ლგბტ თემის წარმომადგენლის გიორგი ჩხარტიშვილის, იგივე, მაცაცოს თქმით, მისი ნათლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურსა და საპატრიარქოში დაგეგმილი პიარსცენა იყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ ჩემი ნათლობის გრანდიოზული პიარსცენა დაგეგმა, რომ გარკვეული სვლები ჩატარებულიყო საზოგადოებასთან ჩემს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამით სუს-მა და საპატრიარქომ პოლიტიკური სვლა გააკეთეს, რომ შემდეგ საზოგადოებასთან ჩემი ინტეგრაცია მომხდარიყო, დავფინანსდებოდი ლგბტ ორგანიზაციიდან, რომ ჩემს ორგანიზაციას ისინი გარკვეულ ფინანსურ სახსრებს მისცემდნენ, საპატრიარქო პიარაქციებს მპირდებოდა. საპატრიარქოში მამა ზურა ოთხოზორიას მეშვეობით მიბარებდნენ. მივდიოდი, სადაც პატრიარქის მდივან-რეფერენტი მხვდებოდა, ყოველთვის მაძლევდა 500 ლარს, ეს ხდებოდა დაახლოებით 3-4 კვირის მანძილზე, ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს. შორენა ჩემგან უშუალოდ ითხოვდა 4 რამეს: ინფორმაციას საპატრიარქოში ლგბტ წევრების შესახებ და მათთან დაკავშირებულ ცნობებს. ასევე თანამშრომლობას, თუ ვინ შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმისთვის, რომ რაღაც საუბრები ჩაეწერათ და ა.შ პირდაპირ არ მეუბნებოდა, მაგრამ მიმანიშნებდა, რომ მას სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც ჩანაწერების უზრუნველყოფისთვის გამოიყენებდა. მესამე ნაწილი იყო ერთსქესიანთა ქორწინება – კატეგორიულად ითხოვდა , რომ ეს სარჩელი უნდა შეტანილიყო და უნდა მომხდარიყო ამ სარჩელის გამოყენება და ა. შ. მამა ანდრიაც ითხოვდა ჩემგან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილიყო სარჩელი ადამიანისა და ცხოველს შორის სექსუალური კავშირის დაკანონებასთან დაკავშირებით (ზოოფილია). ამას მკაფიოდ ითხოვდნენ ჩემგან და არაერთგზის. ასევე მთავაზობდნენ სხვადასხვა თემაზე სარჩელის აღძვრას, გამოსვლებსა და პროვოკაციებს, რაზედაც არ დავეთანხმე და სწორედ ამიტომ დავშორდი საპატრიარქოს. შემდეგ შორენა თეთრუაშვილი ჩემგან ძალიან კონკრეტულად ითხოვდა, თუ რა გეგმით შეიძლებოდა ლგბტ თემის განადგურება საქართველოში, ითხოვდა ლგბტ თემის წარმომადგენლების სიას. მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, ასევე მივაწოდე აუდიოფირები და მასალები. თეთრუაშვილს ყველა ის ფირი და ვიდეომასალა აქვს, რომელიც მქონდა, როცა ჩემგან ყველაფერი მიიღო პოლიტიკურ სანაგვეზე მომისროლა და ამის შემდეგ საერთოდ ურთიერთობაც გაწყვიტა ჩემთან“, – განაცხადა გიორგი ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი არ აკონკრეტებს ერთად მოქმედებდნენ თუ არა შორენა თეთრუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის თანამოაზრეები, იმისთვის რომ საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ გამართული გამოსვლები და პროვოკაციები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით დასრულებულიყო, თუმცა აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო.