გიორგი გახარიას გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის

მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების ამინდი მკვეთრად გაუარესდება. პოლიტიკური სინოპტიკოსების ცნობით, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესისა, პრემიერი გიორგი გახარია სავარძელს სწორედ მარტის დასაწყისში დატოვებს. შესაბამისად, მორიგი სამთავრობო კარუსელი ადრეულ გაზაფხულზე დატრიალდება.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის. 
სააგენტოს ინფორმატორის ცნობით, სუსის მოქმედი ხელმძღვანელი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს და ეს საკადრო გადაწყვეტილებაც სრულიად ლოგიკურია.

„ბიძინა ივანიშვილის ნდობის რეიტინგში გრიგოლ ლილუაშვილი დაწინაურდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მარტის დასაწყისში გახარიას სწორედ ლილუაშვილით ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მოხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაც. დიდი ალბათობით, ცვლილება არ შეეხება ძალოვან ბლოკს, ერთი გამონაკლისის გარდა – იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და „ოცნების“ ყველაზე სტაჟიანმა მინისტრმა ეს ძალიან კარგად იცის. ადგილზე რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც. სხვა მინისტრების ბედი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის“, – უთხრა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.

სააგენტოსთვის უცნობია, ასეთი საკადრო ცვლილებების შემთხვევაში, ვის ჩააბარებს ივანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მას სუსში ლილუაშვილზე არანაკლებ სანდო კადრი სჭირდება.

მოკლედ, დასავლეთმა თავისი გაიტანა და ივანიშვილს გახარიას შეცვლა მოუწევს. ამ ჩანაცვლებით საქართველოში ახალი პრეცენდენტიც იქმნება: ქვეყნის ისტორიაში პირველად სუსი ხელისუფლებას იპყრობს – უშიშროების მინისტრი პრემიერ-მინისტრი ხდება. 
შინაგან საქმეთა გაპრემიერებული მინისტრები ბევრი (ივანე მერაბიშვილი, გიორგი გახარია) გვახსოვს, მაგრამ უშიშროების მინისტრს პრემიერის სავარძელში გადაენაცვლოს, ქვეყნის ისტორიაში ეს ნამდვილად, პირველად ხდება.