თუ საქართველოში ის განმეორდა, რაც გაზაფხულზე იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში იყო, ქვეყანა და მისი ეკონომიკა თავისით ჩაიკეტება.

მთავრობა ამ ეტეპისთვის დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, მაგრამ ქვეყანა შესაძალოა, ბუნებრივი „ლოქდაუნის“ წინაშე აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს. თუ საქართველოში ის განმეორდა, რაც გაზაფხულზე იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში იყო, ქვეყანა და მისი ეკონომიკა თავისით ჩაიკეტება.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო უკვე ბევრი კომპანია დაიხურა და უამრავი ბიზნესი გაჩერდა. მართალია, მთავრობა უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ ფიქრობს, მაგრამ რთულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ შესაძალოა, ბუნებრივი კოლაფსი წარმოშვას. 

ინფიცირების ნახტომისებური ზრდის შემდეგ ქვეყანაში ბევრი კომპანია გაჩერდა, ნაწილმა კი თანამშრომელთა შემცირება დაიწყო, რამაც სამსახურიდან გაშვებული მუშახელისთვის დამატებითი ეკონომიკური პრობლემები წარმოშვა. ასეთ ადამიანთა რაოდენობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავია. 

სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა იმ ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელთა ნაწილი, სადაც მუშახელის გაშვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომსახურება შეუმცირდათ და კვების ობიექტზე კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. 

„ჩვენი რესტორნიდან ძირითადად პენსიონერები გაუშვეს, ზოგს სამუშაო დღეები შეუმცირეს, ზოგიც საერთოდ გაათავისუფლეს. თანამშრომელთა რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა და დარჩენილ ხალხს ორმაგი მუშაობა გვიწევს. ისინი, ვინც გაშვებას გადავრჩით, ვცდილობთ, როგორმე ახალი სამუშაო მოვძებნოთ, რადგან გვეშინია, რომ მალე ჩვენც გაგვიშვებენ”, – ამბობს ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი „რეზონანსთან“. მის ვინაობასა და სამუშაო ადგილის სახელწოდებას, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ. 

„ლოქდაუნი“ შესაძლოა, მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გარეშეც წარმოიშვას. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და აცხადებს, რომ ბიზნესის უმეტესობას შეზღუდვების გარეშეც დიდი პრობლემები აქვს. 

„ძალიან რთული იქნება იმაზე სუბარი, რომ ეს წელი დიდი დანაკარგის გარეშე არ დასრულდეს. ეს კრიზისი და დარტყმა რომ შემცირდეს, განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფო ბიუჯეტს, მის გონივრულ ხარჯვას. 

კერძო სუბიექტების, ანუ ეკონომიკური აქტორების მუშაობა ამ პერიოდში არის შეზღუდული. ასეთ სიტუაციაში ბევრ ბიზნესს, შეზღუდვების დაწესების გარეშეც, უამარავი პრობლემა აქვს. იგივეა ტურიზმის სექტორშიც, რომელსაც საერთოდ გაუნულდა შემოსავალი. დანარჩენი კომპანიების უმეტესობას სერიოზულად დააკლდა შემოსავლები. გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისია,  ადამიანების შემოსავალიც შემცირდა. ამ პირობებში, ერთადერთი, ვისაც აქვს ხარჯვაზე გზა ხსნილი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი პროგრამები. ათმაგად უფრო მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი და მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა, ვიდრე სხვა წლებში იყო. 

ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო კრიზისიდან იმ ხალხმა გამოიყვანოს, ვინც ამ კრიზისში შეიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს არ ვგულისხმობ, კონკრეტულ ადამიანებზე მაქვს საუბარი. როცა კარგი დრო იყო, ეროვნული ბანკი მაშინ ვერ ახერხებდა ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ახლა ვინმეს აქვს იმის მოლოდინი, რომ სებ-ის ხელმძღვანელობა წელს ან გაისად ლარის სტაბილიზაციას უზრუნელყოფს? არა, რა თქმა უნდა! შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ ადამიანთა შეცვლა. ნათია თურნავა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, განსაკუთრებით იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელსაც ის აწარმოებს”, – განუცხადა „რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა. 

ასეთ რთულ ვითარებაში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ეპიდემიოლოგიური ვითარება კი – მძიმე, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების გარეშეც მოხდება ბუნებრივი „ლოქდაუნი“. სწორედ ამის შესახებ საუბრობს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. დღეს არც კი არსებობს შანსი იმისა, რომ ეკონომკა არ დაზარალდეს, იმის მიუხედავად, შეზღუდვები დაწესებული იქნება თუ არა.

„იმის შანსი, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს, ცხადია, არ არსებობს. ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა შეზღუდვები. გლობალური პანდემიის პირობებში ეკონომიკის იოლად გადარჩენის ვარიანტი არ არსებობს. ახლა საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ბიზნესი. შეზღუდვები, რომლებსაც მთავრობა გაატარებს ან არ გაატარებს, უნდა იყოს რაციონალური. მაქსიმალურად უნდა იფიქრონ პრობლემებზე. ნებისმიერ ეპიდემიოლოგიურ ქმედებას უნდა ჰქონდეს ახსნა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყოველივე ეკონომიკაზე”, – განუცხადა „რეზონანსს” სოსო ბერიკაშვილმა.
rezonansi