პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დარჩენა და ოპოზციასთან მისი შეხვედრა არაფერს შეცვლის. ეს განცხადება პოლიტოლოგმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.
სოსო ცინცაძე: ვიცით, რომ პომპეომ თავისი თანაშემწე დატოვა საქართველოში ოპოზიციასთან შესახვედრად, მაგრამ მერე რა?
_ ეს შეხვედრაც არაფერს არ ნიშნავს?
_ არაფერს არ შეცვლის. იმიტომ, რომ პომპეოს რაც შეიძლება გაეკეთებინა საქართველოში და რა კურსიც აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებით, ეს უკვე იცის ამერიკის ელჩმა დეგნანმა და ის ამას ისედაც აკეთებს. უბრალოდ, ეს შეხვედრა არის ჩვენი პოლიტიკოსების დასამშვიდებლად, რადგან ულამაზოდ გამოდიოდა. თანაც იან კელი [ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში] არ არის ხელწამოსაკრავი დიპლომატი, რომელმაც უსაყვედურა თავის განცხადებაში – რატომ არ ხვდებით ოპოზიციასო. ამიტომ, პომპეომ ბოლო წუთებში მიიღო ეს გადაწყვეტილება. თვითონ ისრაელში ეჩქარებოდა და დატოვა მოადგილე, რომ შეხვდი და დაელაპარაკეო. კი ბატონო, დაელაპარაკება, მაგრამ ამის გამო უკვე ხვალ გამოვლენ „ოცნების“ ლიდერები და იტყვიან, რომ მორჩა დაინიშნა ხელახალი არჩევნებიო?! ნეტა ეს მოხდეს და ეს იქნება ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ჩემი შეცდომა გამეხარდება, მაგრამ არ მოხდება ეს. დიპლომატია სულ სხვა სფეროა და ასე არ ხდება.
ნუ დავალთ „ობივაწელის“ დონეზე. ხომ ხედავთ, რომ ინტელექტუალური დონე საქართველოში დღითიდღე დაბლა ეცემა. პარლამენტში წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი მოდის უკვე, ორი წიგნი რომ არ აქვთ წაკითხული, ისეთი ხალხი მოდის და საზოგადოება მაინც დარჩეს რაღაც დონეზე… ელემენტარულად რეალური პოლიტიკა გავმიჯნოთ მოჩვენებითისაგან.
ღმერთმა ქნას, რომ მე შევცდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდება და მე თმა არ ამომივა თავზე.
ipress.ge