სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.97 ლარს მიაღწია და დროებით ამ ნიშნულზე შეჩერდა. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, მთელ მსოფლიოში პანიკაა. ეს ყველაფერი კი აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე და საფინანსო ბაზრებზე და რასაკვირველია საქართველოს ეკონომიკაზეც ცუდად იმოქმედებს. მდგომარეობა აშკარად უკონტროლოა, შესაძლოა, ლარის გაცვლითი კურსი 3.0-იან ნიშნულს გასცდეს. საზოგადოება ამხელა ნახტომმა პანიკაში ჩააგდო.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში როგორც მთავრობის, ასევე ბანკის წარმომადგენლები ლარის კურსთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის კომენტარებს აკეთებდნენ, თუმცა არც ერთი მათგანის კომენტარი არ ასახავს ზუსტ რეალობას და არსად არ იკითხება სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ვალუტების გაუფასურება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში რუსეთსა და თურქეთშიც დაიწყო.
“შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია. შესაბამისად, ეს აისახება გლობალურად, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში – რუსეთში რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასის ვარდნაც. თურქული ლირა იწყებს, შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების ფონზე, გარკვეულწილად სპეკულატიური, მოკლევადიანი ზეგავლენა. ამ ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგანაც პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, თუმცა ყველაფერი იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დაიძლევა ვითარება.
ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ჯანსაღი ეკონომიკით. თებერვალში ვნახეთ, რომ ტურისტების რაოდენობა უკვე შემცირდა. ეს არის ფაქტორი, რომელიც უკვე ობიექტურად მოქმედებს, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხი იქნება ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ბიზნესის მოლოდინს გააუმჯობესებს.
არსებობდა მოლოდინი, რომ წელს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, მაგრამ ახალი პროგნოზი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც აქამდე იყო”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მსოფლიოში უკვე იგრძნობა ეკონომიკური კრიზისი და გაცილებით დიდი პანიკაა ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. პოლიტკოსები ლარის შოკურ მდგომარეობას მსოფლიო კრიზის აბრალებენ, თუმცა საინტერესოა პანდემიის დასრულების შემდეგ ლარი დაუბრუნდება თუ არა 2.75-ის ნიშნულს. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ დროისთვის ლარის კურსზე საუბარი “არავის მხრიდან არ იქნება სერიოზული”. პროგნოზის გასაკეთებლად, ვითარების დასტაბილურება არის აუცილებელი.
“ლარზე ბევრს ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფაქტია, რომ ნამდვილად ასეთი შოკია მსოფლიოში. ასე რომ, ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, ზოგადად მსოფლიოშიც. დღეების მიხედვით ლარის კურსზე კომენტარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია. დრო უნდა გავიდეს, რომ შევხედოთ რა კურსზე დასტაბილურდება ის. ამიტომ ამაზე საუბარი არავის მხრიდან არ იქნება სერიოზული”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. სებ-ში აღნიშნეს, რომ ამჟამად კურსზე კორონავირუსის მიერ გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა და ნავთობის ფასის ვარდნა მოქმედებს.
“კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინის არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.
აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასის ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე.
მეორე მხრივ კი, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, დაიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.
ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია განცხადებაში.
ეკონომისტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ კორონავირუსი არაფერ შუაშია და ლარს წმინდა სპეკულაციური მომენტები აუფასურებს. ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე აჟიოტაჟიური მოთხოვნა არ არის და ასეთ გაურკვეველ ვითარებაში გაცვლითი კურსის პროგნოზირებაც შეუძლებელია.
“დოლარზე დღეს აჟიოტაჟური მოთხოვნა არ არის, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ სოლიდური რესურსები და ისინი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ. ეცდებიან სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო ხდება. სტანდარტული სპეკულაციური ოპერაციებისთვის შესანიშნავი გარემოა და შექმნილ მდგომარეობას კორონავირუსს აბრალებენ. სპეკულაციებისთვის გამოყენებული იქნება ეპიდემიური პანიკაც”, – განაცხადა “რეზონანსთან” გიორხელიძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საქართველოში სამომავლო ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი შედარებთ ადვილია, მაგრამ გადასცდება თუ არა ლარი 3.0-იან ნიშნულს, ეს ახლა რთული სავარაუდოა.
“რა ნიშნულამდე მივა ნამდვილად არ ვიცი და ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რატომ უფასურდება, ეს ისედაც ყველამ ვიცით. მეზობელ ქვეყნებშიც გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. შესაბამისად, სამომავლო მოლოდინი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ფულად გზავნილებში კლება იქნება, საბოლოო ჯამში კი, სხვადასხვა არხებით ქვეყანაში უცხური ვალუტის შემოტანა შემცირდება.
rezonansi