ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება იმ რისკებს, რომელიც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, აშშ-ის მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების ან შემსუბუქების საკითხს განიხილავს. ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ფედერალური მთავრობა გაუმკლავდება ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ შედეგებს. „კომერსანტი“  დაინტერესდა კონკრეტულად რას ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს კორონავირუსის მიერ გამოწვეული დარტყმა საქართველოს მოქალაქეებზე და რას გეგმავს იმისთვის, რომ ქვეყანას ეკონომიკური დარტყმა თავიდან აარიდოს?

 

საკითხზე სასაუბროდ ორ წამყვან უწყებას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დავუკავშირდით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უწყება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრებთან კოორდინირებით, ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„ჩვენ უკვე შევხვდით „კოვიდ – 19“ – ის ვირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები.გუშინ გაიმართა შეხვედრა საბანკო სექტორთან, რომლის დროსაც განხილული იყო ტურიზმის სექტორის დახმარების საკითხი, რათა ვირუსის ზემოქმედება მათთვის მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი არ იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამის საჯარო უწყებას აქვს მწყობრი ხედვა და გეგმა ამ გამოწვევის შედეგების დაძლევასთან დაკავშირებით“-აღნიშავენ სამინისტროში. 

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მაჭავარიანი უწყების პასუხის შემდეგია:

 

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, გამოყენებული იქნება  შესაბამისი ინსტრუმენტები როგორც ფისკალური, ისე მონეტარული თვალსაზრისით. ამჟამად, მიმდინარეობს სექტორალური შეხვედრები ბიზნესთან, რათა დადგინდეს მათი საჭიროებები და ახალი კორონავირუსის ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე იყოს მინიმიზებული“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

იმაზე, რაზეც ამ დრომდე არ საუბრობს საქართველოს მთავრობა, საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი, ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება იმ რისკებს, რომელიც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს. ეკონომისტი აცხადებს, რომ რამდენჯერაც საქართველო აღმოჩენილა საგარეო რისკების წინაშე არც ერთხელ მთავრობას ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, შემდეგ კი ყოველთვის პრობლემის გადაბრალების რეჟიმში გადადის. ხორგუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვნია მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფ დროში კონკრეტული გამოსავალი შემოგვთავაზოს. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ გამოსავალი არ უნდა იყო არც ერთი სექტორის სუბსიდირება. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი არის, რომ ერთის მხრივ მთავრობამ შეამციროს გადასახადები, ხოლო მეორეს მხრივ, რეგულაციებს გადახედოს.

 

„ფაქტია, რომ რამდენიმე ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ამ კონკრეტული დაავადების გამო. რისკები კიდევ უფრო მეტად იზრდება ისეთი ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში, როგორიც საქართველოა. მაშინ, როდესაც, კარგი ჯანდაცვის სისტემის მქონე, მდიდარი ქვეყნები, ისეთი როგორიც ამერიკაა წინასწარ იღებს ზომებს იმისთვის, რათა მაქსიმალურად შეამციროს რისკები და დარტყმა საკუთარ მოქალაქეებზე, ძალიან სამწუხაროა,რომ ეს არ ხდება საქართველოში, სადაც უფრო დიდი რისკია იმის, რომ უფრო დიდი ეკონომიკური ზიანი მივიღოთ. მეორეს მხრივ, ბევრად გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჭიროება იმისა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ეკონომიკური დარტყმები აირიდოს თავიდან აუცილებელია. სამწუხაროდ ამაზე ამ დრომდე მხოლოდ საუბრობენ და არც ერთი კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა, განსაკუთრებით ეს ეხება გადასახადების შემცირებას. ცალსახაა, რომ ისეთ დროს, როდესაც დიდი რისკი არსებობს ეკონომიკური შოკის, რეცესიის თუ სხვა პროცესის ყოველთვის სწორი ნაბიჯია, ის რომ მაქსიმალურად გაზარდო დანაზოგები ინვესტიციების და რეგულაციების მოხსნის გზით. სწორედ ამას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები, ბოლო 4 წელი ამ პოლიტიკით ხასიათდება ტრამპის ადმინისტრაცია, რომ ამცირებს გადასახადებს და მთავრობა შესაძლებლობიდან გამომდინარე გამოჰყავს ეკონომიკიდან და კერძო სექტორიდან. საქართველოში ეს ყველაფერი პირიქითაა“, – აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ზვიად ხორგუაშვილი იმ ქმედით ნაბიჯებს, განმარტავს, რომელიც პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გადადგან, რათა ქვეყანას ეკონომიკური დარტყმა თავიდან აარიდონ.

 

„საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს რეგულაციებს საფინანსო და უძრავი ქონების მიმართულებით, რადგან კრიზისებისადმი რეზისტენტულობა ყველაზე ნაკლებად ამ სექტორებს ახასიათებთ. მთავრობამ ასევე უნდა ამოარჩიოს, რომელი გადასახადის შემცირებაა სწორი. დანაზოგების სტიმულირებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის სწორია საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირება. ამავე დროს ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, ამასთან საბრძოლველად სწორია აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადის  შემცირება. ჩემი აზრით, რაღაც მიქსი უნდა მოხდეს და ეს მიქსი უნდა ეხებოდეს აუცილებლად საშემოსავლო გადასახადს და აქციზზე გადასახადს მაგალითად, ნავთობპროდუქტზე. ეს იქნებოდა მოკლევადიან პერიოდში ყველაზე სწორი, რადგან ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს დატოვებს და თავიდან ავიცილებდით იმ რისკებს რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნას შეეხება.

ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არაორდინალურად გამოვიყენოთ ეს პრობლემური სიტუაცია. არაორდინალური გამოყენება ნიშნავს განსაკუთრებული წესები თუ შევთავაზეთ იმ ინვესტორებს, რომლებიც ფულს დებდნენ მაგალითად იტალიაში და ჩინეთში, გადმოვიბიროთ საქართველოში. მაგალითად, თუ განსაკუთრებით მკვეთრ შეღავათებს მივცემთ საერთაშორისო კომპანიებს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ცუდი მდგომარეობა მსოფლიოში ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. სამწუხაროდ ამას მთავრობა არანაირად არ განიხილავს“, – განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.
commersant.ge