ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 111 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხს უძვირებს

ეროვნულმა ბანკმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით, 9%-მდე გაზრდის შესახებ.

ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით 111 400 მომხმარებელს გაუძვირდება საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე სესხზე. სწორედ ამდენი სესხია ამჟამად მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეოთხედ გაზარდა. სამი თვის წინ განაკვეთი 6.5%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიზეზად ამჯერადაც ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომავალ წნეხს ასახელებს.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.
infonevs

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი.

ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ წინა თვეებში კლების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა. ასევე, მესამე კვარტალში გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება. აღნიშნული საგარეო დინამიკისა და მდგრადი დაკრედიტების ფონზე, წინასწარი მონაცემები საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5909 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.