„აირზენას“ არ მიყავხართ საქართველოში ამსტერდამიდან“ – „ბარსელონა-ამსტერდამის“ რეისზე, ქართველი ემიგრანტი ბორტზე არ აუშვეს და ინფიცირებულ ქალაქში უთავშესაფროდ დატოვეს! რომ არა საქართველოს საელჩო ესპანეთში, არავინ იცის, რა დაემართებოდა.
“COVID-19”-ით ინფიცირებისთვის გამეტებული ქართველი ემიგრანტის ისტორია ხდებოდა მაშინ, როცა „აირზენა“ პრემიერ გახარიას „ევაჭრებოდა“, რამდენ ევროს გადაუხდიდა მთავრობა 1 ემიგრანტის ჩამოყვანაში. ამასობაში კი, ბილეთიანი, საღსალამათი ქართველი ემიგრანტი შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდა!
„კისერი მტკივა. მახველებს. ორი დღეა სიცხე მაქვს. თავს ვიიმედებ, იქნებ, არ მქონდეს ვირუსი და ისე, გაციებული ვიყო. მადრიდში საავადმყოფოს ვერ მიმართავ, თუ 38 არ გაქვს სიცხე. თქვენ არ იცით, აქ რა ხდება. საავადმყოფოში მისვლამდე ერთი პროცენტი თუ გაქვს შანსი, რომ არ დაინფიცირდე, იქ მიხვალ და ის ერთი პროცენტიც აღარ დაგრჩება. სამაგიეროდ, „აირზენას“ დირექტორს ჰყავს ცოლ-შვილი თბილად. უსაფრთხო ადგილას ვიყავი და ამ კომპანიამ ინფიცირების ეპიცენტრში გადმომისროლა. ეს არის, ქალბატონო რუსა, სამართალი?“, – ეს წერილი „2020NEWS”-მა ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტისგან მიიღო.
წერილი იმ ესპანეთიდანაა, რომელიც ბოლო კვირაა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა როცხვით „რეკორდებს ხსნის“ შეერთებული შტატებისა და იტალიის შემდეგ, გარდაცვლილთა რაოდენობით კი, ჩინეთსაც გადაუსწრო. დღეს იქ, ბოლო 24 საათში, 832 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ემიგრანტის ისტორია განსაკუთრებული და ტრაგიკული იმიტომაა, რომ საკუთარი კი არა, ქართული ავიაკომპანიის გულგრილობისა და უპასუხისმგებლო მოქმედების წყალობით, უსაფრთხო ქალაქიდან კორონავირუსით ინფიცირებული ესპანეთის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალაქებში მოუწია მგზავრობამ, ერთი იმედით, რომ „აირზენას“ რეისს, რომელზეც ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, საქართველოში გამოყვებოდა.
როგორც უკვე გითხარით, ეს ამბავი ზუსტად იმ პერიოდში ხდებოდა, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგიდან, საჯაროდ მიმართა „აირზენას“ დირექტორატს.
პრემიერი გიორგი გახარია: „ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს. არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა. აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
მოკლედ, ვიდრე ავიაკომპანია „აირზენას“ დავიწყებული ჰქონდა საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა და ელოდებოდა, 1 ემიგრანტში რამდენს გადაუხდიდა საქართველოს მთავრობა, მანამდე ქართველმა ემიგრანტმა, ამ ავიაკომპანიის წყალობით, 4 დღე აი, ამ მარშრუტით – მალაგა-მადრიდი-ბარსელონა-მადრიდი, იარა და საღსალამათი ადამიანი ახლა შესაძლოა, ინფიცირებულია.
ავიაკომპანიაში რომ ეგონათ, სახელმწიფოსთან ვაჭრობის დროს არაფერი ხდებოდა, სინამდვილეში, მათი წყალობით, კიდევ ერთი ადამიანური ტრაგედია „იწერებოდა“! დღეს კი, კომპანიაში ამ ემიგრანტის ზარსაც არ პასუხობენ და არც ბილეთის საფასურს უბრუნებენ.
ქართული ავიაკომპანიისა და ქართველი ემიგრანტის შემზარავი ისტორია
„ბარსელონა-ამსტერდამი“, „ამსტერდამი-თბილისის“ რეისზე, რომლებიდანაც პირველი რეისი ქართული ავიაკომპანიის „აირზენას“ პარტნიორ კომპანიას უნდა შეესრულებინა, მეორე კი, თავად „აირზენას“, ესპანეთში საქართველოს საელჩოს რჩევით, ქართველმა ემიგრანტმა რიჩარდ გიორგაძემ 19 მარტს 550 ევროდ ბილეთი შეიძინა, მაგრამ ის თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს.
იმისთვის, რომ ესპანეთის მასშტაბით, ინფიცირების თვალსაზრისით, მეორე ადგილზე მყოფ ბარსელონაში შედარებით უსაფრთხო, სამხრეთ ესპანეთის ქალაქ მალაგადან ჩაეღწია, ემიგრანტმა გზაში 150 ევრო
დახარჯა. ეს თანხაც ბოლო „კაპიკებით“ შეაკოწიწა. შემდეგ ბარსელონადან ყველაზე ინფიცირებულ ქალაქში, მადრიდში მოუწია ჩასვლა და მას იქ მისცა საელჩომ თავშესაფარი. ამდენ სიარულში კი, რიჩარდ
გიორგაძეს ორი დღეა სიცხე აქვს.
წერილი ესპანეთიდან:
რიჩარდ გიორგაძე: „გამარჯობა, ქალბატონო რუსა, ვარ ესპანეთში. 19 მარტს დავურეკე
საქართველოს საელჩოს და ვიკითხე, საქართველოს მიმართულებით რაიმე რეისებს ხომ არ გეგმავთ-თქო, მითხრეს ჯერ არა, ჩაკეტილია საჰაერო გზებიო. მირჩიეს, რომ მეყიდა ბილეთები ბარსელონა-ამსტერდამი, ამსტერდამი-თბილისი რეისებზე. მე მათ ავუხსენი, რომ ბოლო კაპიკების მობილიზაციას ვახდენდი.
დავუკავშირდი კომპანიას და ბილეთებში 400 ევრო გადავიხადე. 5 საათის შემდეგ , თავად ეს კომპანია დამიკავშირდა და ჯავშანი გამიუქმა. თუკი წასვლა მინდოდა, დამატებით
150 ევრო უნდა გადამეხადა. ამ ყველა დეტალის საქმის კურში საელჩო ჩავაყენე.
საელჩომ დამიდასტურა, რომ 20 მარტს რეისი ნამდვილად შედგებოდა. გადავიხადე ეს თანხა და წავედი ბარსელონაში, რომლისგანაც 700 კილომეტრით
ვიყავი დაშორებული. 150 ევრო ბარსელონამდე დამიჯდა გზა. ჩავაღწიე ბარსელონაში და
არ ამიშვეს ბორტზე ამსტერდამი–თბილისი გაუქმებულიაო.
გარეთ, ქუჩაში, წვიმაში დავრჩი უფულოდ და უსახლკაროდ.
ექსტრემალური სიტუაციის გამო, არ მომხდარა რეისის გადადება! ეს იმის გამო მოხდა, რომ ამხელა ფული ბილეთებში აიღო „აირზენამ“ და თან სუბსიდირებას ითხოვდა ხელისუფლებისგან!
მთავრობისთვის 600 ევროს მოთხოვნა 1 კაცზე, ავიაკომპანიებს არცერთ სახელმწიფოში არ გაუბედიათ. მეტიც, ბარსელონა-ამსტერდამის რეისის შემსრულებელმა ავიკომპანიაში, ბორტზე რომ არ ამიშვა და ჩამომაგდო, ფაქტობრივად, მითხრეს, შენ კომპანიას არ მიყავხარ ჰოლანდიიდან, ამიტომ ჩვენ ამსტერდამამდე ვერ წაგიყვანთ, მარტო ჰოლანდიის მოქალაქეები მიგვყავს და
ჰოლანდიაში დასარჩენად,
ქართველს არ წაგიყვანთო. ამას, რასაც კომპანიის თანამშრომელი მეუბნებოდა, ჩვენი საელჩოს თანამშრომელიც უსმენდა.
„აირზენა“ ტელეფონს არ პასუხობს. გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ინფორმაცია გავასაჯაროო.
„აირზენას“ უნდა ვუჩივლო და ბოლომდე ჩავყვე! კომპანიამ პასუხი უნდა გაგვცეს.
საელჩო დამეხმარა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რატომ ჩავვარდი,
პასუხს ვერ მცემენ! არასდროს მომითხოვია სახელმწიფოსგან რამე, არ მჭირდება,
შრომა არ მეზარება, მაგრამ შეიძლება, 700 ევრო ბილეთში გადაიხადო და იმის გამო,
რომ აირზენას
დირექტორმა უფრო მეტი ფული მიუტანოს თავის შვილებს, კომპანიამ, ასე უპასუხისმგებლოდ, ჩვენ სასიკვდილოდ გაგვიმეტოს?!
უაღრესად ცუდ მდგომარეობაში ვარ, ბილეთის ფულს არ მიბრუნებენ. ლარნაკიდან დანიშნეს
რეისები, როცა ყველაზე ცუდი სიტუაცია აქ, ესპანეთშია, ხალხს აშტერებენ.
საქართველოს საელჩო რომ არ ყოფილიყო თავისი მოწოდების სიმაღლეზე, კონსული თემურ
ბასილაია და ყველა თანამშრომელი არ დამხმარებოდნენ, წარმოგიდგენიათ, რა მძიმე დღეში დამტოვა „აირზენამ“?
გადაამოწმეთ, თქვენც როდის გაუქმდა ამსტერდამი თბილისი. მე მოგაწვდით ფაქტებს
ყველაფრის, რასაც გწერთ.
გაუქმებული ბილეთების სქრინებს გამოგიგზავნით. ვიყავი ჩემთვის უსაფრთხო ადგილზე
და ვირუსის ეპიცენტრში გადმომაგდეს!“.
ჯანმრთელი ადამიანის საეჭვო ნიშნები კორონაზე.
სოციალური ქსელის ჩატში მოსული წერილის შემდეგ, რა თქმა უნდა, “2020NEWS“
გამოეხმაურა ქართველ ემიგრანტს და ინფიცირებულ ესპანეთში ამხელა მარშრუტის გავლის
შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დაინტერესდა.
როგორც გიორგაძე აცხადებს, ბარსელონაში, ამსტერდამის რეისზე რომ არ აუშვეს, მას
კორონავირუსით ყველაზე მეტად დაინფიცირებულ მადრიდში მოუწია წასვლამ, რადგან კატალონიის დედაქალაქში უთავშესაფროდ დარჩა. მადრიდში კი, თავსესაფარის პოვნაში მას საქართველოს საელჩო დაეხმარა.
რიჩარდ გიორგაძე: მადრიდში საელჩომ დროებითი თავშესაფარი მომცა, აღარ მინდა,
რამე ვთქვა მათზე, უმადური ადამიანები მეზიზღება, ქალბატონო რუსა, მიუხედავად, იმისა, რომ მათი მითითებით ავიღე ბილეთი ამ რეისზე, ალბათ, ეს სიტუაცია არც მათ იცოდნენ, რომ შეიქმნებოდა. .
ვეუბნები, თქვენი მითითებებით ავიღე ამ რეისზე ბილეთი და „აირზენა“ არ მპასუხობს,
დამეხმარეთ-მეთქი, მაგრამ ჯერ არაფერია პასუხი.
ლარნაკადან დანიშნეს რეისი, როცა იტალიაზე ცუდი სიტუაციაა აქ უკვე. ყველაზე მეტი
ქართველი ესპანეთშია გარდაცვლილი და დაინფიცირებული.
-თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ წუთში, ამხელა მარშრუტი
გაიარეთ ყველაზე ინფიცირებულ ქალაქებში?!
-ორი დღეა სიცხე მაქვს. ბარსელონაში ერთი დღეს ქუჩაში, წვიმაში ვიყავი. კისერი მტკივა.
მახველებს. თავს ვიიმედებ, იქნებ, არ მქონდეს ვირუსი და ისე, გაციებული ვიყო.
ახლა უნდა გავიდე, იქნებ, რამე წამალი ვიყიდო. საჭმელი საელჩომ დაგვირიგა ორი დღის წინ.
აქ საშინელება ხდება. საქართველოს კონსულს საკუთარი ხელით დააქვს ესპანეთში ჩარჩენილი,
გაჭირვებული ქართველებისთვის საკვები პროდუქტები. ძალიან კარგად და დიდი
პასუხისმგებლობით მუშაობენ, რაც შეუძლიათ. ფოტოზეც საკვებით სავსე პარკებია,
ემიგრანტს რომ მიუტანა კონსულმა.
ძალიან ცუდად ვარ, ბოდიშს გიხდით, კარგად ვერ ვწერ. არ ვიცი, ვის მივმართო. სამშვიდობოს მინდა გასვლა, არცერთმა არასამთავრობომ არ მიპასუხა. ერთი ლევან ნატროშვილმა მიპასუხა. იურისტი არ ვარო, მითხრა, თუმცა, ყველაფერს ცდილობს. მადლობა, რომ გამომეხმაურეთ, სულ რომ არაფერი დამეხმაროთ, ჩემთვის გამოხმაურებაც დიდი საქმეა“.
ასეთი მძიმე ისტორიის წაკითხვის შემდეგ, იმედია, ავიაკომპანია „აირზენა“ გამოიჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ადამიანს, რომელიც ბორტს მიღმა დატოვა, სულ მინიმუმ, ბილეთის თანხას მაინც დაუბრუნებს. მას ეს ახლა ინფიცირებულ ესპანეთში ძალიან სჭირდება. ესპანეთში, საქართველოს საელჩოს დახმარებით, ამ ადამიანის პოვნა ძალიან მარტივია. მისი ისტორია იქ ყველამ იცის.
ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ესპანეთიდან ქართველ ემიგრანტებს, ნებისმიერ ფასად, სახლებში, უახლოეს მომავალში დააბრუნებს.
ესპანეთი ხომ ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ავიარეისი არ შესრულებულა. იქ კი, ამ რეისს უამრავი, ულუკმაპუროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულე ელოდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს საელჩოს ყოველდღიურად მიმართავს უამრავი ემიგრანტი, მაგრამ საელჩოში პასუხი არ აქვთ, ოდესმე დაინიშნება თუ არა ამ ქვეყნიდან ავიარეისი საქართველოს მიმართულებით.
https://2020news.ge/