90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ – ხალხის ხმა „კომერსანტზე“

საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. „კომერსანტი“ ამჯერად ხალხის აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მომატებული ფასების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, ადამიანებს თვიდან თვემდე თავის გატანა ყოველ დღიურად ურთულდებათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი თითქმის ყველა მოქალაქეს დაეტყო, რთული ვითარება განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებშია შესამჩნევი, იქ სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნები ყველაზე ნაკლებად ხვდებიან და იქ სადაც მოქალაქეებს ხვალინდელი დღის იმედი დაკარგული აქვთ.

„კომერსანტის“ დანიშნულების ადგილი გლდანის ბაზარია, დღეს აქ ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე საუბარი აღარ სურთ, უმეტესობა გაბრაზებულია, ჰგონიათ რომ მათი აზრი უმნიშვნელოა, რადგან არავის ესმის. ზოგიერთი მათგანი ათწლეულებია ბაზარში მუშაობს და გვიყვება,რომ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორიც დღეს არის.

დათო გლდანის ბაზარში ხილს ყიდის. ამბობს, რომ ხშირად ადამიანები ორ-ორ ცალ მსხალს და ვაშლს ყიდულობენ. შუა ხნის კაცი 90-იან წლებს ახსენებს.

„პროდუქტზე ფასები ერთი ორადაა გაძვირებული. ყველაზე მეტად ვაშლზე მოიმატა ფასმა, ამის გამო მყიდველები ძალიან შეგვიმცირდა.  24 წელია ვმუშაობ და ასეთი სიძვირე არასდროს ყოფილა, ფასებმა მატება 2017 წლიდან დაიწო. ხორცის 20 ლარამდე გაძვირდა, იმერული ყველი რომ 12 ლარზე ავა როგორ უნდა იყიდო? ეს ყველაფერი დოლარის კურსითაა გამოწვეული, ესეთი სიტუაცია მხოლოდ ომიანობის დროს , 90- იან წლებში იყო“– ამბობს ხილის გამყიდველი.

გლდანის ბაზარში წამლის ფულის შესაგროვებლად 72 წლის ქალი მუშაობს. პენსიონერი ამბობს, რომ 200 ლარი არაფერში ჰყოფნის, ამიტომ იძულებულია, რომ ყინვაში გარეთ გამოვიდეს და იმუშაოს, რათა ოჯახს მცირედით დაეხმაროს.

„ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ახალგზარდა თაობის მოსვლის შემდეგ მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება, თორე ჩვენმა თაობამ ისე დავკარგეთ რწმენა, რომ მომავლის იმედი საერთოდ აღარ გვაქვს. ყველაფერი ძვირია, ხალხი პროდუქტს ვერ ყიდულობს, სად გინახიათ საქართველოში ერთი კილო მანდარინი ეყიდოთ, კილოობით  მიჰქონდათ ხოლმე. რამდენი ხანია ხორცი არ მიმიტანია სახლში, ვერ ვყიდულობ, მირჩვევნია ისევ წამალი ვიყიდო. თვალის პრობლემები მაქვს ერთი წამალი 70 ლარი ღირს, რომელიც 3 დღე მყოფნის. ოჯახი რომ არ მყავადეს არ ვიცი როგორ გავწვდებოდი ამ ხარჯებს, ვისაც შვილები არ ჰყავს მათ რა უნდა ქნან?“,- გვიყვება პენსიონერი.

თინა 25 წელია ბაზარში მჟავეს ყიდის, დათოს მსგავასად, მასაც დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება 90-იან წლებს ახსენებს.

„შარშან ყველი 6-7 ლარი ღირდა, წელს 12 ლარი ღირს, ხორცი 16 ლარი ღირდა ახლა 24 ლარი ღირს, სწორედ ამიტომ ვეღარ ვყიდულობ. ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ომის დროს იყო. როცა იკითხავ რატომაა გაძვირებული პროდუქტები, გვეუბნებიან ფასი დოლარის გამოა მომატებულიო, ამაზე კი სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ძვირდება დოლარი, ძვირდება პროდუქტიც, დოლარის კურსი დაიწევს პროდუქტის ფასი იგივე რჩება“– ამბობს შუახნის ქალი.

„კომერსანტთან“ მცირე კომენტარით შემოიფარგლა ასაკოვანი თევზის გამყიდველი ქალი:

„ისეთი მძიმე მდგომარეობა როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა, პროდუქციას ხელის კანკალით ვყიდულობ მეც და სხვებიც, ყოფილა ისიც, რომ ადამიანს სახლში ერთი ლარის ხამსა წაუღია, რათა მშიერს არ დაეიძინა“,– გვითხრა თევზის გამყიდველმა ქალმა.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში საკუთარ პასუხისმგებლობას ხედავს ერთ-ერთ მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა თავიდანვე უნდა გაეპროტესტებინა.

„გაძვირებული პროდუქტები პირადად ჩემი პასუხისმგებლობაცაა, როგორც რიგითი მოქალაქის, რადგან თავის დროზე ხმა არ ამოვიღე და როცა დრო იყო არ გავაპროტესტე. პენსიონერი ვარ და ხშირად იმ პროდუქტს რაც მინდა ვერ ვყიდულობ, ჩემი პენსია კი თვიდან თვემდეც არ მიმყვება. იმ წამლებშიც არ მყოფნის რასაც ვსვამ, მარტო ერთ წამალში 200 ლარს ვიხდი. რამდენიმე პროდუქტის შეძენა მინდა, მაგრამ ერთს რომ ვიყიდი,მეორეს ვეღარ ვყიდულობ“, – აცხადებს მყიდველი.

გაზდილი ფასების გამო თინა ბებოსთვის წლებია პრობლემაა ისეთი პროდუქტების შეძენა, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან პენსია ასაკოვან ქალს მხოლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე ჰყოფნის.

„პურიდან დაწყებული ყველაფერი გაძვირებულია, ამის გამო ჩემი რაციონი მკვეთრად შეიცვალა. აღარ მახსოვს ბოლოს ხორცი როდის ვიყიდე.  81 წლის ვარ, ძალიან ბევრი რამ მინახავს, ძალიან ბევრი კრიზისი გადაგვიტანია, მაგრამ საჭმლის საყიდელი ფული ყოველთვის გვქონდა. 5 ლარი ბრინჯი რომ ეღირება და 1.50 კარტოფილი, პენსიონერმა რისი ყიდვა უნდა შეძლოს?“ – გვიყვება პენსიონერი.

ბაზარში მომუშავე თითქმის ყველა ადამიანისთვის უდიდეს პრობლემას სასესხო ვალდებულებები წარმოადგენს.ზოგიერთი მათგანი „გაშავებულია“, ზოგიერთი როგორც თვითონ ამბობს, სესხს ვაი–ვაგლახით იხდის, ზოგიერთს კი პენსიაც წინასწარ აქვს აღებული.

„სესხსაც ვეღარ ვიღებთ გაშავებულები ვართ. გამოვიტანდი და ავიღებდი სურსათს, რომ მემუშავა მაგრამ არ შემიძლია. 90-იანი წლიდან გარეთ ვარ და ვვაჭრობ, ასე არასდროს ვყოფილვართ, მყიდველი ძალიან შემიმცირდა, ხალხს ფული არ აქვს რომ რამე იყიდოს და ჩვენც ავმუშავდეთ“, – ამბობს ბოსტნეულის გამყიდველი.

„კომერსანტის“ ყველა რესპონდენტი ადასტურებს ფაქტს, რომ ქვეყანაში ცხოვრება უკიდურესად გართულდა, დღეს ყველა მოქალაქის ცხოვრება თითქოს ერთმანეთს ჰგავს, თითქოს ყველა ერთად იბრძვის, იბრძივის გადარჩენისთვის.

ბაჩო ადამია

ნათია ლომიძე

https://commersant.ge