საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.
„ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე- არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.
შეგახსენებთ, რომ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვეს. მაშინ ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას „მეცნიერული კვლევა“ სჭირდება.
16 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში ჟურნალისტების კითხვაზე მინისტრმა განაცხადა:
„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“…
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუძლია თუ არა, თქვას, რომ არ არის სარისკო, მან ისევ თქვა, რომ „საჭირო არის მეცნიერული კვლევა“…
საკითხის კომენტირებისას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ იქდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამისთვის განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არაა“.
https://accentnews.ge/