“საქართველოსთვის კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, პროდუქტებზე ფასის ხელოვნურად გაზრდის შემთხვევაში, მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა, შესაძლოა, ხელოვნურ მართვაზე გადაიყვანოს“, – ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.
კაკულია ბიზნესს მოუწოდებს, შექნილი ვითარებით არ ისარგებლონ და პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად არ გაზარდონ, რადგან სხვა შემთხვევაში, მთავრობის მზაობით, პარლამენტს ტარიფების დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე მოუწევს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას დაეხმაროს.
– ბატონო რომან, რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკას?
– ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღეს კორონავირუსი დროებით მოვლენის სტატუსით შევაფასოთ. დროებით მოვლენას აქვს თავისი მკურნალობის რეცეპტები. თუ ვთანხმდებით, რომ კორონავირუსი დროებითი მოვლენაა, უნდა ჩამოითვალოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც საქართველოშია. ეს გამოწვევები უკვე ხელისგულზე დევს – ტურიზმი, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სასტუმროები, რესტორნები, ყველა გადმორიცხვა, ამას ემატება იმპორტის შემცირება, შიდამოხმარების შემცირება – ანუ ყველაფერმა, რასაც შეეძლო ლარის კურსზე ემოქმედა, ნეგატიური დარტყმა მიიღო. ასეთმა ვითარებამ კი, პირველ ყოვლისა, ინფლაციას დაუმიზნა.
ამ ეტაპისთვის, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მთლიანობაში, კორონავირუსისგან მიღებული ზარალი 500 მილიონის ფარგლებში იქნება. უნდა ვიფიქროთ, რითი შეიძლება დაბალანსდეს ეს 500 მილიონი. აქ, რა თქმა უნდა, არსებობს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ნაწილები. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია უკვე გააკეთა და თუ საჭირო იქნება, კიდევ გააკეთებს. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც მოუწიოს.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის საერთაშორისო დახმარების ფონდებთან ხელმისაწვდომობა. მსოფლიო უკვე დაფიქრდა იმაზე, რა საერთაშიროსო მხარდაჭერა შეიძლება, აღმოუჩინოს საერთაშორისო დახმარების ფონდებმა ვირუსით დაზარალებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ტურიზმით დაზარალებულ ქვეყნებს. საერთაშორიო ორგანიზაციებთან ამ კუთხით დროული მუშაობის დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აუცილებელია საფუძვლიანი კონსულტაციები საერთშორისო სავალუტო ფონდთან იმისათვის, რომ ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები მერე დროში არ გაგვეწელოს.
– კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანის გამო, მთავრობამ და ბანკებმა საზოგადოებისთვის შეღავათები დააწესეს, საუბარია, როგორც საშემოსავლო, ასევე ქონების გადასახადისა და სესხების სამთვიან გადავადებაზე. შეეძლო თუ არა მეტის გაკეთება ხელისუფლებას?
– ჩვენ რომ მაქსიმალურად შეგვეძლოს იმის გამორიცხვა, კორონავირუსის გავრცელების პროცესი დასრულებადია, მაშინ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეეძლო. მაგრამ, ჩვენ წინ მაინც გვაქვს გაურკვევლობის გარკვეული ნაწილი შენარჩუნებული.
ჩვენი მთელი რესურსები რომ მოვახმაროთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღეს წარმოჩინდა, ამის ფუფუნება არ გვაქვს.
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ კარგსა და ცუდს შორის გავაკეთოთ არჩევანი. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც უარესსა და ცუდს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. უფრო უარესი სცენარისათვის რესურსული მზაობა დატოვეული უნდა გვქონდეს.
– ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარებით, ბიზნესმენთა ნაწილი ბოროტად სარგებლობს და პროდუქტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდის. ამ მოცემულობის აღსაკვეთად, გეგმავს თუ არა პარლამენტი ტარიფების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას?
– ვიდრე ჩვენ თავისუფალი ბაზრის პირობებში ვართ, რა თქმა უნდა, ბიზნესმენის გადასაწყვეტია, გააძვირებს თუ არა პროდუქტს. თუმცა საკანონმდებლო დონეზე, როგორც დროებითი ღონისძიება, ამის დარეგულირება შესაძლებელია.
მთავრობამ შეიძლება, ტარიფების ხელოვნურად გაზრდის შემთხვევაში, ხელოვნურ მართვაზე აიღოს ეკონომიკა, თუმცა ამას დრო სჭირდება. თუ დავინახავთ, რომ კერძო სექტორში მოწოდებები საერთო სოლიდარობის შესახებ არ არსებობს, მაშინ მთავრობა იქნება მზად, ჩემი აზრით, საკანონმდებლო დონეზეც მოხდეს ტარიფების დარეგულირება. თუცა დღეისათვის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბიზნესმენიც და მომხმარებელიც ერთიანი პასუხისმგებლობით შეხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემას.
ჩემი ინიციატივაა, რომ უნდა დადგინდეს გარკვეული ლიმიტები სხვადასხვა პროდუქტის შესყიდვაზე, რათა არ მოხდეს დეფიციტების გაჩენა პირველადი მოხმარების საგნებზე. თუ საგნებზე დეციფიციტი გაჩნდა, ეს იქნება მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი. ამის დარეულირებაც შეიძლება საკონონმდებლო დონეზე, მაგრამ აღნიშნული პროცესი ბევრ დროს წაიღებს. ჩვენ დღეების ამბავი გვაქვს დარჩენილი, ამიტომ კერძო სექტორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
ყველა იმ ბატონმა, რომელიც ახლა მოგების დაგროვებაზე ზრუნვს, აქედანვე უნდა იფიქროს, თუ ჩვენ უსაფრთხოების თემაში გადავედით, მაშინ მათ დაგროვებულ ქონებას სხვა საფრთხეები დაემუქრება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
2020news.ge