რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები

ჩინეთი და აფრიკის კონტინენტის არაერთი ქვეყანა მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რის გამოც, არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები იქაც გამოჩნდეს. ამისთვის არცერთი აფრიკის ქვეყანა არაა მომზადებული. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.

კორონავირუსი დედამიწის ოთხ კონტინენტზე უკვე გავრცელებულია, თუმცა განვითარებული ქვეყნები ასე თუ ისე ახერხებენ მასთან გამკლავებას. და რა მოხდება, თუ დაავადება აფრიკაში გამოჩნდება?

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 30 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 600-ს გადაცდა. აფრიკაში კი, როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ძალზედ მძიმეა, აქ მძვინვარებს მალარიის ეპიდემია, შიდსი, ტუბერკულიოზი, ასევე ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ამ ქვეყნებში ნაკლებობაა კლინიკების, სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების. ყოველივე აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის კონტინენტზე გამოჩენის შემთხვევაში, მალევე დაინფიცირდეს ასიათასობით ადამიანი, ათასობით კი დაიღუპება. ექსპერტები შიშობენ, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება. ისინი იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით დაავადებულები იყვნენ აფრიკის მოქალაქეები, თუმცა ამ დრომდე არ იყვნენ აღრიცხვაზე აყვანილები.

როგორც თავშივე აღვნიშნეთ, აფრიკის ქვეყნებსა და ჩინეთს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ჩინეთის მოქალაქეები სხვადასხვა ბიზნესებით არიან აფრიკის კონტინენტზე დაკავებულები, აფრიკის მოქალაქეები კი ძირითადად განათლების მისაღებად სტუმრობენ ჩინეთს. შესაბამისად, ასეთი მიმოსვლა ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.
intermedia.ge

კომენტარები ფეისბუქიდან