მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ.

ამიტომაც დანიშნეს, – მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, – ვერც მოუჭრიდნენ!

ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!

კოვიდ-პანდემიის პირობებში კი ამ სისტემამ დრო იხელთა და შურისძიების მექანიზმი აამოქმედა: ცდილობს საკუთარი ძლევამოსილება უჩვენოს ხელისუფლებას და სამიზნედ მინისტრი ტიკარაძე გაიხადეს!

საზოგადოებასაც არწმუნებენ: პრობლემები იმიტომ გვაქვს, რომ ტიკარაძე ვერ მართავსო!

ხალხის ნაწილიც იჯერებს და მას ადანაშაულებს!

ეს კარგად გათვლილი სქემაა, მაგრამ ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ სახელმწიფო შანტაჟს არავის პატიობს!

არც აპატიებს, რადგან ამ შემთხვევაში მათ ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენეს!

არც აპატიებს, რადგან ეს უბრალოდ შანტაჟი არ არის, საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება!

რაც შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ:

ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?

შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა?

შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება?

და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია?

უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

დიახ, არავის!

არ არსებობს ასეთი ადამიანი!

ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს!

მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს!”
alia.ge