სიის ამ მონაკვეთში არამარტო ყოფილ თუ მოქმედ (ჰო, მოქმედ) ნაციონალებს მოვიკითხავთ, არამედ ისეთ გვარებსაც, რომლებსაც ერთი შეხედვით პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ.

ოცნების“ სიაში ბევრი მოულოდნელი სახელი და გვარი იქნება. ეს განსაკუთრებით 25-დან მე-40-ე ადგილამდე ადამიანებს შეეხებათ. როგორც გვეუბნებიან, სიის ამ მონაკვეთში არამარტო ყოფილ თუ მოქმედ (ჰო, მოქმედ) ნაციონალებს მოვიკითხავთ, არამედ ისეთ გვარებსაც, რომლებსაც ერთი შეხედვით პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ. როგორც აგვიხსნეს, სიის სწორედ ეს მონაკვეთი ერგო გიორგი გახარიასა და ძალოვანებს, ანუ 15 კაცი მათ 8/7-ისპრინციპით გაინაწილეს გახარიას სასარგებლოდ. საწყისი 25 ადამიანი უშუალოდ ივანიშვილის ხელდასმული იქნება, 40-ს ზემოთ კი სიაში უჩა მამაცაშვილის და „ოცნების“ სხვა გავლენიანი „კარდინალების“ კვოტა იქნება.

როგორც იქნა, ოპოზიციაში შეთანხმდნენ იმაზე, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები გამსვლელ სიაშიც იქნებიან. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო და ის ადამიანები გააბრაზა, რომლებიც ვერც მაჟორიტარებად დასახელდნენ და შესაბამისად, ვერც სიაში იქნებიან ისეთ პოზიციაზე, მათ რომ სურთ. ლიდერებმა ეს იმით ახსნეს, რომ მაჟორიტარული ხმების პარალელურად, ისინი პარტიული სიის ხმებსაც მოიპოვებენ და შესაბამისად, არ აპირებენ საკუთარი ნაოფლარი სხვას გაუნაწილონ. ანუ, ქვედა რგოლი კვლავ პირში ჩალაგამოვლებული და კვლავ ქუჩაში რჩება, რაც მათ დიდად არ მოსწონთ და ამის ნიადაგზე სერიოზული უკმაყოფილებაცაა. უფრო მეტიც, რამდენიმე კვლევის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი არც ისე მრავალპარტიული იქნება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და იმ ნულოვანი ბარიერის გადალახვა, ბევრისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცევა. როგორც პროგნოზირებენ, პარლამენტს გარეთ დარჩება ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, ზურაბ ჯაფარიძის და კიდევ არაერთი ცნობილი ლიდერის პარტია. სიით ერთი კაცის გაყვანას უწინასწარმეტყველებენ ლეიბორისტებს და ის ერთი დიდი ალბათობით შალვა ნათელაშვილი იქნება, რადგან საეჭვოა, მან სიის პირველი ნომრობა დათმოს.

და ყველაზე საინტერესო – ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში გაიმართება. კახა ოქრიაშვილი არაფრის დათმობას რომ არ აპირებს, უკვე ნათლად გამოჩნდა. მას ზურგს საკუთარი ფინანსური რესურსი ისედაც უმაგრებდა, ახლა კი ჩოჩელებიც დაემატნენ და ეს სამეული ხმების მაქსიმუმის გამოწურვას სწორედ აღნიშნულ ოლქში შეეცდება. ოქრიაშვილის გოგი მეშველიანის სახით სუსტი კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და საკუთარი კანდიდატის პოზიციების გასამაგრებლად, „ოცნებამ“ თეთრიწყაროს მოქმედი მაჟორიტარი, გოდერძი ჩანქსელიანიც ბრძოლაში ჩართო. ის გამსვლელ სიაში იქნება, პარალელურად კი მეშველიანს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ამომრჩეველსა და გავლენას დაახმარს. ამიტომაცაა, ჩანქსელიანი მეშველიანს ლამის ყველა შეხვედრაზე თან რომ ახლავს და აქტიურად ეხმარება. „ოცნებას“ დიდი ალბათობით, დმანისში შანსი არ ექნება. ოქრიაშვილსა და ჩოჩელებს გაუჭირდებათ ბოლნისში, აი, დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართება და ამ ბრძოლის მოგებას „ოცნება“ თეთრიწყაროში სწორედ ჩანქსელიანის ხელთ შეეცდება.
alia.ge