ვინ დარჩა მოგებული და წაგებული ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებით

„მეტ-ნაკლებად ყველამ თავისი პოზიციები შეინარჩუნა. ამ ომში ძირითადად მოგებული რუსეთი და თურქეთი დარჩნენ. თავიანთი პოზიციები კავკასიის რეგიონში გააძლიერეს”, – ასე აფასებს „რეზონანსთან” საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას.

„რუსეთი და თურქეთი უკვე გახდნენ რეგიონული ჰეგემონები. მანამდე ეს ახლო აღმოსავლეთში გააკეთეს – სირიის ომი შედეგად. ხოლო ახლა მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად რუსეთ-თურქეთი კავკასიის რეგიონული ჰეგემონი გახდა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი.

„აზერბაიჯანი პრინციპში მოგებულია. ახლა სერიოზული ანალიზი დაიწყება. სავარაუდოდ ბოლომდე არ მიაყვანინეს აზერბაიჯანს მოგებული მდგომარეობა. მას შეეძლო მთიანი ყარაბაღი სულ აეღო და ტერიორიული მთლიანობის საკითხი სამუდამოდ ამით დაესრულებინა.

„ფაქტიურად, სომხეთმა მოიგო ის, რომ ლაჩინის კორიდორი შეინარჩუნა. ასევე მთიანი ყარაბაღის 70%-ზე შეინარჩნა კონტროლი. ეს კონტროლი მისი სტრატეგიული მოკავშირის რუსეთის სამხედრო კონტიგენტის მეშვეობით განხორციელდება. საკმაოდ სერიოზულია. ჩემი აზრით, ეს სომხებისათვის ბევრად მომგებიანია.

„დღევანდელი რეგიონალური უსაფრთხოების მოდელი, რომელიც ჩამოყალიბდა მოიცავს ფორმულას 2+2=4. 2 არის აზერბაიჯანი-სომხეთი, პლუს 2 თურქეთი და რუსეთი. აქ ამოვარდა – ირანის რესპუბლიკა, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები.

„იმან, რომ საქართველომ რუსეთის სამხედრო ტრანზიტი ყოველგვარი პირობების გარეშე გაატარა, კიდევ უფრო დააქვეითა ჩვენი გეოპოლიტიკური სტატუსი. აქ უკვე ლიბანიზაციის ტენდენცია იგრძნობა. როგორც უნდა ისე შემოჯლიგინდება და ისე გადაჯლიგინდება.

„ვიცი, რომ ძალა აღამართს ხნავს და საქართველო ახლა ვერ მოერეოდა. აქ შეიძლებოდა მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ ომის პერიოდში რუსული სამხედრო თვითმფრინავები გავაბრუნეთ. არ მივეცით რუსეთს საშუალება გაეტარებინა. მაშინაც რუსეთს შეეძლო სამხედრო ძალა გამოეყენებინა.

„ბოლოს ჩვენ ყველანაირი წინაპირობების გარეშე რუსეთი გავატარეთ. სამართლებრივად ამის პოლიტიკური საფუძველი არ არსებობდა. საჰაერო სივრცეზე განხორციელებულ იყო სამხედრო ტრანზიტი. რუსებმა საბრძოლო შენაერთები გადაისროლეს საქართველოს ტერიტორიის გავლით”.
rezonansi