ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. იტყობინება Reuters-ი. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდვები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ლახავს.

„ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ“, – ამ შეძახილების ფონზე ცეკვავდნენ პროტესტის მონაწილეები. დანარჩენები პლაკატებით მარშირებდნენ და სკანდირებდნენ – „ჩვენ ვხმაურობთ, რადგან თავისუფლებას გვართმევთ“.

აქციაზე შეკრებილთა უმრავლესობას ნიღბები არ ეკეთა. გერმანია ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით კორონავირუსის გამო ნაკლებად დაზარალდა. 200 000-ზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა, დაახლოებით 10 000 კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193 600.

Reuters-ი წერს, რომ ადამიანების უმრავლესობა იცავს რეკომენდაციებს, რაც გულისხმობს მაღაზიებში ნიღბების ტარებას, მთავრობამ კი სავალდებულო ტესტირება დანერგა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულთათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinevs

კომენტარები ფეისბუქიდან