შიმშილის საფრთხის წინაშე დადგება მოსახლეობა და კატასტროფამდე მივა ქვეყანა! კორონავირუსის პირველმა ტალღამ ისეთი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რომ ხელახლა ჩაკეტვის გაგონება მთავრობაში არავის სურს

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა, ფაქტობრივად, დაწყებულია ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად სამნიშნაა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ყველა სფეროს. ჯანდაცვის გამოწვევებთან ერთად, ახლა მოსახლეობისათვის მთავარი ეკონომიკა და შემოსავალია, რომლის კიდევ ერთხელ შემცირება, შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენებს მოსახლეობას და კატასტროფამდე მიიყვანს მთელ ქვეყანას. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღის შედეგი ასეთია: 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ია.მ აისში, წინა წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, ხელისუფლება დადებით ტენდენციად, ეკონომიკის შემცირების ერთნიშნა მაჩვენებელს მიიჩნევს. 

ეკონომიკა, რომელიც რთულად, თუმცა მაინც ამუშავების ტენდენციით ხასიათდებოდა, მეორე ტალღის მოლოდინშია, რაც შიშს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები, დაბეჯითებით ამბობენ, რომ საკარანტინე ზომების მიღება მოსალოდნელი არ არის, ინფიცირებულების მკვეთრი ნატების ფონზეც კი, ბიზნესი მაინც ვერ ხედავს, მსგავს პირობებში განვითარების შანსს. მით უფრო, რომ ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, 3.15-მდე მივიდა.

მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც მეორე ტალღისთვის გაცილებით მომზადებულია, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო, ამიტომ ნაკლები იქნება ეკონომიკური ზარალი. 

,,კორონავირუსის გამო ეკონომიკამ პირველ კვარტალსა და შემდგომ პერიოდშიც დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ემოციურმა ფაქტორმაც იმოქმედა. ახლა საზოგადოება მიეჩვია და ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არის, ამიტომაც ეპიდემიის მეორე ტალღას, თუკი მაინცდამაინც გარდაუვალი გახდა, ეკონომიკაც შედარებით მარტივად გადაიტანს, კრიზისი უფრო ზომიერად იქნება აღქმული და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე საზოგადოებაშიც გარკვეული გამოცდილება არსებობს. 

აქედან გამომდინარე, უარყოფითი ეკონომიკური შედეგი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო. ცხადია, უმუშევრობა მოიმატებს, მაგრამ კატასტროფულ ზრდას, როგორიც პანდემიის საწყის ეტაპზე იყო, სამომავლოდ ნამდვილად არ ველი“, – განუცხადა არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატისტიკოსს, ოპტიმისტური მოლოდნის საშუალებას მოერე ტალღის წინ, “საქსტატის” მონაცემებიც უჩენს. პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დარგებში, რომლებშიც კვლავწარმოების ციკლი ხანმოკლე ნამდვილად არ არის (მშენებლობაში – 3-ჯერ, სამთომომპოვებითი მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში – 2-2-ჯერ). ხსენებული ინვესტიციები საკმაოდაა დივრესიფიცირებული როგორც ეკონომიკის სექტორების, ისე წარმომავლობის ქვეყნების მიხედვით, რაც ხელს უწყობს რისკების შემცირებას და ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას. 

“ნათქვამია, “პირველ მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო”. მაგრამ პირველი მერცხალის გამოჩენა ნამდვილად აჩენს და აძლიერებს გაზაფხულის მოსვლის მოლოდინს. ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ მრავლისმეტყველი ზრდა ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესების “პირველ მერცხლად” ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ”, – დასძინა არჩვაძემ. 

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა შეზღუდვებისა და აკრძალვების გატარებას მთავრობა ამ ეტაპზე უკვე თავად ეწინააღმდეგება. ამას პირდაპირ ამბობენ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ასევე მთავრობის მეთაურიც.  ისინი ხაზს უსვამენ, რომ მეორე დარტყმას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, მიუხედავად სურვილის არ არსებობისა, ხელისუფლებას კვლავ მოუწევს, ეკონომიკის ნაწილობრივ მაინც შეზღუდვა, – ასეთია ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის მოსაზრება. 

,,არსებული მდგომაროება უკვე ძალიან მძიმედ დაეტყო ქვეყანას და განმეორებითი ლოქდაუნი, უკვე აპრიორი იქნება ორნიშნა ეკონომიკური კლების დამადასტურებელი. დარგების მხრივ რომ ვისაუბროთ, ყველაზე მეტად დაარტყამს საცალო ვაჭრობას, მშენებლობას და ტურიზმს. ეს ბოლო მიმართულება შეიძლება ითქვას, უნდა ჩამოვწეროთ. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დარტყმა იქნება უფრო ძლიერი. მჯერა, რომ ჩაკეტვის შემხთვევაშიც, შევძლებთ მოვიძიოთ ახალი რესურსი, თუმცა ესეც რამდენად ჯანსაღი პროცესია (ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაზრდილი ვალის პორობებში`, ცალკე საკითხია. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქის ჯანმრთელობა და ჯანდაცვა ცალსახა პრიორიტეტია და სურვილის არ არსებობის პირობებშიც კი, თუ არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, ხელისუფლებას მოუწევს მკაცრი შემძღუდველი მექანიზმების გამოყენება და ეკონომიკის მეორე პლანზე გადატანა. ახლა განცხადებებითაც ჩანს, რომ ეს ნამდვილად არ სურს მთავრობას, მაგრამ შესაძლოა, სხვა გზა აღარ დარჩეს”, –  განუცხადა ეკონომისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

მეორე ტალღის დაწყების პარალელურად,  14 სექტემბრისათვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარი გახდა, ხოლო გარე სავალუტო ჯიხურებში 3.15-ს გადააჭარბა.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან