პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომით რამდენიმე კურდღელი მოინადირა: პირველი – შეარყია დასავლეთისკენ ცალი თვალით მზირალი ფაშინიანის ხელისუფლება, რომელიც დღე-დღეზე შეიძლება იმავე ხალხმა დაამხოს, ვინც ორი წლის წინ ხელისუფლებაში მოიყვანა; მეორე – აზერბაიჯანი დავალებულად გაიხადა, რადგან რუსეთმა ომის დასაწყისში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ბაქოს დასავლეთისკენ და მით უმეტეს, ნატოსკენ გასახედი აღარ დაუტოვა.

ვინ რა მოიგო და წააგო ყარაბაღის მესამე ომში 

თვენახევრიანი ომის შემდეგ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო 7 რაიონში საბრძოლო მოქმედება მყისიერად შეჩერდა, რაც სამმხრივ ხელშეკრულებაზე პუტინის,­ ალიევისა და ფაშინიანის ხელმოწერის შედეგია.

ხელშეკრულების ცხრაპუნქტიანი დოკუმენტი ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას, გაუთავისუფლებელი 4 რაიონისა და ქალაქ შუშის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, ლაჩინის დერეფანსა და უშუალოდ მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი სამხედროს შეყვანასა და აზერბაიჯან-ნახჭევანის გზის გახსნას.

მოგება და წაგება სომხეთისთვის

ნოემბერს შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედების გამო სომხეთმა დიდი მოგება ნახა იმით, რომ სომხეთის არმია მთლიანად არ განადგურდა და ომი უფრო სამარცხვინო წაგებით არ დასრულდა.

ქალაქ შუშის აღების შემდეგ, აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილური ჯგუფები უკვე ორიოდე კილომეტრში იყვნენ ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან და მისი აღება, ისევე როგორც

მთლიანი ყარაბაღის გათავისუფლება,­ აზერბაიჯანის არმიისთვის მხოლოდ დროის ფაქტორი გახლდათ, რადგან მუდმივი წაგებითა და უკან დახევით დემორალიზებულ სომხურ არმიას და მოხალისეებს საბრძოლო სულისკვეთება დაკარგული ჰქონდათ და მასობრივი დეზერტირობაც დაწყებული იყო. გამოდის, სამმხრივმა ხელშეკრულებამ, კერძოდ კი პუტინმა, სულზე მიუსწრო და სომხები კატასტროფულ მარცხს გადაარჩინა.

წაგებით კი სომხეთმა ბევრი რამ წააგო, უპირველესად კი ის ამბიციები და თავდაჯერება, რომ მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო დაპყრობილი 7 რაიონი, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მთიანი ყარაბაღის ყოფილ ოლქში, მისი საკუთრება სამუდამოდ გახდებოდა და “ძლევამოსილ” სომხურ არმიას “ბაქომდეც კი შეეძლო ბრძოლით ჩასვლა”.

“დიადი სომხეთის” შექმნის ფანტაზიით შეპყრობილი ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსი და არცთუ მცირერიცხოვანი ხალხის მასა ყარაბაღის მესამე ომში სამარცხვინოდ დამარცხებამ, წესით, უნდა გამოაფხიზლოს, მანამდე კი ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებს ყარაბაღიდან და სხვა ოკუპირებული რაიონებიდან ლტოლვილი სომხების მიღება მოუწევთ, რაც სომხეთის, როგორც სახელმწიფოს უახლოეს მომავალს პოლიტიკურად და სოციალურად ძალზე გაართულებს.

მოგება და წაგება აზერბაიჯანისთვის

აზერბაიჯანმა აისრულა სამი ათეული წლის ოცნება და თითქმის აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა – ანუ ჩამოიწმინდა ყარაბაღის პირველ ომში სასტიკი დამარცხების სირცხვილი.

აქამდე ოკუპირებული 7 რაიონისა და მთიანი ყარაბაღის ნაწილის, განსაკუთრებით კი ქალაქ შუშის დაბრუნებით, პრეზიდენტმა ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობის თვალში ავტორიტეტი წარმოუდგენლად აიმაღლა და პოლიტიკური დღეგრძელობა სიცოცხლის ბოლომდე გაინაღდა. თუმცა აზერბაიჯანს სრულ გამარჯვებამდე სულ ცოტა მაინც დააკლდა, რადგან მთიანი ყარაბაღის ნაწილს და სტეფანაკერტს ჯერ ვერ გააკონტროლებს იქ რუსი სამხედროების ჩადგომის გამო.

მოგება და წაგება თურქეთისთვის

თურქეთმა ყარაბაღის მესამე ომის დაწყების პირველი წუთებიდანვე სრული პოლიტიკური თანადგომა გამოუცხადა ბაქოს, თუმცა ეს ომი, ეტყობა, არც დაიწყებოდა, მანამდე თურქეთის გენერალიტეტს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად რომ არ მოემზადებინა საბრძოლო ოპერაციების ჩატარების ოპერატიული გეგმა და არ გადაეცა თანამედროვე სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავები, რომელთაც დისტანციურად თურქი ოპერატორები მართავდნენ, რადგან აზერბაიჯანელებს ამისთვის მოსამზადებელი დრო არ ჰქონდათ.

თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის თანამოძმე აზერბაიჯანის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე – ამით ოფიციალურმა ანკარამ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს დაანახა თურქეთის ძალა და სულისკვეთება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ შესრულებაში.

მაგრამ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად შეიძლება იქცეს ზემოხსენებულ სამმხრივ ხელშეკრულებაში მეცხრე, ბოლო პუნქტად ჩაწერილი შეთანხმება – რუსეთის დაცვის ქვეშ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიის გავლით გზას ხსნის ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რომელსაც, თავის მხრივ, საზღვრის მცირე მონაკვეთი აქვს თურქეთთან – ანუ თურქეთს ეძლევა საშუალება უმოკლესი სახმელეთო გზით დაუკავშირდეს აზერბაიჯანს და პოზიცია განიმტკიცოს კასპიის ზღვის იმ რეგიონში, სადაც თურქულენოვანი შუა აზიის ქვეყნები მდებარეობენ.

მოგება და წაგება რუსეთისთვის

პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომით რამდენიმე კურდღელი მოინადირა:
პირველი – შეარყია დასავლეთისკენ ცალი თვალით მზირალი ფაშინიანის ხელისუფლება, რომელიც დღე-დღეზე შეიძლება იმავე ხალხმა დაამხოს, ვინც ორი წლის წინ ხელისუფლებაში მოიყვანა;

მეორე – აზერბაიჯანი დავალებულად გაიხადა, რადგან რუსეთმა ომის დასაწყისში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ბაქოს დასავლეთისკენ და მით უმეტეს, ნატოსკენ გასახედი აღარ დაუტოვა.

მესამე – პოსტსაბჭოთა შეიარაღებული კონფლიქტების ზონებისგან განსხვავებით (ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი), მხოლოდ მთიან ყარაბაღში არ ჰყავდა კრემლს განთავსებული ე.წ. სამშვიდობო ძალები და ეს საწადელიც აისრულა, რაც რუსეთის მორიგ სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც შეეხება წაგებას – შეიძლება ეს რუსეთისთვის მთლად წამგებიანიც არ იყოს, მაგრამ მაინც – თურქეთმა გაიძლიერა პოზიცია სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს თურქული სამხედრო ბაზების გახსნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მოგება და წაგება საქართველოსთვის

საქართველოსთვის უთუოდ მოგებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩვენს ორ მეზობელს შორის მიმდინარე ფართომასშტაბიანმა ომმა არ გამოიწვია საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისა და სომხების შეიარაღებული დაპირისპირება და ტერორისტული აქტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რისი საფრთხეც რეალურად არსებობდა. ამასთან, მშვიდობის დასადგურება კვლავ წინა პლანზე წამოსწევს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი სომხეთისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთი-ნახჭევანი-აზერბაიჯანის სახმელეთო და შეიძლება საჰაერო გზის ამოქმედებაც საქართველოს ეკონომიკას პერსპექტივაში დანაკლისს მოუტანს. გარდა ამისა, ყარაბაღიდან წამოსული სომეხი მოსახლეობის ნაწილის ჩასახლება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, არაფრით არ უნდა შედიოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში.

რამდენად შეესაბამება აზერბაიჯანის სიტუაცია საქართველოსას

ყარაბაღის მესამე ომმა დაგვანახა, რომ ომით დაკარგულის ომით დაბრუნება თურმე შესაძლებელი ყოფილა, რაც ძალზე აქტუალურია იმ საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი დღესაც ოკუპირებულია. მაგრამ რამდენად შეესაბამება აზერბაიჯანის სიტუაცია საქართველოსას? რაღაცით ჰგავს, რადგან აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც ელცინის მთავრობამ ჩამოაჭრა ტერიტორიები გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, მაგრამ ამის შემდეგ დიდი განსხვავებები იწყება:
აგვისტოს ომის დროს საქართველოს რუსეთთან მოუწია ომმა, ხოლო ამ ომის შედეგით ჭკუანასწავლმა ალიევმა “საქმის მოკვარახჭინება” სწორედ პუტინთან სცადა და მიზანსაც მიაღწია – პუტინს­ “მწვანე” რომ არ აენთო ალიევისთვის და თვე-ნახევრის განმავლობაში დუმილი არ აერჩია, აზერბაიჯანი ვერაფერს გახდებოდა – ანუ ელცინის “ნაჩუქარი” ყარაბაღი პუტინმა სომხებს ნაწილობრივ წაართვა და აზერბაიჯანს დაუბრუნა – სამხრეთ კავკასიაში მთავარ პარტნიორად მდიდარი აზერბაიჯანის გაჩენა პრაგმატულ პუტინს უფრო აწყობს, ვიდრე ღარიბი და მუდმივად რუსეთის ხელებში შემყურე სომხეთის.

ფაქტობრივად, პრეზიდენტმა პუტინმა სომხებს იგივე გაუკეთა, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს მეფის რუსეთმა, როცა რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ მის გვერდით მებრძოლი სომხები ოსმალებს შეატოვა ხელში. ოღონდ ახლა იმ მთიანი ყარაბაღის ნაწილში, სადაც ჯერ კიდევ დარჩა სომეხი მოსახლეობა, უსაფრთხოების გარანტიის მიზეზით ჩააყენა რუსული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ოფიციალური ბაქოსთვის მომავალში შეიძლება იმ “ტროას ცხენად” იქცეს, რაც საქართველომ თავის თავზე გამოცადა ცხინვალსა და აფხაზეთში შემოყვანილი რუსი “ცისფერჩაფხუტიანებისგან”.
kvirispalitra