„დაჩიპვა“, ბილ გეიტსი და ნიკიტა მიხალკოვი — რა შუაშია ამ ყველაფერთან საქართველო!

რუსმა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა მაისის დასაწყისში თავის საავტორო გადაცემა „ბესაგონში“ მაყურებელს წარუდგინა კონსპირაციული თეორია, რომლის თანახმადაც ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი, ბილ გეიტსი კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინით მსოფლიოს მოსახლეობის „დაჩიპვას“ აპირებს და, საბოლოო ჯამში, სურს შეამციროს პლანეტის მოსახლეობა შვიდი მილიარდიდან ერთამდე, “რადგანაც ადამიანები ზედმეტად ბევრ რესურსს მოიხმარენ”.

მიხალკოვის კონსპირაციულ თეორიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო არხზე გავიდა, კრიტიკა რუსეთშიც მოჰყვა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ვიდეომ, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა საქართველოზეც. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს მიტროპოლიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომლის არაერთი წარმომადგენელი ბოლო პერიოდში იმეორებს მითებს ვაქცინაციის შესახებ.

„დაჩიპვის“ თეორია, რომელსაც  მიხალკოვი ტირაჟირებს, საქართველოშიცაა გავრცელებული. ცალკეული ანტივაქსერი [ვაქცინის მოწინააღმდეგე] ფეისბუქ-მომხმარებლებისა და სპეციალური ჯგუფების გარდა, მის შესახებ სასულიერო პირებიც საუბრობენ — მაგალითად, დეკანოზი საბა ჭიკაიძე, რომლის განცხადებითაც, „ვაქცინა, რომელიც შემოვა მის [კორონავირუსის] სამკურნალოდ, ამით მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკვდინება“.

„რა, ეკლესიის მოგონილია ის, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, შვედეთში) უკვე დაიწყეს ადამიანების “დაჩიპვა”?“, — აცხადებს მამა გურამ გამცემლიძე.

სინოდის წევრმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იცოდა, თუ საიდან მოდიოდა თეორიები, თითქოს კორონავირუსის ვაქცინით უნდა მოხდეს მოსახლეობის დაჩიპვა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამ თეორიის ერთ-ერთი ავტორი ზემოთხსენებული ნიკიტა მიხალკოვი იყო.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ რა ისაუბრა გადაცემაში ნიკიტა მიხალკოვმა, რას გულისხმობდა თავის განცხადებებში მიტროპოლიტი ნიკოლოზი და რამდენად არის შესაძლებელი ვაქცინით ორგანიზმში ჩიპის შეყვანა (სპოილერი/წინასწარი შეტყობინება — რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი არ არის), ბონუსად კი გთავაზობთ საუკეთესო მიმებს, რომლებიც სოციალური ქსელების რუსმა მომხმარებლებმა მიხალკოვის თეორიას მიუძღვნეს.

რას აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი?

2 ივნისს, მთავარი არხის ეთერში ეკა კვესიტასთან საუბარში ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) აღნიშნა, რომ კონსპირაციული თეორია, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინაციის შედეგად ადამიანების „დაჩიპვა“ სურს, არა რუსული, არამედ კონკრეტული ადამიანის — ნიკიტა მიხალკოვის პროპაგანდაა:

„არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს არის ძალიან კონკრეტული ადამიანის პროპაგანდა — ნიკიტა მიხალკოვის ძალიან ცნობილი გადაცემა, თითქოს, ამ ვაქცინით ბილ გეიტსს ხალხის ამოწყვეტა უნდა“, — აღნიშნა მან.

რა ისაუბრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მთავარი არხის ეთერში

 

მიტროპოლიტ ნიკოლოზს ნეტგაზეთიც ესაუბრა. როგორც ცნობილია, მანამდე ისიც ამბობდა, რომ თუ დააძალებდნენ, ვაქცინას არც ის გაიკეთებდა, თუმცა სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ვაქცინების, სამედიცინო მიღწევებისა და მედიკამენტების მოწინააღმდეგე არ არის და რაიმეს დაძალებას არ უჭერს მხარს, სამაგიეროდ ადვოკატირებას უწევს ახსნის, ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზისაგან გვაინტერესებდა, უშუალოდ მან რა არხებით უყურა ნიკიტა მიხალკოვის დაუდასტურებელ, კონსპირაციებზე აგებულ ვიდეოს და რა კავშირს ხედავს ამ ფილმსა და საქართველოში გავრცელებულ მითებს შორის. მიტროპოლიტი გვეუბნება, რომ ეს ვიდეო შემთხვევით ნახა, რადგან ის და მისი კრიტიკა მას ნაცნობმა გაუგზავნა. ჩვენთან საუბარში სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია “ჩიპირებასთან” სწორედ ნიკიტა მიხალკოვმა დააკავშირა და, საბოლოო ჯამში, ეს თეორია, მათ შორის, გავრცელდა ქართულენოვან ინტერნეტ-სივრცეშიც:

„იცით, რა, მე არ ვიცი ზოგიერთი სასულიერო პირების განცხადებები, მე ვიცი, ხალხში რაც იყო გავრცელებული. მე თვითონ გამომიგზავნეს ძალიან ადრე, როცა მიხალკოვმა ჩაწერა გადაცემა. არ მივაქციე ყურადღება მაინცდამაინც, ჩემი ინტერესების სფეროში არ არის. მოგვიანებით გამომიგზავნეს მიხალკოვის კრიტიკა — [რუსი] სასულიერო პირის მიერ. შემდეგ, მისი კომენტარის მიხედვით მოვისმინე ის [მიხალკოვის ვიდეო].

„მე ვიგულისხმე, რატომ არ გამოიძიეთ [ჟურნალისტებმა] ამ ჩიპირების და ვაქცინის საკითხი. სიტყვა ჩიპის მოხსენიება ნეგატიურ კონტექსტში დიდი ხნის ამბავია, ეს მარტო რუსეთიდან არ მოდის, მთელ მსოფლიოშია ასეთი დინებები. ნიკიტა მიხალკოვმა დაუკავშირა ჩიპი ვაქცინას, ეს იყო სიახლე, ამან გამოიწვია ეს ყველაფერი.

ამ პანდემიის დროს, კიდევ ის, რომ ვაქცინა მოვა და ყველას დაგვაძალებენ და თან შპრიცებით ყველას შეგვიყვანენ [ჩიპებს], ეს იდეა თვითონ, რატომ არ გამოიძიეთ, მე ვუთხარი. გამოიძიეთ, ნახეთ, აუხსენით ხალხს-მეთქი.

სასულიერო პირები არ მიგულისხმია. სასულიერო პირების [განცხადებები], რაც მე მოვისმინე, ისინიც ხომ ადამიანები არიან?! მათაც მოისმინეს ეს პროპაგანდა“, — აღნიშნავს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მიხალკოვის გადაცემა და შემდგომი მოვლენები რუსეთში

ნიკიტა მიხალკოვი ცნობილი საბჭოთა და რუსი კინორეჟისორია. 1990-იანი წლებიდან აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში, მხარს უჭერდა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს, შემდეგ — ვლადიმერ პუტინს.

მას არაერთხელ გაუკეთებია სხვადასხვა განცხადება, რომელიც კამათის საგანი გამხდარა — მაგალითად, 2011 წელს განაცხადა, რომ იაპონიაში მომხდარი კატასტროფა ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე იაპონელების „უღმერთობის გამო“ სასჯელი იყო.

2014 წლიდან, მიხალკოვმა თანამშრომლობა დაიწყო ტელეარხ „რასია 1-თთან“, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება და სახელმწიფოს ეკუთვნის. ზუსტად მის ეთერში გადის მიხალკოვის გადაცემა „ბესაგონი“.

2020 წლის მაისში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა ეთერში მიხალკოვის მორიგი გადაცემა უნდა გასულიყო, რეჟისორმა გამოაცხადა, რომ ტელეარხმა გადაცემა ეთერიდან მოხსნა და მომხდარს ცენზურა უწოდა. ეს გახდა მესამე შემთხვევა, როცა არხმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„მედუზას“ ცნობით, პირველ მაისს არხმა მიხალკოვის გადაცემა აჩვენა, თუმცა მოგვიანებით აცნობა მას, რომ 2 და 3 მაისს განმეორებითი ჩვენება აღარ შედგებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხალკოვმა ეს ნაბიჯი ცენზურად მიიჩნია, არხმა გადაცემა მაინც აჩვენა — საღამოს 11 და ღამის 3 საათზე.

მიხალკოვი ამ ნაბიჯითაც უკმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ასეთი დრო იმიტომ აირჩიეს, რომ გადაცემა რაც შეიძლება ცოტა ადამიანს ენახა. მოგვიანებით, რეჟისორმა გადაცემა თავის YouTube-არხზე ატვირთა.

რაც შეეხება თავად გადაცემის — „ვის ჯიბეშია სახელმწიფო?“- შინაარსს, მასში მიხალკოვი ტირაჟირებს კოსნპირაციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ვაქცინის სახით გარკვეულ პირებს — ამ შემთხვევაში Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს- სურს, მსოფლიოს მოსახლეობას „ჩიპი ჩაუნერგოს“, მისი მეშვეობით ისინი აკონტროლოს და, საბოლოო ჯამში, დედამიწის მოსახლეობა შეამციროს, რადგანაც “ადამიანები ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარენ”.

მიხალკოვის კრიტიკა და მისი პასუხი

მიხალკოვის გადაცემა მალევე  გააკრიტიკა არაერთიმა ადამიანმა რუსეთში — მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები, ჟურნალისტები და სხვები.

საბჭოთა და რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ უყურა მიხალკოვის გადაცემას და ზიზღის გრძნობა დაეუფლა. ასევე, აღნიშნა, რომ მიხალკოვის განცხადებებში „კოლოსალურად ბევრი ტყუილი იყო“.

რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი მაქსიმოვმა YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სათაურით: „გადაცემა ბესაგონის — „ვის ჯიბეშია სახელმწიფო?“ განხილვა“  — ზუსტად მისი ვიდეოკრიტიკა ახსენა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კერძოდ, მაქსიმოვი აკრიტიკებს მიხალკოვის მიერ მისი თვალსაზრისის დასადასტურებლად მოყვანილ მტკიცებულებებს და მათ მეცნიერულ და ლოგიკურ უზუსტობებს.

სხვა ყველაფერთან ერთად, მაქსიმოვი თავის ვიდეოში აღნიშნავს, რომ მიხალკოვმა ერთ-ერთ მომენტში გამოიყენა ორი ვიდეო, რომელიც მონტაჟით ერთმანეთს „შეუერთა“, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ბილ გეითსმა ერთად განაცხადა ორ სხვადასხვა განცხადებაში ნათქვამი.

მაქსიმოვი ასევე აკრიტიკებს რესპონდენტებს — „ექსპერტებს“, რომლებიც მიხალკოვის გადაცემაში გამოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანია შივა აიადურაი — ამერიკელი ექიმი და კონსპიროლოგი, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, 2020 წლის მარტში პრეზიდენტ ტრამპს მისწერა წერილი, რომ კარანტინი საჭირო არაა და კორონავირუსის პრევენცია და მკურნალობა „ვიტამინების დიდი დოზითაა“ შესაძლებელი.

ვაქცინაციით დაჩიპვის შეუძლებლობის დასადასტურებლად მაქსიმოვმა თავის ვიდეოში ჩასვა რუსი ფიზიკოსი YouTube-ბლოგერის, დიმიტრი პობედინსკის კომენტარი, რომელიც მეცნიერულად დაუსაბუთებელსა და სისულელეს უწოდებსა დამიანის დაჩიპვის კონსპირაციას ვაქცინით, რომელიც თხედავი სახით შედის ორგანიზმში.

„მოწყობილობაა, რომელსაც მუშაობა შეუძლია, არამარტო ჩიპია. მას უნდა ჰქონდეს მეხსიერებაც, კვებაც, სად არის იქ ბატარეა, საიდან მიიღებს ენერგიას? უნდა იყოს რაიმე ანტენაც, რომელიც სიგნალს მიიღებს. ამ ანტენასთან დაკავშირებით კიდევ უფრო საინტერესოა — საქმე ის არის, რომ მისი ზომა მსგავსი უნდა იყოს მიღებული გამოსხივების ტალღის ზომასთან, მაგალითად, Wi-Fi-ის როუტერი — მას ამხელა ანტენები იმიტომ აქვს, რომ ტალღის სიგრძე 12,5 სანტიმეტრია და აქ ასეცაა. შეიძლება ანტენა ოდნავ პატარა იყოს, სანტიმეტრი, მაგალითად, მაგრამ ვერანაირად ვერ იქნება მილიმეტრი ან კიდე უფრო მცირე. ეს უბრალოდ ვერ იმუშავებს. გამოდის, რომ ამის სამართავად უფრო პატარა ზომის ტალღებია საჭირო, ეს კი უკვე არა რადიოტალღების დიაპაზონია, როგორიცაა Wi-Fi, GPS, 3G, 5G, არამედ ინფრაწითელი გამოსხივება ან უფრო პატარა.

აქ კი საქმე ის არის, რომ გამოსხივების შემავალი შესაძლებლობა მცირდება სიხშირის ზრდასთან და ტალღის სიგრძის შემცირებასთან ერთად. შესაბამისად, იგივე ინფრაწითელი გამოსხივება ვერ შეაღწევს ისე ღრმად, როგორც იგივე რადიოტალღა, რათა, პირობითად, ჩვენში მყოფ ჩიპამდე მიაღწიოს. ამიტომ ჩვენი მართვა, იგივე კოსმოსიდან, რაღაც მიკროსკოპული ჩიპებით სისულელეა“, — ამბობს პობედინსკი.

გიორგი მაქსიმოვის სრული ვიდეო (რუსულ ენაზე):

მოგვიანებით, კრიტიკას მიხალკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავისი თეზისების მტკიცებულებების  ვალდებულება არ აქვს:

„მე თუ რამეს ვამტკიცებ, არ ვარ ვალდებული, მტკიცებულებები წარმოვადგინო. თუ თქვენ ამტკიცებთ საპირისპიროს და [რასაც მე ვამბობ] უარყოფთ, თქვენ უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულებები, ასე არაა?“, — აღნიშნა რეჟისორმა.

რუსეთში სოციალურ ქსელებში მიხალკოვის გადაცემას სახუმარო და სარკასტული მიმებითაც გამოეხმაურნენ:

ქართული თარგმანი: “ჩიპირება”

 

ქართული თარგმანი: „საყოველთაო ჩიპირების შემდეგ, ბილ გეიტსი ყველას გონებაში ოპერაციულ სისტემას ჩატვირთავს და ყოველი განახლებისთვის ფულს გადაგახდევინებთ“.

 

ქართული თარგმანი: „ბილ გეიტსმა ყველას ჩიპირება იმისთვის მოიფიქრა, რომ ბოლოს და ბოლოს Office-ში და Windows-ში ფული გადაიხადოთ“.

 

ქართული თარგმანი: „როგორც მესმის, ბილ გეიტსის მიერ ჩიპიზაციის წინააღმდეგ macOs-ის ფანები არიან. რადგან, ღმერთმა არ ქნას [არ სურთ], მათში რაიმე Windows-ეული აღმოჩნდეს.“

გარეკანის ფოტო: მოხმარებელ Dodeskaden2-ის „ტვიტერიდან“

გარეკანის ფოტო: მოხმარებელ Dodeskaden2-ის „ტვიტერიდან“

არის შესაძლებელი ვაქცინით ვინმეს „დაჩიპვა“? [სპოილერი — არა, არ არის]

იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი, ვაქცინის მეშვეობით ორგანიზმში ჩიპი განთავსდეს, „ნეტგაზეთი“ ისეთ ადამიანს ესაუბრა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებების მართვასთან და, შესაბამისად, ვაქცინაციასთან. NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბსურდულად მიიჩნევს მოსაზრებას კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინით დაჩიპვის თაობაზე.

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გვეუბნება, რომ ეს საკითხი აბსურდულია და „ანტივაქსერები ყველა ვაქცინასთან დაკავშირებით იგონებენ რაღაც თეორიას“. „ნეტგაზეთთან“ საუბარში მან კვლვაც დაადასტურა თავისი ძველი პოზიცია, რომ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა მედიცინაში..

თავად ბილ გეიტსიც უარყოფს და აბსურდულს უწოდებს ვაქცინებთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს იმის შესახებ, რომ ისინი ადამიანების სხეულში მიკროჩიპების განსათავსებლად და მათი კონტროლისთვის გამოიყენება. ეს კონსპირაცია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ შეერთებულ შტატებშიცაა გავრცელებული.

“მე მიკროჩიპების მსგავს მოწყობილობებთან არასოდეს მქონია კავშირი” ,– ამბობს მილიარდერი “ბიზნეს ინსაიდერთან” და აცხადებს, რომ თეორიები იმდენად სულელური და არარეალისტურია, რომ მათი უარყოფაც კი რთულია.

როგორც გამოცემა წერს, ბილ გეიტსი წლების მანძილზე საუბრობდა პანდემიების საშიშროებაზე და მსოფლიო ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა. მან 2015 წელს Ted Talk-ის პლატფორმაზე ისაუბრა იმ პოტენციურ საფრთხეებსა და კატასტროფულ შედეგებზე, რაც შეიძლება მოუტანოს პანდემიებმა მსოფლიოს.

გეიტსების ოჯახმა კორონავირუსთან საბრძოლელად და ვაქცინის შესაქმნელად 300 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, რის შემდეგაც გარკვეულმა ჯგუფებმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, თითქოს ბილ გეიტსი თავად იდგა ვირუსის გავრცელების უკან:

“კარგია იმის ცოდნა, რომელ ბავშვს აქვს გაკეთებული წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა და რომელს არა, ამისთვის საჭირო სისტემები არსებობს, როგორიცაა ჯანმრთლეობის ისტორიის შესახებ ჩანაწერები, რომელიც ეხმარება მედიკოსებს მოახდინონ მათი იდენტიფიცირება, თუმცა მიკროჩიპებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს” ,– ამბობს გეიტსი.

მისი თქმით, გეიტსების ფონდი ფულს ძიების პროცესშია ვაქცინების შესაძენად და ამიტომაც  აიმაღლეს ხმა, როცა პანდემიის რისკი დაინახეს.

ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მოწინაღმდეგეებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის შექმნას იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნება.

მილიარდერი აღნიშნავს, რომ როცა ვაქცინა შეიქმნება, პირველ რიგში, იმ ქვეყნებში უნდა გავრცელდეს, რომელთა ჯანდაცვის სისტემა და სოციალური დისტანცირების შესაძლებლობა სუსტია.