15.000, 20.000, 30.000 ლარი – ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში?..

საქართველოში არსებობს თანამდებობები, რომელთა შესაბამისი მარიფათის გამოჩენით დაკავების შემთხვევაში, „ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულ“ ადამიანს თვეში ანაზღაურების სახით, 30 ათასი ლარის მოპოვებაც  კი შეუძლია.

ასეთი „ელასტიური, მორჩილი, იღბლიანი, დამყოლი, კომფორმისტი და გასაოცრად დაწინაურებული“ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან დავით საგანელიძე, თამარ ჟვანია, დავით ფერაძე, გიორგი ბახტაძე, უჩა უჩანეიშვილი, ნინო ქადაგიძე და ა.შ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილია. მან ეს თანამდებობა გასულ წელს დაიკავა. მისი წინამორბედის მსგავსად, უჩა უჩანეიშვილის ყოველთვიური ხელფასი 28 000 ლარია მაშინ, როცა ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ქვეყანაში, რა დაიმსახურა ისეთი, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება  ასეთიმაღალია.  „2020NEWS“ შეეცადა, უჩა უჩანეიშვილის შესახებ ინფორმაციების მოპოვებას, მაგრამ ვერც ვერაფერი გავიგეთ, თუმცა გავიგეთ ის, რომ უჩანეიშვილი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პირია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც თავის მხრივ „საპარტნიორო ფონდის“ დამფუძნებლია, საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაციასა და საქართველოს რკინიგზასთან ერთად – ეს ისე, ცნობისათვის.

20 000 ლარზე მეტია “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც, უჩა უჩანეიშვილისგან განსხვავებით, ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ყველაზე ახლო გარემოცვის წევრია და რომელმაც „თავდადებული ერთგულების, მორჩილებისა და პირნათლად გაწეული სამსახურისთვის“ ეს თანამდებობა დიდი პატივით მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან (ამისთვის დეპუტატის მანდატი და უმრავლესობის ლიდერობაც კი დათმო).

სხვათაშორის, საპარტნიორო ფონდი 717 მილიონი აქტივების გამკარგავი ორგანიზაციაა.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ყოველთვიური ანაზღაურება კი, 18 000 ლარზე მეტია. არც მისი ქვეყნის წინაშე დამსახურებების შესახებაა რამე ცნობილი, თუ დამსახურებაში არ ჩავუთვლით, რომ ბევრი დაწინაურებულის მსგავსად, ისიც „ქართუელია“ და ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მითითებებს ასრულებს „პირნათლად“.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი „საქართველოს რკინიგზა“ ახლა წამგებიანი ორგანიზაციაა და როგორც კულუარებში ამბობენ და საფუძვლიანადაც, რკინიგზას მიზანმიმართულად აკოტრებენ და გასაყიდად ამზადებენ (!!!!!) ამ ყველაფერში კი, დავით ფერაძე სოლიდურ თანხას იღებს ყოველთვიურად. ცალკე საუბრის თემაა, როგორ იყიდება ნაწილ-ნაწილ საქართველოს რკინიგზის ქონება უკვე.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი  გიორგი ბახტაძეც „ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულ“ ადამიანთა შორისაა. მისი ყოველთვიური შემოსავალი 15 000 ლარს აჭარბებს.

ფართო საზოგადოებისათვის არც მის შესახებ არაფერია ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ძალიან უმნიშვნელო დეტალია. მთავარია, მათ, ვინც ის ამ თანამდებობაზე დანიშნა, მისი უნარებისა და განუსაზღვრელი მორჩილების და კარგი შემსრულებლობის შესახებ ყველაფერი იციან.

„ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულთა“ ყველა რეკორდს ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მისი ცესკოს თავმჯდომარეობის პირობებში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მშვიდად არიან, რომ არჩევნები ზუსტად ისე ჩატარდება, როგორც მათ აწყობთ და წლებია, ასე ტარდება კიდეც – „ოცნება“ იგებს!

შესაბამისად, ჟვანიას უფასდება „დიდი კაცის მსახურობა“ და დაწინაურებულ და გამორჩეულ ადამიანთა შორისაა – მისი ყოველთვიური ხელფასიც 5-ნიშნაა და 13 000 ლარს აჭარბებს. თუმცა, ჟვანიას შემოსავლებიც, ამ დანარჩენების მსგავსად, მხოლოდ ხელფასით არ შემოიფარგლება!

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეების ყოველთვიური ანაზღაურებაც. მაგალითად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ანაზღაურება 20 000 ლარია, მას სულ რაღაც 7400 ლარით ჩამორჩება დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომელიც ახლა სემეკის თავმჯდომარეა და თვეში, ხელფასის სახით, 12 600 ლარს იღებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალი ხელფასით უნდა ესარგებლა კიდევ ერთ „ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულ“, კარგი შემსრულებლის უნარებით გულუხვად დაჯილდოვებულ შალვა თადუმაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს. ამისთვის ყველაფერიც გააკეთა, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო, მაგრამ „უდიპლომობამ“ უმტყუნა და მის ნაცვლად ამ ხელფასს ნინო ქადაგიძე იღებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს სულ რამდენიმე თვის წინ და ისიც „ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულთა“ კატეგორიიდანაა, ოღონდ ის სასამართლოს ბოსების, მამების თუ მამინაცვლების – მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს წარმოადგენს.

ცალკე საკითხია ამ „ელასტიური, მორჩილი, იღბლიანი, დამყოლი, კომფორმისტი და გასაოცრად დაწინაურებული “ჩინოვნიკების მოადგილეებისა და ასევე განუსაზღვრელი მორჩილებისა და კარგი შემსრულებლობის უნარებით დაჯილდოვებული თანამშრომლების ყოველთვიური შემოსავლები, რომლის შესახებაც „2020NEWS” უახლოეს მომავალში დეტალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

და ეს ხდება საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც ოფიციალურად აქვს ღარიბი ქვეყნის სტატუსი; სადაც ასი ათასობით ბავშვი შიმშილობს და სადაც ყველა მეორე ადამიანი სოციალურ დახმარებას ითხოვს, ე.წ. საშუალო ფენას კი ბანკის ვალები ახრჩობს.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც, დაახლოებით 750 ათასი პენსიონერის  ყოველთვიური სოციალური შემწეობა 220 ლარია მხოლოდ; სადაც შეზღუდული შესაძლებლობებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახების წარმომადგენლებმა ასევე, 220 ლარით უნდა იარსებონ;

ქვეყანაში, რომელსაც 100 ათასობით ლტოლვილი და დევნილი ჰყავს და მათთვის ხელისუფლებას ყოველთვიურად, მხოლოდ 45 ლარი ემეტება;

ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი სოციალური შემწეობით ცხოვრობს და ეს შემწეობაც 45-დან 60 ლარამდეა თითოეულ ადამიანზე;

ქვეყანაში, რომელსაც არაოფიციალური მონაცემებით, 1,2 -1,5 მილიონი ლუკმა პურის საშოვნელად, უცხოეთში გადაგებული და გადახვეწილი მოქალაქე ჰყავს და ამ ჟამიანობის დროს, უპატრონობისთვის ჰყავს განწირული.

ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო ვალი 2019 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით 22, 918 მილიარდი დოლარია (აქედან შიდა ვალი 4,4 მილიარდი) და პანდემიის წყალობით, კიდევ 1,5 მილიარდი დოლარი დაემატება უახლოეს მომავალში.

ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, რომ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები, 6 თვეში, მხოლოდ 1200 ლარით, ანუ ყოველთვიურად 200 ლარით დაეხმაროს; „საბუთიანი“ თვითდასაქმებულებისთვის მხოლოდ 300 ლარი გაიმეტა და თვითდასაქმებულთა ასევე დიდი არმია, რომელსაც არანაირი საბუთის წარმოდგენა არ შეუძლია და ახალი სამსახურის შოვნისა და დასაქმების შანსებიც მინიმალური აქვს, შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა.

და ბოლოს, ეს ხდება შიმშილის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, შს მინისტრიც, სუს-ის უფროსიც, გენერალური პროკურორიც, მთავარი მოსამართლეც და საერთოდ ყველაფრის უფროსი, ერთადერთი კაცია და ეს ერთადერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილია – მილიარდერი, რომლის ქონებაც, ოფიციალური მონაცემის მიხედვით, 5 მილიარდ დოლარზე მეტია, რომლის ბოლო გატაცება „ელასტიური, მორჩილი, იღბლიანი, დამყოლი, კომფორმისტი და გასაოცრად დაწინაურებული“ ადამიანების შერჩევის გარდა, ასწლოვანი ხეების საკუთარ კარ-მიდამოში გადატანაა.

და კიდევ – ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომლის მაღალჩინოსანთა უმეტესობა ძალიან მდიდარია, 37 დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია, ხოლო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ქონებაც, განსაკუთრებით მისი თბილისის მერობის დროს, შთამბეჭდავად და არითმეტიკული პროგრესიით გაიზარდა და უკვე ასეულ მილიონებში ითვლება.

ასეთია, ამ ღარიბი ქვეყნის „ელასტიური, მორჩილი, იღბლიანი, დამყოლი, კომფორმისტი და გასაოცრად დაწინაურებული“ ადამიანებით სავსე დღევანდელობა, სადაც უკეთეს მომავალზე მეოცნებე ასიათასობით ბავშვი მშიერი დადის და ამ ადამიანებს  კი მშიერი ბავშვების  შიმშილის ხმა არ ესმით.

წინ პანდემიური 2020  წლის  არჩევნებია. არჩევანი წარსულს და მომავალს შორის, უპერსპექტივობასა და პროგრესს შორის. სიბნელესა და სიბნელეზე გამარჯვებას შორის.

„უიღბლო, უსამსახურო, უიმედო და დაუცველმა“ საზოგადოებამ ახლა თავად უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა კვლავ მანდატს იმ ერთადერთ კაცს, რომელიც პრეზიდენტიც არის, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, შს მინისტრიც, სუს-ის უფროსიც, გენერალური პროკურორიც, მთავარი მოსამართლეც და საერთოდ, ყველაფრის უფროსს – ბიძინა ივანიშვილს და მის „ელასტიურ, მორჩილი, იღბლიან, დამყოლ და კომფორმისტ“ პოლიტიკურ ელიტას, რომ ეროვნული ინტერესების ნაცვლად, საკუთარი, პირადი კეთილდღეობის მოწყობა გააგრძელოს!

2020NEWS