ქუჩებში მოგვიწევს ლაზარეთების გახსნა” – ექიმების პროგნოზი და ჩინოვნიკების 9-თვიანი უმოქმედობა

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზოგადოება ჩინეთთან ფრენის შეწყვეტას ითხოვდა და საქართველოს მთავრობა უარს ამბობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ექსპერტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ბედავდა აზრის დაფიქსირებას და უმეტესად, ინკოგნიტოდ გვირეკავდნენ, ჯერ კიდევ 26 და 27 იანვარს, “ალიაში” დაიბეჭდა ორი წერილი, სადაც ექიმები ითხოვდნენ ზუსტად იმას, რაც ახლა, 9 თვის მერე გვჭირდება და ისევ არ გვაქვს. რა პროგნოზებს აკეთებდნენ მაშინ ექიმები, ამას ცოტა ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს რამე წამოვაძახოთ და ვუთხრათ, აი, ხომ გეუბნებოდი, ჯერ კიდევ 9 თვის წინ, ხომ გეუბნებოდი და არ გააკეთე, 9 თვის მანძილზე, “ინფექციური” საავადმყოფოც არ გადახურე – არა, ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას საფრთხე, რომელსაც ჯიუტად არ უსწორებს თვალს – ამ საფრთხეს ქმნის ექიმების გადაუმზადებლობა, საწოლების არქონა და არმობილიზება, აღჭურვილობის პრობლემა, გრიპი ვაქცინის არშემოტანა! სამწუხაროდ, ჩვენ არ გავითვალისიწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება – ტყუილია, კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი, ყველა ქვეყანაში, სადაც იყო დიდი მსხვერპლი, ფატალური შედეგები დააყენა ჯანდაცვის სისტემის პარალიზებამ, ადგილების არქონამ, ექიმების არყოლამ და ა.შ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა ფილტვებია ანთება და დიაბეტი – თუმცა, ბათუმის “ინფექციურმა” იგი გადაიყვანა არც მეტი და არც ნაკლები – სასტუმროში! სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ბათუმის ინფექციურის დირექტორმა განაცხადა, რომ ფილტვების ანთება აქვს ნახევარზე მეტს და ასეთი რეგულაციაა, უნდა გადაეყვანათ სასტუმროში! – როცა ფილტვის ანთებიანი და დიაბეტიანი პაციენტი გადაგყავს სასტუმროში, ამის მერე ბრიფინგზე ვეღარ უნდა მითხრა, რომ პაციენტი დაიღუპა იმიტომ, რომ ჰქონდა ფილტვის ანთება და მდგომარეობა დაამძიმა დიაბეტმა!!!

დღეს, თბილისის კლინიკური გიმნაზიის პედაგოგი წერს, რომ მას ჰქონდა სიცხე, თუმცა, ტესტის გაკეთება, მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით შესძლო. დაუდასტურდა ვირუსი. გახდა ცუდად, გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ვერ გადაიყვანეს, არც ერთ კლინიკაში არ არის ადგილი!

26 იანვარი, “ალია”:

“თუ კორონა ვირუსმა საქართველოში შემოაღწია, ჩვენ ვხვდებით სრულად მოუწესრიგებელი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, სასწრაფო დახმარება რომ გამოგეძახა – მინიმუმ 5 საათი ვერ მივიდოდა ბრიგადა სიცხიან ავადმყოფთან – საუბარია, გრიპის ვირუსზე, რომლის ვაქცინაც არსებობდა და ქვეყანამ არ შემოიტანა, წარმოდგენაც შეუძლებელია რა მოხდება, ჩვენთან რომ გავრცელდეს ვირუსი, რომლის ვაქცინაც არ არსებობს!

ჩვენ, ექიმები, ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვეცით აღჭურვილობა, მოგვეცით საშუალება, საერთაშორისო ნორმების დაცვით ვიმუშაოთ!

მოვუწოდებთ კერძო კლინიკებს, ექიმებმა ყველაზე კარგად იცით, რა საფრთხეზეა საუბარი, იმასაც ხვდებით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვა საქართველომდე ეს ვირუსი – გაერთიანდით, ვერანაირი ფული ვერ უშველის ჩვენს ოჯახებს, თუ ვირუსმა საქართველოში შემოაღწია. გაერთიანდით, შექმენით ერთი კლინიკა, მოაწყვეთ, შეიძინეთ აპარატურა – მოემზადეთ და ჩვენ, სასწრაფო დახმარების ექიმებიც ჩვენს წილ ფიცზე და მოვალეობაზე უარს არ ვიტყვით, ვიმუშავებთ, ოღონდ საერთაშორისო ნორმების დაცვით, ვიმუშავებთ იმასთან ერთად, ვინც სამუშაო პირობებს შექმნის და ვიბრძოლებთ ადამიანთა გადასარჩენად და არა ფორმალურად, როგორც ახლა ვდგავართ აეროპორტებში თერმომეტრით ხელში უაზროდ.

27 იანვარი, “ალია” :

იმის მაგივრად, რომ პრობლემის გამოსწორებაზე ეფიქრათ, დაიწყეს იმის ძებნა, ვინ მისცა “ალიას” ინტერვიუ, რომელმა ექიმმა. არ ვარ მარტო, ჩემსავით ბევრი ფიქრობს და რას გვიზამენ, რამდენს გაგვიშვებენ სამსახურიდან?

რა გამოსწორდა გუშინდელი ინტერვიუს მერე? – პირბადეები დაარიგეს, ოღონდ თვლით და ოქმებით, რაოდენობას უთვლიან – დაესვარა, გაუფუჭდა – არ არის მიზეზი. პირბადეების რაოდენობას გვითვლიან!

ვნახე ამირან გამყრელიძის პასუხი, “ალიაში” ინტერვიუს მერე იმაზე ალაპარაკდა, რომ საჭიროა თურმე უსაფრთხო ტანსაცმელი, ტანსაცმელი, რომელიც აქამდე არც ერთხელ არ უხსენებია – ოღონდ ჯერ ადრეაო, ჯერ შემოვიდეს ვირუსი, ჯერ გადაივსოს ისედაც გადავსებული საავადმყოფოები და ჯერ დაიხოცოს ხალხი! მერე გამოიტანენ უსაფრთხო ტანსაცმელს.

კორონავირუსის დამარცხებისთვის საჭიროა ძლიერი იმუნური სისტემა – რამდენი ქართველი იკვებება სრულყოფილად? რამდენ ქართველს აქვს ძლიერი იმუნური სისტემა?

არც ხალხია დაცული და არც ექიმები!

გამოსავალი?

ექიმთა აღჭურვა, კლინიკის გამზადება, მაქსიმალური ზრუნვა, რომ გრიპის ეპიდემია არ გვქონდეს – ეს მაინც არ გვქონდეს დამატებული, გრიპის ვაქცინა და მედიკამენტი უფასოდ.

თუმცა, იმის შემდეგ, რაც პრობლემის აღმოფხვრა კი არ დაიწყეს, არამედ იმის ძებნა დაიწყეს, ვინ გაბედა ინტერვიუს გაცემა – დარწმუნებულნი ვართ – ჯანდაცვის სამინისტრო არ აპირებს სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ კერძო კლინიკებს – არა აქვს მნიშვნელობა პროფილს და სპეციალობას – გაერთიანდით და გაუკეთეთ ორგანიზება ერთ ან რამდენიმე კლინიკას, აღჭურვილს საჭირო მოწყობილობებით – მერე გვიანი იქნება, საქართველოში როგორც კი შემოაღწევს ვირუსი – შეუქცევადი პროცესები დაიწყება – პირდაპირ ქუჩებში მოგვიწევს მერე ლაზარეთების გახსნა – ახლაც ვერ ვატევთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს საავადმყოფოებში“

26 იანვარის შემდეგ უკვე 9 თვე გადის, როგორ სწორად დაუნახავთ ექიმებს 9 თვის წინ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ აპირებს სწორი ნაბიჯების გადადგმას, მეტიც, საერთოდ არ აპირებს ნაბიჯების გადადგმას, მხოლოდ სასტუმროებს დაახარჯა სახელმწიფომ ფული და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს, მართალია ამბობენ, წინასაარჩევნოდ, უბრალოდ დაემთხვაო, მაგრამ ხომ გვაქვს უფლება, დამთხვევების არ გვჯეროდეს?

რამდენიმე დღის წინ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გაავრცელა უცხოური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის ვაქცინა, იოლ ფორმებში გადაიტანეს კორონავირუსი. არ იცოდა ეს ჯანდაცვის მინისტრმა? – ცუდია. იცოდა და მაინც, გამიზნულად შემოიტანა მხოლოდ 135 000 ვაქცინა? – უარესი! (100 ათასი ვაქცინა შემოიტანეს ასევე კერძო კლინიკებმა და ვაქცინის რიცხვი 235 ათასამდე გაიზარდა, მაგრამ ეს ციფრიც კი, ვერ ეყოფა თუნდაც მხოლოდ რისკ ჯგუფს)

ოქტომბერში, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მალე ქვეყანაში შემოიტანენ მედიკამენტს კორონავირუსთან სამკურნალოდ – რემდესივირს. კარგია, რომ შემოიტანენ, კარგია, 109 ადამიანია უკვე გარდაცვლილი და კი არის დრო, ცუდი ის არის, რომ ჯერ კიდევ 7 თვის წინ, 9 მარტს, “ალიასთან” საუბარში თქვა, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ, რომ “რემდესივირი” ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.”

30 აპრილს, თენგიზ ცერცვაძის სიტყვები გაიმეორა ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა ფაუჩმა, იგივე დღეს, ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მკურნალობენ რემდესივირით, ასე უპასუხა – “არ გვაქვს და როგორ?” და იგივე 30 აპრილს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა – “რემდესივირი” შეკვეთილი გვაქვს! იყო თუ არა მართლა შეკვეთილი, არავინ იცის, ახლა იმასაც გვეტყვიან, რომ სხვა ქვეყნებმა დაასწრეს ყიდვა, დაასწრებდნენ, აბა, რა, თენგიზ ცერცვაძემ 9 მარტს ისაუბრა მედიკამენტზე და ამათ 30 აპრილს მოიკითხეს და…

ჯერ კიდევ არ არის გვიანი და ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორება, როგორც ექიმები ახლა გვიყვებიან, ამისათვის ოჯახის ექიმები მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადამზადდენ, რომ აი, იმ პედაგოგივით სახლში დარჩენილ პაციენტებს მიხედოს, კლინიკები უნდა მოეწყოს და უნდა გამოცხადდეს ექიმების მობილიზება, რომელიც ახლაც კი არ გამოცხადებულა, სულ რომ ათმაგი გადაიხადონ, გრიპის ვაქცინა უნდა შემოიტანონ და ყველა მონაცემი გაასაჯაროონ, რომ ჯანდაცვის ექსპერტებს სწორი შეფასების გაკეთება და რჩევების მოცემა შეეძლოთ.

საზღვრები იმიტომ არ ჩავკეტეთ, რომ ეს მდგომარეობა მიგვეღო? აწიეთ, ბატონებო და ქალბატონებო ერთი ადგილი და თუ კლინიკებში ვეღარ გადაგყავთ ხალხო, მართლა ლაზარეთები მოაწყვეთ, იმიტომ რომ, მიიყვანეთ უკვე საქმე აქამდე. მოაწყვეთ ლაზარეთები, ოღონდ არა ქუჩაში და ფილტვის ანთებიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხი, სასტუმროს ნომრებში არ დატოვოთ მარტო, ექიმისგან უყურადღებოდ!

თამო კეშელავა, ალია

კომენტარები ფეისბუქიდან