იტალიაში ხალხს კორონავირუსი არ ხოცავს! – ევროკავშირის მიერ დასჯილი იტალია

შესანიშნავი ქვეყანა, შესანიშნავი ხალხით, უმდიდრესი კულტურით, ისტორიით, სამეცნიერო მიღწევებით – იტალია, სადაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქე ლუკმა-პურის საშოვნელად არის წასული, კატასტროფის წინაშეა. “მეგობრები გასაჭირში შეიცნობიან” – ნათქვამია. ვნახოთ, რამდენად არის გასაჭირში მყოფი იტალიის მეგობარი ევროკავშირი.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 60-მილიონიანმა იტალიამ კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობით 1,5-მილიარდიან ჩინეთს გაასწრო! 19 მარტის მონაცემებით, იტალიაში 3405 გარდაცვლილი პაციენტი აღირიცხება, ჩინეთში კი – 3245. იტალია კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს მხოლოდ დაახლოებით 50%-ით ჩამორჩება – ჩინეთში დაავადებულთა (გამოჯანმრთელებულებიანად) რაოდენობა შეადგენს 80 ათას კაცზე მეტს, იტალიაში კი 41 ათასს. ეს უზარმაზარი ციფრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იტალიამ ჯერ ვერ ნახა გზა, ვერ შეიმუშავა გეგმა, როგორ გამოვიდეს ჩიხიდან. დასნეულებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს, რიცხვი ათასებზე მიდის, ყოველდღე მეტი ადამიანი ავადდება, ვიდრე ინკურნება.

რა გახდა ამის მიზეზი, რომ ევროკავშირის წევრი, “დიდი შვიდეულის” წევრი, განვითარებული “კაპიტალისტური” სახელმწიფო იტალია ასეთ დღეში ჩავარდა? ახლა იმის დრო და საშუალება არ არის, დადგინდეს ვირუსის მასშტაბური გავრცელების პირველმიზეზი; შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ იყო იტალიაში დაცული ისე, როგორც საჭიროა. ქვეყანაში უსასრულოდ მეორდება “ნაგვის კრიზისები“. მაგრამ ეს არ არის პასუხი იმაზე, თუ რატომ იღუპება ამდენი ადამიანი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, საიდანაც კორონავირუსი მთელ ევროპას მოედო და საფრთხეს საქართველოსაც უქმნის.

პრობლემის სათავე იტალიის ჯანდაცვის სისტემის ჩამორჩენილობაა, საავადმყოფოებში არ არის საკმარისი ადგილები, სააფთიაქო ქსელები განიცდიან მედიკამენტების ნაკლებობას, პაციენტები კი – ექიმების ყურადღების ნაკლებობას. იტალიაში, მაგრამ ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, დღესდღეობით მეტი ადამიანი იღუპება არა იმის გამო, რომ კორონავირუსი-19 ასეთი მომაკვდინებელი დაავადებაა, არამედ იმიტომ, რომ პაციენტებს არ აქვთ ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება! 

ამ ფონზე, როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, ევროკავშირის ბიუროკრატია, ევროკომისია და სხვა სტრუქტურები სრულ უუნარობას და უმოქმედობას ავლენენ. მაგრამ თავი იჩინა სოლიდარობის სრულმა არარსებობამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის!ამას ჩვენ ჩვენით არ ვამტკიცებთ, ქვევით წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს “ფაინენშელ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიდან – “იტალიაში უკვირთ, სად არის ევროპის სოლიდარობა”.

ქვესათაურად ამ სტატიას წამძღვარებული აქვს შემდეგი სასტიკი ფაქტი: “გერმანია რომში მედიკამენტების ექსპორტის ბლოკირებას ახდენს, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ბაზრისადმი ნდობას სპობს”.

შემდეგ, სტატიაში ნათქვამია:

“იტალიის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმებიმა კორონავირუსის პანდემიის ევროპის ეპიცენტრში მიიღეს “კატასტროფის მედიცინის” სახელმძღვანელო ინსტრუქციები. ვინაიდან პაციენტთა არსებულ რაოდენობას არ ჰყოფნის ინტენსიური მკურნალობისთვის საჭირო ბალონები და ადგილები საავადმყოფოებში, სასწრაფოს ექიმებმა მიიღეს მითითება, “უზრუნველჰყონ პაციენტების ინტენსიური მკურნალობა თერაპევტული წარმატების მაქსიმალური შესაძლებლობით”.

“იმ პაციენტების გადარჩევის საზარელი ამოცანის გამო, რომლებიც სიკვდილს, სავარაუდოდ, ვერ გადაურჩებიან, იტალიის ჯანდაცვის ორგანოებმა მიმართეს ევროკავშირის მეგობარ ქვეყნებს თხოვნით, ქვეყანას მიაწოდონ საჭირო ინვენტარი. ხუთშაბათს დახმარება, როგორც იქნა, ჩამოვიდა… შანხაიდან. ჩინეთიდან იტალიაში ჩამოფრინდა ექიმების ბრიგადა და 31 ტონა აუცილებელი ინვენტარისა, ვენტილატორების ჩათვლით”.

“პეკინის ჟესტმა გაამძაფრა ევროკავშირის მხრიდან ნავარაუდები მხარდაჭერის არარსებობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის მხრიდან კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომის შედეგად. ლაგარდმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მისი ამოცანა აღარ იქნება, იტალია შეინარჩუნოს ევროს ზონაში.

როდესაც იტალიამ სასწრაფოდ მოითხოვა მედიკამენტები სპეციალური ევროპული საკრიზისო მექანიზმის ფარგლებში, მას ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ გამოეხმაურა. გერმანია საკუთარი თავისთვის დეფიციტს შეუშინდა და თავიდანვე აკრძალა სამედიცინო ნიღბების და სხვა დამცავი მოწყობილობების ექსპორტი. მწარმოებელმა განაცხადა, რომ გერმანიის შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადა იტალიის ბაზარზე მიწოდებების განხორციელება. შემდგომ ბერლინმა შეარბილა ექსპორტის წესები, სამაგიეროდ ავსტრიამ დაკეტა თავისი საზღვრები იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, თუკი ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ არ აქვთ ვირუსები.

ასეთი ქცევები იწვევს აღშფოთებას, იტალია გაჩერებულ იქნა ევროპელი მეგობრების მიერ. ათწლეულის მანძილზე გამყარდა წარმოდგენები სავალუტო კავშირზე, რომელსაც არ ჰყოფნის კოლექტიური სოლიდარობა და რომელიც აკავებს ზრდას, რადგან იტალია ეწინააღმდეგებოდა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების შემოდინებას. ამან, თავის მხრივ, გააძლიერა ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტები, როგორც, უკიდურესად მემარჯვენე ბრენდი მატეო სალვინი”.

გაზეთს მოაქვს სალვინის კომენტარიც, ლაგარდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

“იტალიას დახმარება ესაჭიროებოდა და ამის ნაცვლად მან სილა მიიღო. ერთადერთი დახმარება, რაც მოვიდა ევროპიდან, მდგომარეობდა იმაში, რომ გამოეწვიათ საფონდო ბაზრის კრახი; გუშინ, სპრედის ცვალებადობის გამო, იტალიამ თავისი დანაზოგებიდან 68 მილიარდი ევრო დაკარგა”– ამბობს მატეო სალვინი გაზეთ “ფაინანშენლ ტაიმსთან”.

როგორც ვხედავთ, ევრობიუროკრატია, დახმარების ნაცვლად, სისხლს სწოვს გასაჭირში ჩავარდნილ ნაციას. ალბათ დროა, ნატომ გამოაცხადოს მე-5 პუნქტის ამოქმედება და დაარტყან ფრანკფურტში განლაგებულ ეცბ-ს. ეს, რა თქმა უნდა, შავი ხუმრობაა, რადგან სახუმაროდ არ არის საქმე.
Geo info from