მთავრობამ ჯოხი ისევ საშუალო ფენაზე გადატეხა!

საქართველოში მთავრობამ ჯოხი, ისევ საშუალო ფენაზე გადატეხა. ვინ დაიჩაგრება ყველაზე მეტად, შემოღებული საგანგებო ვითარებით? დღეს დილით საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გვამცნო, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოსახლეობას დაუწესა შემდეგი შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, კერძოდ:  – პრემიერმინისტრის განცხადებით, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში, ანუ მარტში, აპრილსა და მაისში, მთავრობა სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. ციტატა გახარიას სატელევიზიო გამოსვლიდან – “აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”. “ნიუსფრონტის” მონიტორინგის შემდეგ ირკვევა, რომ საქართველოში და კერძოდ, თბილისში, არსებობენ ათეულობით ათასი მრავალწევრიანი ოჯახები, სადაც ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ მოიხმარენ გაცილებით მეტ დენსა და ბუნებრივ აირის, რა რაოდენობაც ბევრად აღემატება მთავრობის მიერ დადგენილ 200- კილოვატიან ნიშნულს, თან ეს ისეთ პირობებში, როდესაც ხალხს მოუწოდებენ ლამის 24 საათი ისხდნენ სახლებში და გარეთ თითქმის არც კი გამოვიდნენ! … ყველაფერ ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჩნდება კითხვები და იმედია, ბევრ ჩვენს თანამოქალაქესაც იგივე შეკითხვა გაუჩნდება. კერძოდ: რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს 200 კილოვატი დენი და 200 კუბომეტრი ბუნებრივი აირი მიეცათ ყველასთვის, ვინც დახარჯავდა 200-ზე ნაკლებს გასაგებია, რომ ისინი საერთოდ არაფერს არ გადაიხდიდნენ და ვინც დახარჯავდა მაგალითად 200, 300 ან კიდევ უფრო მეტ ენერგიას, მათთვის გამოეკლოთ ის 200 ნაჩუქარი კოეფიციენტი და გადაეხდევინებინათ დარჩენილი განსხვავება! იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დისკრიმინაციულ განსხვავებას აუცილებლად შეცვლიან და ყველას მიეცემა განცდა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მათზე ელემენტარულად ვიღაცამ რაღაც ზრუნვა გამოიჩინა.