პატრიარქის კურთხევით ლუკა სირაძეს წესს აუგებენ

“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა,” – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

http://ghn.ge/