რატომ არ შეიძლება COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება

ბიოლოგებმა რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს. ფედერალური ტელეარხები ამ და სხვა გამოგონებებს სამეცნიერო გარღვევად მოიხსენიებენ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო კი ვაქცინაციის დაწყებას უკვე 2020 წლის ივლისში – ანუ მსოფლიოში ყველაზე ადრე გეგმავს. შესაძლებელია თუ არა ეს და რა არის ცნობილი რუსული ვაქცინის შესახებ? – ამ საკითხებზე მოლეკულური ბიოლოგი ირინა იაკუტენკო და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვაქცინაციის მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიტალი ზვერევი საუბრობენ.

“უარვყოფთ ყველა სტანდარტს”

ვიტალი ზვერევი: ვაქცინაციის ივლისში დაწყება არარეალურია. ასეთ მოკლე დროში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვაქცინის პროტოტიპის შექმნა, მაგრამ მისი უსაფრთხოების დადგენა – შეუძლებელი. ვაქცინა ხომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში უნდა შეიყვანონ და ჩვენ მის სრულ უვნებლობაში აბსოლუტურად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები. ეს კი რამდენიმე კვირაში ვერ გამოვლინდება, ამას რამდენიმე თვეც შეიძლება, არ ეყოს.

ჩვენ უკვე გვაქვს ბოლომდე დაუმუშავებელი ვაქცინების გამოყენების სავალალო პრეცედენტები: პირველი ვაქცინა პოლიომიელითისგან, რომელიც დაავადებებს იწვევდა და საჭირო გახდა ვაქცინაციის სასწრაფოდ შეწყვეტა; დენგეს ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ორგანიზმში შეყვანის გამო საბოლოოდ ასობით ადამიანი დაიღუპა – არადა, თავიდან შედეგი თითქოს კარგი იყო; ასევე როტავირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევდა ბავშვებში. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა გადავადებული შედეგები. ქრონიკულ ტოქსიკურობას ცხოველებში ნახევარი წლის განმავლობაში იკვლევენ, შემდეგ უღებენ ორგანოს, იკვლევენ მას მორფოლოგიურად, აკვირდებიან, როგორი ჰისტოლოგიური ცვლილებები მოხდა ძარღვებში, ქსოვილებში, ორგანოებში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან ადამიანების კვლევებზე.

ირინა იაკუტენკო: ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და საკმაოდ ცოტა დაავადება გვაქვს, არადა, არცთუ დიდი ხნის წინ ეს პანდემიები საკმაოდ ხშირი იყო. ეს ყველაფერი – მხოლოდ იმის წყალობით, რომ პირველი ვაქცინების გამოგონების დროიდან დღემდე მეცნიერებმა შეიმუშავეს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენის სტანდარტები. ვაქცინებიც და სამკურნალო პრეპარატებიც სკურპულოზურად მოწმდება: მათ ჯერ უჯრედების კულტურებზე ცდიან, შემდეგ – ცხოველებზე, შემდეგ – ჯანმრთელ ადამიანებზე და მხოლოდ ამის შემდეგ – ავადმყოფების კოგორტებზე (თუ წამლებზე ვსაუბრობთ). აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი განცხადებები – “რაღაც გამოვიგონეთ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ და რაკი არ მოვკვდით, ესე იგი, შეიძლება, რამდენიმე მილიონ ადამიანს გავუკეთოთო” – ეს მრავალი ათწლეულით უკან ჩაგორებაა და სხვა არაფერი. ამით ჩვენ უარვყოფთ ყველა სტანდარტს და ეს ძალზე საშიშია.

“ზოგიერთი რამის დაჩქარება დაუშვებელია”

— და შესაძლებელია, ადამიანებმა, რომლებმაც ეს ვაქცინა შეიმუშავეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, გარკვეული ვოლუნტარისტული გზით მაინც სცადონ მისით ადამიანების ვაქცინაცია?

ზვერევი: რაკი თქვეს, მაშასადამე, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება, სანამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საბოლოოდ არ იქნება დადასტურებული. ვიმეორებ, ეს კოლოსალური სამუშაო ოთხ თვეში ვერანარად ვერ ესწრება. ზოგიერთი რამის დაჩქარება დაუშვებელია – წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი წლის წინანდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით და შესაძლოა, მთელს ვაქცინოპროფილაქტიკას მივაყენოთ ზიანი.

— დასავლეთში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ვაქცინების შემქმნელები მილიონობით კომპენსაციებს უხდიდნენ უვარგისი ვაქცინით დაზარალებულებს…

იაკუტენკო: არაერთგზის ითქვა, რომ იმისთვის, რომ ვაქცინის ეფექტურობაზე ვისაუბროთ, საჭიროა დრო. სულ მცირე, საჭიროა ის, რომ ეს ადამიანები ექსპონირებულები იყვნენ ინფექციით, დაინფიცირდნენ კორონავირუსით. ის ფაქტი, რომ მაიმუნებზე ან ამ ადამიანებზე კვლევების ჩატარებისას დაინახეს, რომ გაჩნდა ანტისხეულების გარკვეული ტიტრი, არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ეს ადამიანები დაცულები არიან კორონავირუსით ინფიცირებისგან.

— საერთაშორისო მედიაში დაიწერა, რომ უცხოელმა მეცნიერებმა (იტალია, აშშ) იპოვეს ანტისხეული, რომელიც კორონავირუსისგან მომავალი წამლის საფუძვლად იქცა…

ზვერევი: დიახ, ასეა. მართლაც შესაძლებელია მსგავსი ანტისხეულის მიგნება, მაგრამ ის არ იქნება პანაცეა. ეს შეიძლება, იქცეს მხოლოდ ერთ-ერთ ინსტრუმენტად კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას, მის გარკვეულ სტადიებზე. ქმნიან ხელოვნურ მონოკლინალურ ანტისხეულებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის პანაცეა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია, რომელმაც შესაძლოა, მკურნალობის ხარისხი გააუმჯობესოს და იგი უფრო ეფექტური გახადოს – მეტი არაფერი.

წყარო: Настоящее Время

კომენტარები ფეისბუქიდან