აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა სამშაბათს გამთენიისას ყველასათვის მოულოდნელად ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს და შეეცადნენ ფრონტის ხაზი გაერღვიათ. სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდიოდა დასახლებული პუნქტების – ზოლოტოეს, ნოვოტოშკოვის, ორეხოვოს, კრიმსკის და ვოლნის მიმართულებით. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია „ფეისბუკით” უკრაინის თვადაცვის სამინისტრომ გაავრცელა.მათი ცნობით, საბრძოლო მოქმედებებში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის არმიის შენაერთებიც მონაწილეობდნენ. ამასთან, ისინი იყენებდნენ 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებს, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებს ყუმბარმტყორცნებს, რაც, მინსკის შეთანხმებიდან გამომდინარე, აკრძალულია.
თვითმხილველთა გადმოცემით, ეს იყო დონბასში ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება 2018 წლის შემდეგ. ბრძოლა ადგილობრივი დროით გამთენიისას 5 საათზე დაიწყო და დაახლოებით 10:00-ზე შეწყდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 უკრაინელი ჯარისკაცი და 4 დაიჭრა. თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.
სეპარატისტული ძალების ინფორმაციით კი საზავო შეთანხმება პირველმა უკრაინულმა მხარემ დაარღვია, როდესაც 18 თებერვალს გამთენიისას სოფელ ზაიცევოზე განახორციელა საარტილერიო იერიში, რის შედეგადაც. ხუთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, მათივე ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებს იყენებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ შეტევას არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას. მე შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას”,-ნათქვამია „ტვიტერში”.
ცნობისთვის, ცნობისთვის, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.tmn.