, ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანიაო. ორივემ გაიღიმა და დანარჩენები უბრალოდ მოკვდნენ ინტერესით, რაზე იცინოდა პარტიის თავმჯდომარე ასე თბილად. გვერდით ვედექი და ყველაფერი მესმოდა და სხვა დეპუტატის სახეები რომ დავინახე, ისინი მზად იყვნენ, მომღიმარი კოლეგა შუაზე გაეხლიჩათ. ბატონმა ბიძინამ ზუსტად იცის, როგორ უნდა მართოს ადამიანების ფსიქოლოგია და დეპუტატებთან ურთიერთობით ის უბრალოდ ერთობა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ასეა თუ ისე, ივანიშვილის მითითებაა, რომ მაჟორიტარებმა რაც შეიძლება ნაკლებად იაქტიურონ, მოთოკონ ნერვები და რაც მთავარია, 14 დეკემბრამდე, მათ ბიუროებთან დაძაბულობა მაქსიმალურად შეზღუდონ და კონფლიქტში არ შევიდნენ ოპოზიციასთან.

პ.ს. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ბიუჯეტის საკითხი მიმალულია მათზე აქცენტს არავინ გააკეთებს – ბიუჯეტზე მომავალ კვირას ცალკე მოგახსენებთ, რეალურად კი, 2020 წლის ბიუჯეტი, წინასაარჩევნო პერიოდზეა მორგებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დახუნძლული და მერე რა, რომ იმავე ბიუჯეტით, სამედიცინო მომსახურება გაისად მინიმუმ 50%-ით მოიმატებს. ვიღაც იტყვის, მაინც ხელისუფლება იხდისო, მაგრამ, არც ასეა საქმე – ბევრი რამ გაისად სამედიცინო სფეროში რიგითი მოკვდავების, ანუ ჩვენი გადასახდელი იქნება.

ანი დვალიშვილი
ალია