აი, რეალური გზა! ქართველ მეცნიერთა ღია წერილი პრემიერ გახარიას

ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ ქართველ მეცნიერთა მრავალწლიანი მაკროეკონომიკური კვლევების საფუძველზე და საქართველოს კონკურენტუნარიანი უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, შემუშავებულია ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კონცეფცია – „წყალი – ეროვნული სიმდიდრე“, ასევე პროგრამა – „რეალურად განხორციელებადი ქართული ეკონომიკური სასწაული“, რომელიც ეფუძნება მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის შექმნა-განვითარებას.

პროგრამის მიზანია: საქართველოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის სიდუხჭირიდან გამოყვანა და კეთილდღეობის ამაღლება; ქვეყნის მატერიალური სიმდიდრის ზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინსტრუმენტების ფორმირება და დარგობრივ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება ფულადი რესურსების უზრუნველყოფით; ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობა „ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციის“ საფუძველზე; საზოგადოების ერთიანობის განცდის აღდგენა და სხვ.

მიზნის მიღწევის გზები: საქართველო უნდა გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კონკურენტუნარიანი უპირატესობის მქონე მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ექსპორტიორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა; ამის საფუძველზე საქართველო შეძლებს ყოველწლიურად ჩამოასხას 50 მლრდ ლიტრი მაღალხარისხოვანი სასმელი წყალი. ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის სააქციო საზოგადოების ყველა წევრი ეტაპობრივად გახდება საქართველოს მკვიდრი ყველა მოქალაქე, რომელთაც უფასოდ გადაეცემათ ასეულათასობით აშშ დოლარის „მატერიალური ღირებულების“ 1 აქცია საკუთრების უფლებით, რაზეც გამოცხადდება გასხვისების 10-წლიანი მორატორიუმი მოსახლეობის საშუალო ფენის შექმნა-ჩამოყალიბებისა და მდიდარი მოსახლეობის მყიდველობით-უნარიანობის შენარჩუნების ზრდის პერსპექტივით.

რაც მთავარია, უზრუნველყოფილია სასმელი წყლის მსოფლიო ბაზრის მოპოვება და ინდუსტრიული მშენებლობისათვის საჭირო 5 მლრდ აშშ დოლარით დაფინანსება.  

 

პროექტის რეალიზაციის შედეგებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

18 თვეში საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში აშენდება 190-მდე სასმელი წყლის ჩამომსხმელ-დამფასოებელი ქარხანა; პირველ ეტაპზე შეიქმნება 80-100 ათასამდე სამუშაო ადგილი; დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იქნება 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ქვეყნის ყოველწლიური შემოსავალი იქნება 12 მლრდ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; კონცეფცია-პროგრამის რეალიზაციით საქართველოს ბიუჯეტი შეივსება 2,5 მლრდ დოლარის ეკვივალენტით ლარში;

შეიქმნება განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აშენდება ახალი პორტები და ტერმინალები. აღნიშნული ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებისთანავე, მიწისქვეშა სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური მოდელის გამოყენება უზრუნველყოფს  ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ფორმირებას, რაც მსოფლიოს უმაღლესი კლასის საბანკო გარანტიაა დარგობრივი ეკონომიკური პროექტებისათვის საჭირო გრძელვადიანი მცირეპროცენტიანი ფულადი რესურსების მოსაზიდად; სტრატეგიულ პარტნიორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება მილიარდობით დოლარის გამოყოფის თაობაზე; სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ქალაქებისა და დაბების წყალმომარაგება-წყალარინების ახალი სისტემების მშენებლობისა და საზღვრისპირა მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე სოფლების ურბანული განვითარებისათვის, მთისა და ბარის კოოპერირებისათვის, გლეხურ-ფერმერული მეურნეობების მოსაწყობად, მეცნიერების, ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის, ინოვაციური ტექნოლოგიების და ა.შ. სტრატეგიული მიმართულების განვითარებისათვის; მრავალი მლნ დოლარი გამოიყოფა ტყეების გაშენება-რეაბილიტაციისა და აღდგენა-განახლების მიმართულებით;მიღებული შემოსავლების რეინვესტირებით მეათე წელს საქართველოში მაღალი ანაზღაურებით დასაქმდება 450 ათასამდე ადამიანი, ხოლო ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები მიაღწევს ათეულ მილიარდობით დოლარს, რასაც ადასტურებს ფინანსური ნაკადების ბრუნვის აქსელერატორი (ბიზნეს-გეგმა).

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნება ნავთობისა და გაზის საბადოების მფლობელი წარმატებული არაბული ქვეყნების ბევრად უკეთესი  ქართული მოდელი იმ უდიდესი უპირატესობით, რომ სასმელი წყლის რესურსები მუდმივად თვითგანახლებადი, ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების   უნიკალური  პროდუქტია.  არსებითად გაიზრდება მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობა, შეიქმნება მოსახლეობის საშუალო ფენა, საფუძველი ჩაეყრება ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებას, რითაც საქართველო, მშვიდობიანი და მდგრადად განვითარებადი რეგიონული ეკონომიკური სივრცით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო თანამეგობრობაში.

მოკლედ, ბუნებრივი სასმელი წყლის უზარმაზარი რესურსული პოტენციალის ინდუსტრიულ საფუძველზე ამოქმედება და გამოყენება საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად გადააქცევს.ყოველივე ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა კი ერის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი, საშინელი შეცდომა იქნება.

დიახაც, რომ შემუშავებული გრანდიოზული პროექტის განხორციელება საქართველოს უამრავ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას მოუხსნის, ხოლო მსოფლიოს „წყალმოწყურებული“ ქვეყნების 2/3-ზე მეტ მოსახლეობას, რომელიც წყლის კატასტროფულად მზარდი დეფიციტის პირობებშია, სასიცოცხლო შვებას მოუტანს, საქართველო კი – დიდძალ ფულად შემოსავლებს მიიღებს მსოფლიოს ხალხების მადლიერებასთან ერთად.

საქართველოს სწრაფი სოციალურ ეკონომიკური განვითარების კონცეფცია-„წყალი ეროვნული სიმდიდრე“, და პროგრამა– „რეალურად განხორციელებადი ქართული ეკონომიკური სასწაული“,  არის ქვეყნის აღმავლობისა და გაბრწყინების  გრანდიოზული პროექტი.

იმედის მომცემი და ფრიად სასიხარულოა, რომ ამ პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას, ქვეყნის მეტად რთული შეჭირვების ჟამს, ხელს შეუწყობს ცნობილი ქართველი მეცენატისა და ქველმოქმედის,  ბატონი ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე წარმატებული გამოცდილება და მიღწევები.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  და დარგობრივი აკადემიების პრეზიდიუმების, ასევე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ეროვნული პრობლემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ არაერთგზის იქნა განხილული და მოწონებული ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები შესაბამისი სამოქმედო გეგმით. რომელსაც ხელს აწერს ეროვნული აკადემიის 21 წევრი, ასევე 30 მოწვეული მაღალკვალიფიციური ექსპერტი, სულ – 56 აკადემიკოსი და პროფესორი, არაერთხელ გადაეგზავნა ბოლო წლების მანძილზე თქვენამდე მოქმედი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, თუმცა, მისგან რაიმე გამოხმაურება საზოგადოებას არ უგრძვნია. ამ ფონზე, ბატონო გიორგი, სასიხარულო და იმედისმომცემია თქვენი დაუოკებელი შემართება თუ მზადყოფნა, გაბედულად, სწრაფად, გონივრულად, ერის ინტერესების სასარგებლოდ დაარეგულიროთ ქვეყნის მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემა. ღრმად დარწმუნებული ვართ, უსათუოდ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას სასმელი წყლის ინდუსტრიის ხორცშესხმის გადაუდებელი ამოცანა, რაც ქვეყანასა და ერს დიდ შვებას მოუტანს, თქვენ და თქვენი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი კი საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ  ახალი ეკონომიკური კონსტიტუციით ქვეყნის აღმშენებლობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევისათვის.

ელიზბარ ჯაველიძე.
tvalsazrisi

კომენტარები ფეისბუქიდან