სოციალური შემწეობა ადამიანს მოტივაციას უკარგავს“ – გუგული მაღრაძე

უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა:

„სოციალურ შემწეობას ვაძლევთ ყველა ადამიანს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და ვეხმარებით ამით, მაგრამ ასეთი ადამიანების დაახლოებით, 46 პროცენტი შრომისუნარია, დანარჩენი არის ისეთი, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის გამო, მუშაობა არ შეუძლია. ამიტომ, როდესაც ეს ორივე კატეგორია იღებს სოციალურ შემწეობას, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავებას არ ვაკეთებთ. ადამიანებს, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, სოციალური დახმარება ენიშნებათ წლების განმავლობაში, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდას უნდა შესთავაზო შესაძლებლობა, მუშაობა დაიწყოს, წინ წავიდეს, მეტი შეიტანოს ოჯახში და არ იყოს მუდმივად ჩამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე. არიან ისეთებიც, ვინც 20 წელია, ამ შემწეობას იღებს, რაც მათ მოტივაციას უკარგავს, უსარგებლო ხდება თითქოს ადამიანი. ასევე, როდესაც ოჯახში ბავშვები იზრდებიან და ხედავენ, რომ დედა არ მუშაობს, მამა არ მუშაობს, ეს მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ მოვეხმაროთ ამ ადამიანებს მუშაობის დაწყებაში! ჩვენ გვაქვს უამრავი უფასო პროფესიული კურსი, შევთავაზოთ, ვასწავლოთ და შემდეგ, როცა დაამთავრებენ, რეკომენდაცია გავუწიოთ, რომ დასაქმდნენ, რაღაცნაირად გამოვიყვანოთ ეს ადამიანები მუდმივი სოციალური შემწეობის გავლენისაგან“.
guriismoambe