31 იანვარს ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და გარდამავალი პერიოდი დაიწყო . როგორ იმოქმედებს ეს ევროპის ფინანსურ სექტორზე?-ეს საკითხი ამ ეტაპზე თითქმის არ ჩანს ლონდონს და ბრიუსელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღის წესრიგში, იმის მიუხედავად, რომ ამ სექტორს სამეფოს ეკონომიკაში მოწინავე პოზიციები უჭირავს.
2017 წელს ფინანსურმა მომსახურეობამ ბრიტანეთის ექსპორტის 45% შეადგინა. აქედან 40% სწორედ ევროკავშირზე მოდიოდა. მომსახურეობის იმპორტ-ექსპორტში ბრიტანეთის პროფიციტი შეადგენს 112 მლრდ. ფუნტს, მაშინ როდესაც სასაქონლო ბრუნვაში პირიქით – ადგილი აქვს დეფიციტს. ბრიტანეთს მეტი შემოაქვს, ვიდრე გააქვს.
ლონდონი, როგორც ფინანსური ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო და ევროპის კაპიტალის ბაზრებისთვის. 2019 წელს მისმა ბრუნვამ 150 მლრდ. ფუნტი შეადგინა, რაც გერმანიის ავტომრეწველობის გაყიდვებს უდრის.ლონდონის გავლით ხდება მსოფლიოში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის 37% და საერთაშორისო საკრედიტო გარიგებების 20%. ფინანსურ სექტორს მოაქვს ბრიტანეთის ბიუჯეტის 11%, ის ასაქმებს 1,1 მლნ. ადამიანს.
ევროკავშირის და ლონდონის ურთიერთდამოკიდებულება თითქმის ერთნაირია . ფინანსური სექტორის შემოსავლების 25% ევროკავშირთან დადებულ გარიგებებზე მოდის, ხოლო ევროკავშირი აქტიურად იყენებს ბრიტანეთს ვალუტის და კაპიტალის საჭიროების მეოთხედის დაკმაყოფილებისთვის.
ასევე ევროპის ცენტრალური ბანკი აქტიურად იყენებს ბრიტანულ პლატფორმების ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის.
ინვესტორების და ბაზრის მონაწილეების გასაკვირად, ბრექსიტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში თითქმის არ განიხილება ფინანსური სექტორის საკითხი. სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ამ საკითხზე საქმიანობა 2018 წლის ივლისში დაასრულა, თუმცა, შედეგების შესახებ არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოებულმა მოლაპარაკებამ ცხადყო, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანულ ფინანსურ კომპანიებს არ ექნებათ ისეთივე თავისუფალი წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზრებზე, როგორც გაერთიანებაში წევრობის პერიოდში ჰქონდათ.
უთანხმოება იმდენად ფუნდამენტალურია, რომ მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გაიყინა.
თუმცა, მხარეების პრიორიტეტები უკვე ნათელია – ევროკავშირი შეეცდება შეზღუდოს ბრიტანეთთან ფინანსური თანამშრომლობა და დაიყვანოს ის სტანდარტულ შეთანხმებამდე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ხოლო ლონდონი მომავალი პირობების მაქსიმალურ დაახლოებას უკვე არსებულ მოდელთან შეეცდება.მკვეთრი და გასაგები პოზიციების არარსებობა ქმნის გაურკვევლობას მომავალთან დაკავშირებით. აზრები და პროგნოზები გაიყო – ზოგი მიიჩნევს, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთის ფინანსურ სექტორს ელის კატასტროფა, ზოგი მის უფრო მეტ აყვავებას წინასწარმეტყველებს.
თავიდან ბრიტანეთის პოზიცია იყო დღევანდელი „პასპორტიზაციის“ სისტემის შენარჩუნება. ის აძლევს ევროპულ და ბრიტანულ ფინანსურ კომპანიებს ერთმანეთის ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას თავიანთი რეგულატორების ლიცენზიის საფუძველზე.
დღეს ბრიტანულ ბანკს, მაგალითად, იტალიაში სამუშაოდ არ სჭირდება იტალიური რეგულატორს ნებართვა, საკმარისია მხოლოდ ბრიტანული ლიცენზია და პირიქით.
თუმცა, ბრიუსელმა თავიდანვე უარყო ეს პოზიცია და ლონდონს ე.წ. „ეკვივალენტურობის პრინციპი“ შესთავაზა. ამ დროს მიმღები მხარის რეგულატორი იღებს გადაწყვეტილებას შემომსვლელი კომპანიის ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე. ანუ, ამ პრინციპის თანახმად, ბრიტანულ ბანკს, რომელიც შევა სამუშაოდ იტალიაში დასჭირდება იტალიური რეგულატორის ნებართვა, მაგრამ ის გაიცემა ბრიტანული კანონმდებლობის საფუძველზე.
ამ რეჟიმს გააჩნია სერიოზული პრობლემები, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ის ჩამოერთვა შვეიცარიას, რომელის მასზე წლების მანძილზე ვრცელდებოდა. გაუქმების მიზეზი გახდა „ საერთო ინსტიტუციური სტურქტურუს შექმნაზე მუშაობაში არასათანადო პროგრესი“.
საერთაშორისო ფინანსურმა კომპანია Virtu Financial-მა გაანალიზა 2019 წელს შვეიცარიული ბანკების მიერ დადებული 36 მლრდ. დოლარის გარიგებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ექვივალენტურობის რეჟიმის გაუქმების შედეგად გარიგებები 20%-ით გაძვირდა.
თუმცა, შვეიცარიულმა ფინანსურმა სექტორმა ეს ინფორმაცია თითქმის ვერ შეამჩნია. ცნობის გავრცელებასთან ერთად, შვეიცარიული საბირჟო ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა.
ლონდონი სითის და ევროკავშირის ბაზრის მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება აძლევს მთავრობების გარდამავალი პერიოდის შემდგომი ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების წარმატების იმედს. ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, ლონდონი სითის ფინანსისტთა 2\3 დარწმუნებულია, რომ ბრექსიტი არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ფინანსურ სექტორზე.
თუმცა, ამის მიუხედავად, ბაზრის მონაწილეები უარესისთვის ემზადებიან. ბანკებმა უკვე გადაიყვანეს 4000 თანამშრომელი და 1,3 ტრლნ. დოლარის აქტივები სხვა ქვეყნებში. ეს არაა დიდი მაჩვენებელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინანსურ სექტორში 1,1 მლნ. ბრიტანელი მუშაობს, მაგრამ, შესაძლოა, ეს იყოს მხოლოდ დასაწყისი.
ამ ყველაფრის გამო ბორის ჯონსონის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის და ბრიტანეთის მოლაპარაკებები ფინანსურ სექტორში მომავალი ურთიერთობების თაობაზე წარმატებით დასრულდება. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ფინანსურ სექტორთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სამეფოს ოფიციალური პოზიციის გამოქვეყნება.
სავარაუდოდ, მომავალი კონსულტაციების ათვლის წერტილი 2018 წლის ივლისში მხარეების მიერ შეთანხმებული 2 ძირითადი პრინციპი იქნება:
-მხარეთა ავტონომიურობა ბაზრებზე წვდომის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებაში
-ორმხრივი შეთანხმების დადება საერთო მიდგომების და ზოგადი პროცესების თაობაზე. ასევე ექვივალენტურობის პრინციპების დაზუსტება.
თუ საბოლოო ჯამში ბრიტანულ ფინანსურ კომპანიებზე გავრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სტანდარტული პირობები, ეს ნიშნავს, რომ ბრიტანულ კომპანიებს და ფასიან ქაღალდებს ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდული წვდომა ექნებათ.
სადღეისოდ, ძალიან რთულია მომავალი შეთანხმების პროგნოზირება. დღეს უკვე რამდენიმე ქალაქი გეგმავს ლონდონის ჩანაცვლებას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის, ფრანკფურტი, მილანი და დუბლინი.
რადგანაც ევროკავშირში ყველა გადაწყვეტილება იღებს კონსენსუსის საფუძველზე, შესაძლოა ამ ქვეყნებმა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაბლოკონ გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონისთვის მომგებიანი იქნება.
Commersant.ge