დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება” – მცურავ ციხედ ქცეული გემი, სადაც 4700 ადამიანი კვლავაც კარანტინში რჩება

საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის (“ბრილიანტის დედოფლის”) ბორტზე, რომელიც იაპონიის ნავსადგურის იოკოჰამას საკარანტინო ზონაში იმყოფება, ახალი კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში, ბორტზე მყოფ დაავადებულთა რაოდენობამ 61-ს მიაღწია.

სულ ლაინერზე დაახლოებით 3700 მგზავრია და 1000-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი. გემი კარანტინში არანაკლებ ორ კვირა იქნება.

ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის მასობრივი შემოწმება კორონავირუსზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის ჰონკონგელი ავად გახდა – იგი ლაინერზე 20 იანვარს ავიდა და გემი ხუთი დღის
შემდეგ დატოვა, ჰონკონგის პორტში შესვლის შემდეგ. როცა მან თავი ცუდად იგრძნო, ჰონკონგშივე გაიარა დიაგნოსტიკა და მას კორონავირუსი დაუდგინეს. ამ ფაქტის შესახებ აცნობეს იაპონიის ხელისუფლებას და როცა სამ თებერვალს საკრუიზო ხომალდი იოკოჰამაში დაბრუნდა, გემს ნავსადგურში შესვლის უფლება არ მისცეს და სპეციალურ საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

კიდევ ერთი საკრუიზო ლაინერი სახელწოდებით World Dream (“მსოფლიოს ოცნება”) იმყოფება კარანტინში, ამჯერად ჰონკონგთან: ნაპირზე გადასული რვა მგზავრი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. ჯერ-ჯერობით, გემის 3600 მგზავრს ბედი უღიმის – მათგან კორონავირუსით დაავადებული არ გამოვლენილა…

იაპონიის ნავსადგურებში შესვლაზე ასევე უარი ეთქვა ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის კუთვნილ ლაინერს Westerdam-საც – მიუხედავად იმისა, რომ მის ბორტზე კორონავირუსით დაავადებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

იაპონიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 86-ს მიაღწია, რაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ყველა ინფიცირებული განთავსებულია სპეციალურად მოწყობილ საავადმყოფოებში, რომლებიც რამდენიმე პრეფექტურის ტერიტორიაზეა შექმნილი.

ევაკუირებულ ინფიცირებულ მგზავრებს შორის აღმოჩნდა 58 წლის ბრიტანელიც, რომელიც კრუიზში “თაფლობის თვეს” ატარებდა თავის 41 წლის ცოლთან. სხვათა შორის, კორონავირუსის სიმპტომები ქალს არ აღმოაჩნდა, ამიტომ იგი ხომალდის ბორტზე რჩება სხვა მგზავრებთან ერთად.

კარანტინში მყოფი გემის ზოგიერთი მგზავრი პირობებს უჩივის, რაც გასაკვირი არაა: ისინი იძულებულნი არიან თითქმის მთელი დრო თავიანთ კაიუტებში გაატარონ. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, მათი გემი მცურავ ციხეს ჰგავს.

არსებობს ეჭვი, რომ ლაინერის ბორტზე არასაკმარისი რაოდენობის მედიკამენტებია. ერთმა მგზავრმა ქალმა გემბანზე იაპონიის დროშა გამოფინა, რომლის თეთრ ნაწილზე ეწერა, რომ “წამლები არ გვყოფნისო”. იაპონური ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, რომლებიც ნაპირზე იმყოფებიან, საპასუხოდ პლაკატი გამოფინეს წარწერით – “კონკრეტულად რომელი წამალი არ გყოფნით?”.

Diamond Princess-ის ბორტზე 56 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან. მათგან ავად გახდნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: იაპონის – 28, აშშ-ის – 11, ავსტრალიის – 7, კანადის – 7, ჩინეთის – 3, თითო-თითო – დიდი ბრიტანეთის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, ფილიპინის მოქალაქეები, ასევე ერთი ტაივანელიც.

კარანტინში მყოფებს შორის რუსეთის 24 მოქალაქეცაა. რამდენადაც ცნობილია, მათ ავადმყოფობის სიმპტომები არ აქვთ.

კომპანია Princess Cruises-მა, რომელმაც კრუიზის ორგანიზება გასწია, განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს კარანტინში მყოფ მგზავრთა პირობების შემსუბუქების მიზნით: შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ თანამგზავრული ტელევიზიით, უყურონ ფილმებს, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, იკითხონ ინგლისურ- და იაპონურენოვანი გაზეთები, ასევე უზრუნველყოფილია კაიუტებში საჭმელის მიტანა, უფასო ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი. ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ბავშვებზეც.

დროდადრო მგზავრებს ნებას რთავენ კაიუტიდან საბანკეტო დარბაზებში გასვლაზე ჯგუფ-ჯგუფად, რამდენიმე ადამიანის შემადგენლობით, მაგრამ გასვლა ხდება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ზედამხედველობით.

როგორია ლაინერის ბორტზე ცხოვრება?

ბრიტანელი დევიდ აბელი Diamond Princess-ის ბორტზე იმყოფება და “ფეისბუქში” რეგულარულად ჰყვება იმის შესახებ, რაც გემზე ხდება.

“ჩვენ რეგულარულად უნდა გავიზომოთ ტემპერატურა და თუ სიცხე მოიმატებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ სამედიცინო პერსონალს”.

“პატარა კაიუტებში ილუმინატორები არ არის და, შესაბამისად, მათში დღის სინათლე და სუფთა ჰაერი არ შედის. კაპიტანმა გადაწყვიტა და ასეთ კაიუტების მგზავრებს გვეძლევა დროდადრო გემბანზე გასვლის და იქ ფიზიკური ვარჯიშები შესრულების უფლება”.

“როცა გემბანზე გასვლის ნებას გვაძლევენ, ვალდებულები ვართ სახეზე ნიღაბი გვქონდეს აფარებული და ერთმანეთისაგან ერთი მეტრის დაშორებით ვიყოთ”.

“კაიუტებში საწოლის გასაშლელად ან დასასუფთავებლად სტიუარდები მეტად აღარ შემოდიან. ჩვენ თვითონვე უნდა ვიზრუნოთ კაიუტის სისუფთავეზე და ჰიგიენის დაცვაზე”.

“ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია და ამიტომ იძულებულნი ვართ ის გვეცვას, რაც კარანტინამდე გვეცვა. საცვლებს და თეთრეულს ნიჟარებში ვრეცხავთ. საბედნიეროდ, საპონი გვაქვს”.

“კარანტინის პირველ დღეს საჭმელი ცოტა იყო, ახლა კი ეს საკითხი მოგვარებულია. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მენიუ თითქმის მთლიანად შეიცვალა და ლუქსის პირობები აღარ გვაქვს”. 
kvirispalitra

კომენტარები ფეისბუქიდან